კინოხელოვნება

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი ფილმით “ქინ ძა-ძა” დღეს გაიხსნება

15 სექტემბერი, 2013 • 2711
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი ფილმით “ქინ ძა-ძა” დღეს გაიხსნება

მხატვრული ანიმაციური ფილმი, რომელიც არასაკონკურსო ფილმების სექციაშია წამოდგენილი, გიორგი დანელიას 1986 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების ორსერიანი მხატვრული ფილმის რიმეიქია, რომელიც 2013 წელს შეიქმნა. ფილმის ჩვენება 20:30 საათზე დაიწყება. 

 

“ქინ ძა-ძა”-ს ორიგინალური ვერსიის სცენარი გიორგი დანელიამ და რეზო გაბრიაძემ დაწერეს და საბჭოთა კინოსტუდია მოსფილმმა გადაიღო. 

 

ფილმში “ქინ ძა-ძა” მოქმედება 1980-იანი წლების მოსკოვის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, კალინინის გამზირზე ვითარდება, სადაც დი-ჯეი ტოლიკი და მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსი ვლადიმერ ჩიჟოვი ფეხშიშველ მამაკაცს ხვდებიან.

 

ისინი ცდილობენ დახმარება გაუწიონ კაცს, რომელიც უცხოპლანეტელია, მაგრამ უეცრად ჩნდებიან პლანეტა პლუკზე, “ქინ-ძა-ძას” გალაქტიკაში. პლუკის მოსახლეობა ორ კატეგორიად იყოფა – ჩატლანებად და პაცაკებად. ჩატლანები დიდგვაროვნები არიან, პაცაკები- უბრალო ადამიანები. 

 

მთავარი პერსონაჟები ცდილობენ დედამიწაზე დაბრუნების გზები იპოვონ.

 

 

გიორგი დანელია 1930 წლის 25 აგვისტოს ქალაქ თბილისში დაიბადა. 1939 წლიდან მისი ოჯახი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც გიორგის მამა მოსკოვის მეტროს სისტემების მთავარ ინჟინრად მუშაობდა.  დედა – კარგი მოჭადრაკე იყო, მოგვიანებით “მოსფილმის” მეორე გაერთიანების რეჟისორად დაიწყო მუშაობა. 

 

გიორგი დანელიას დეიდა, ცნობილი ქართველი მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე გახლდათ, ხოლო ბიძა – დიდი ქართველი რეჟისორი, სტალინის ახლო მეგობარი – მიხეილ ჭიაურელი. რეჟისორი თავდაპირველად მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში სწავლობდა და ერთი პერიოდი არქიტექტორადაც მუშაობდა. მოგვიანებით “მოსფილმის” უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე ჩააბარა. 

 

1959 წელს მიხეილ რომის ხელმძღვანელობით დაამთავრა აღნიშნული კურსი და მოსკოვის “მოსფილმის” სტუდიაში კინორეჟისორად დაიწყო მუშაობა. გიორგი დანელია ცნობილია თავისი “ნაღვლიანი კომედიებით”, როგორც თავად უწოდებს საკუთარ შემოქმედებას.

 

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი 2006 წელს დაარსდა. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების ინტერესის საგანი საავტორო კინოს წარმოჩენაა. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ვორქშოფების მიზანი კინემატოგრაფებისთვის პროფესიული უნარ-ჩვეების განვითარების ხელძეწყობაა. ღონისძიება 22 სექტემბრამდე გაგრძელდება.

 

ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 44 ფილმი მონაწილეობს, რომლებიც მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში არიან წარდგენილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი