კინოხელოვნება

“მამაო, დაგვლოცე”- უსიტყვო მზერა თანაარსებობისთვის

11 სექტემბერი, 2013 • 1881
“მამაო, დაგვლოცე”- უსიტყვო მზერა თანაარსებობისთვის

ჟენევის ხელოვნებისა და დიზაინის მესამე კურსის სტუდენტის, ელენე ნავერიანის საკურსო ფილმი, რომელიც მეორე კურსის დახურვისთვის გადაიღო, ორი შეყვარებული ქალის ისტორიას ეხება.

მამაო დაგვლოცე ჩვენება ლიტერატურის მუზეუმში
მამაო დაგვლოცე ჩვენება ლიტერატურის მუზეუმში

ფილმს მხოლოდ ორი პერსონაჟი ყავს -ორი გოგონა, ერთი მათგანი მორწმუნე თეთრკანიანია, ხოლო მეორე, არამორწმუნე შავკანიანი. მათ ერთმანეთი უყვართ. ელენეს თქმით, მის ფილმში ასახულია სამი პრობლემა: სექსუალურ, ეთნიკურ და რელიგიურ კუთვნილებებს შორის დაპირისპირება.

 

ელენე ნავერიანის თქმით, ფილმი ქართულ საზოგადოებაზე ფოკუსირებული არ არის და მასში ასახული პრობლემები ყველა სოციუმს აწუხებს.

 

“თუმცა ეს არ არის იგივე სახით წარმოჩენილი, როგორც საქართველოშია,”- თქვა ელენე ნავერიანმა ფილმის ჩვენების შემდეგ გამართულ დისკუსიაზე და დაამატა, რომ საქართველოში რელიგიური ფაქტორი უფრო ძლიერია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში.

 

ფილმში, რომლის გადაღებები ბერლინში მიმდინარეობდა, არაპროფესიონალი მსახიობები მონაწილეობენ. რეჟისორმა უარი თქვა ტექსტზე, პერსონაჟები უსიტყვოდ ცდილობენ ერთმანეთთან ურთიერთობის დამყარებას. 

 

განსხვავებული შეხედულებების მქონე შეყვარებულებს შორის ურთიერთობა ეკლესიაში ვითარდება, სადაც ერთი ცდილობს მისთვის უცნობ, მაგრამ მეორე ნახევრისთვის ნაცნობ სამყაროში შეღწევას. დაპირისპირება კონსენსუსით მთავრდება მაშინ, როცა ერთი შეყვარებული მის მეორე ნახევარს საკუთარი სამყაროს კარს უღებს და რიტუალების საიდუმლოებაში შეყავს.

 

ბოლო სცენა შორი კადრით მთავრდება, როცა შეყვარებული წყვილი საკურთხევლის წინ ხელიხელჩაკიდებული დგას და “დალოცვას ითხოვს.”

 

ათწუთიანი ფილმი ელენე ნავერიანმა ქრისტიანული ეკლესიაში გადაიღო, რადგან ეს გარემო მისთვის უფრო ნაცნობია, ვიდრე სხვა რელიგიური დაწესებულებები.

 

თუმცა, რომელი საკულტო დაწესებულება იქნებოდა ფილმში წარმოჩენილი, არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ეკლესიის სახეში პატრიარქალური სამყაროა მოაზრებული, ამბობს რეჟისორი.

 

მამაო დაგვლოცე ჩვენება ლიტერატურის მუზეუმში
მამაო დაგვლოცე ჩვენება ლიტერატურის მუზეუმში

ელენეს თქმით, ფილმის სახელი “მამაო, დაგვლოცე” ირონიულია. მისი აზრით, ყველა ადამიანს, სექსუალური კუთვნილების მიუხედავად, აქვს უფლება, იყოს “დალოცვილი” იმ “მამაოს” მიერ, რომელი ეკლესიისაც სწამს. რეჟისორის თქმით, ფილმს ორონიული სათაური შეურჩია.

 

“სათაური ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე თვითონ მჭირდებოდა ირონია და ცინიზმი. ბოლო კადრით, რომლითაც ვშორდებით მათ, არის განზოგადება და იმ ძალაუფლების დანახვა, რის წინაშეც ეს ორი ადამიანი დგას, პატრიარქატის წინ,”- ამბობს ელენე ნავერიანი.  

მასალების გადაბეჭდვის წესი