ხელოვნება

კულტურის სამინისტრო: იშხანი გადახურვამდეა მიყვანილი

29 აგვისტო, 2013 • 3238
კულტურის სამინისტრო: იშხანი გადახურვამდეა მიყვანილი

29 აგვისტოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პრესკონფერენციაზე კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ განაცხადა, რომ იშხნის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის ქართველი და თურქი სპეცილისტების თანამშრომლობა ახალ ფაზაში შედის.

 

პრესკონფერენციას კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექორი მერაბ ბოჭოიძე და იშხანში მყოფი ქართველი სპეციალისტები- ნიკო ზაზუნიშვილი, ზურაბ ჯიბლაძე და იშხნის მკვლევარი ირინა გივიაშვილი ესწრებოდნენ. 

 

იშხანში ვიზიტით მყოფმა ქართველმა სპეციალისტებმა უკანასკნელ თვეებში ძეგლზე განხორციელებულ სამუშაოებზე თურქულ მხარეს საკუთარი რეკომენდაციები გააცნეს და ერთობლივად იმსჯელეს ტაძრის აღმოსავლეთ მკლავის გადახურვის კონსტრუქციული მოწყობის დაგეგმილ და საკმაოდ რთულ ეტაპზე.

 

იშხანი
იშხანი

“თურქი სპეციალისტები სახელმწიფოთა შორის ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობაზე კვლავ საუბრობენ, თუმცა დოკუმენტის გაფორმებამდე, ძეგლთა დაცვის სფეროში არსებული კოლეგიალობის გათვალისწინებით, მზად არიან მიიღონ და გაითვალისწინონ ქართული მხარის რეკომენდაციები,”- ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში. 

 

კულტურის სამინისტროს განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ტაო-კლარჯეთიდან 28 აგვისტოს, გვიან ღამით დაბრუნდა. მერაბ ბოჭოიძე, ერზურუმის ვილაიეთის ხელმძღვანელებთან ერთად, ადგილზე შეხვდა იშხნის სამონასტრო კომპლექსის საპროექტო ჯგუფის ავტორებს – კომპანია “ამფორა მიმარლიკის” არქიტექტორ-რესტავრატორებს.

 

ქართველი სპეციალისტების იშხანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართვის შესაძლებლობა 12 ივლისს საქართველოს კულტურის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე გახმიანდა. მინისტრის მოადგილის, მარინე მიზანდარის განცხადებით, თურქეთის ელჩი ქართულ მხარეს თურქეთის მთავრობასთან შუამდგომლობას დაპირდა.

 

იშხნის რეაბილიტაცია თურქეთის ხელისუფლებამ 2012 წლის აგვისტოში დაიწყო. ქართულ მხარეს სჭირდება ჩარჩო–დოკუმენტი, რომლის ძალითაც უფრო ეფექტურად შეძლებს აღდგენით სამუშაოებში ჩართვას. კულტურის სამინისტროს განცხადებით, დოკუმენტი პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ხელმოსაწერ დოკუმენტში გათვალისწინებულ განახლებულ რაბათის ციხესთან დაკავშირებულ შენიშვნებს არ ეთანხმება და ხელს არ აწერს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი