საქართველოს რეგიონებში კინოკლუბები დაარსდება

12-13 სექტემბერს ქუთაისში ტრეინინგი გაიმართება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც მუნიციპალიტეტებში ასამუშავებელი 15 კინოკლუბის ფუნქციონირება უნდა შეძლონ. 

ორგანიზაცია ”კინოკლუბი” რეგიონებში ალტერნატიული კინოსივრცის შექმნის მიზნით პროექტს, სახელწოდებით „დავუბრუნოთ კინოს მაყურებელი,” ახორციელებს. ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს 15 მუნიციპალიტეტში რეგიონული კინოკლუბები დაარსდება. 

 

თეა გაბიძაშვილის, კინომცოდნისა და პროექტის ხელმძღვანლის თქმით, 5 კინოკლუბი მარტვილში, ფოთში თელავში გორსა და ხულოში უკვე დაარსდა. დანარჩენი 15 კინოკლუბის შენობების გაახლება და აპარატურის შეძენა მიმდინარეობს. 

 

პროექტის ფარგლებში, 12-13 სექტემბერს ქუთაისში გაიმართება ტრეინინგი რეგიონების მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურების თანამშრომლებისა და კულტურის სექტორის წარმომადგენლებისთვის. თეა გაბიძაშვილის თქმით, ეს ის ადამიანები არიან, ვინც კინოკლუბების მართვა უნდა შეძლონ.

 

ორგანიზატორების განცხადებით, მონაწილეები გაეცნობიან მუნიციპალური კინოს პოლიტიკის და კულტურის ობიექტის მარკეტინგის არსს, ასევე შეიძენენ შესაბამის უნარებს, რომ შეძლონ მოდერატორის ფუნქციის შესრულება ფილმების ჩვენებებისა და სხვადასხვა კინოღონისძიებების გასამართად.  

 

“დისკუსიები ექნება, ეს იქნება ინტერაქტიული პროცესი. მაყურებელი არ არის მხოლოდ მაყურებელი. არამედ იქნება დისკუსიის მონაწილე,”- განაცხადა თეა გაბიძაშვილმა. 

 

“პროექტის საშუალებით კინომოყვარულებს მიეცემათ შესაძლებლობა  თვითრეალიზაციის და ახალი კლუბური მოძრაობის დაარსების, რომელიც დღეს მსოფლიოში აქტუალურია(ინგლისში-3000, შვეიცარიაში-170, გერმანიაში-950, ხორვატიაში-162, კატალონიაში-45, ჩილე-15, ბრაზილია-10 000, ახალი ზელანდია-2000, ტუნისი-16 და ა.შ.),”- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიხეილ მეფარიშვილი