კინოხელოვნება

“გრძელი ნათელი დღეები” “ოსკარზე” კანდიდატ ფილმადაა წარდგენილი

4 სექტემბერი, 2013 • 1878
“გრძელი ნათელი დღეები” “ოსკარზე” კანდიდატ ფილმადაა წარდგენილი

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის 17- წევრიან კომისიას კინოთეატრ “ამირანში” ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიაზე წარსადგენად სამი ქართული ფილმიდან, “გრძელი ნათელი დღეები,” “მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს,” და “იბრძოლე,” ერთ-ერთი უნდა შეერჩია. კომისიამ ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი “გრძელი ნათელი დღეები” შეარჩია. 

 

საქართველოდან კანდიდატი ფილმის წარდგენა არ ნიშნავს კინოაკადემიის საკონკურსო პროგრამაში ჩართვას. მხატვრული ფილმი მხოლოდ კანდიდატ ფილმადაა წარდგენილი და კინოაკადემიის ნომინაციაში მოსახვედრად კიდევ ერთი შერჩევა უნდა გაიაროს, განგვიმარტეს კინოცენტრიდან. “გრძელი ნათელი დღეები”, არჩევის შემთხვევაში, “საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის” კატეგორიაში იქნება წარდგენილი. 

 

“საქართველოდან ყოველ წელს ხდება ფილმის წარდგენა კინოაკადემიის დაჯილდოებაზე. ნანა ჯორჯაძის ფილმი იყო ბოლოს მოხვედრილი ნომინაციაში. “გრძელი ნათელი დღეებიც”, იმედია, მოხვდება,”- განგვიცხადეს ეროვნული კინოცენტრიდან.

 

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, კომისიის შემადგენლობაში მერაბ კოკოჩაშვილი, ნანა ჯანელიძე, ზაზა რუსაძე, ლანა ღოღობერიძე, რუსუდან ჭყონია, ქეთი დოლიძე იყვნენ.

 

გრძელი ნათელი დღეები
გრძელი ნათელი დღეები

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად იმართება. კინოაკადემიის 86-ე დაჯილდება 2 მარტს გაიმართება. კინოაკადემიამ საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს კანდიდატი ფილმის შესარჩევად თხოვნით აგვისტოში მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი