კინოხელოვნება

ოთარ იოსელიანს ლოკარნოს “ლეოპარდი” კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა

16 აგვისტო, 2013 • 3184
ოთარ იოსელიანს ლოკარნოს “ლეოპარდი” კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა

“Pardo alla carriera” საფრანგეთში მოღვაწე ქართველ რეჟისორს “კინემატოგრაფში შეტანილი განუმეორებელი წვლილისთვის” ძირითადად მისი ოთხი ფილმის გამო, “იყო შაშვი მაგალობელი”, “პასტორალი”, “ყაჩაღები თავი II” და “შანტრაპა” გადასცეს, წერია ლოკარნოს კინოფესტივალის განცხადებაში. 

 

კარლო შატრიანმა, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ “ოთარ იოსელიანისთვის კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის ჯილდოს გადაცემა ლოკარნოს კინოფესტივალის მისიასთან, დააფასოს თანამედროვე კინოს გამორჩეული ხელოვანები, სრულ თანხვედრაშია. ოთარ იოსელიანის ფილმები არის თავისუფლების ოდა. მისი ფილმები იყენებენ გამოხატვის თავისუფლების ფორმას, რომელიც  კინემატოგრაფის ენაზეა გადმოთარგმნილი და არ უშინდება ნარატიულ მიდგომას. ამიტომაც მის ფილმებში შინაგანი მდგომარეობის გადმოსაცემად უპირატესობა თხრობას ენიჭება, ვიდრე მოქმედებას. 

 

თითოეულ ფილმში ფორმის ძიება გაბატონებული სისტემის მიერ აღიარებული წესების, ცენზურისა და აზროვნების დადგენილი ჩარჩოების წინააღმდეგობის ფონზე ვითარდება. მისი ფილმის გმირების მსგავსად, იოსელიანი თავისი კულტურის სიმდიდრეს იცავს და, ამავდროულად, მისთვის ჩვეული ირონიის სრულყოფილი ფორმით ამდიდრებს კულტურას.”

 

ოთარ იოსელიანი 1934 წელს თბილისში დაიბადა. პირველი ფილმი “აპრილი” 1961 წელს შექმნა. მას მოჰყვა ფილმები- გიორგობისთვე (1966), იყო შაშვი მგალობელი (1970), პასტორალი (1975),  ყაჩაღები თავი VII (1996), მთვარის რჩეულები (1985) რეჟისორის ბოლო ფილმი “შანტრაპა” 2010 წელს ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე იყო საქართველოდან წარდგენილი. 

 

ოთარ იოსელიანი ლოკარნოს კინოფესტივალს 1996 წელს დოკუმენტური ფილმით, “მარტო, საქართველოდან” სტუმრობდა.

 

პრიზი “Pardo alla carriera” 2010 წლიდან იმ პირებს გადაეცემათ, ვინც კინემატოგრაფის განვითარებაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ლოკარნოს კინოფესტივალი ხვალ, 17 აგვისტოს, დასრულდება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი