ნეტგაზეთი | მიზანდარი: თურქულმა მხარემ იშხანთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაითვალისწინა მიზანდარი: თურქულმა მხარემ იშხანთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაითვალისწინა – Netgazeti
RU | GE  

მიზანდარი: თურქულმა მხარემ იშხანთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაითვალისწინა

კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი ქართველი სპეციალისტების მესამე ოფიციალური ვიზიტს თურქეთში წარმატებულს უწოდებს.

 

 

2013 წლის 18–19 ივლისს  ქართველი სპეციალისტები თურქეთში, იშხანის რესტავრაციის პროცესის შესაფასებლად გაემგზავრნენ. 7 -კაციანი დელეგაცია თბილისში დაბრუნდა. მიზანდარის თქმით, ქართველი ექსპერტები გაეცნენ ძეგლზე არსებულ ვითარებას. მათ თურქ კოლეგებს მეთოდური და ტექნიკური ტიპის მითითებები და რეკომენდაციები დაუტოვეს, რომლებიც  მოგვიანებით, ოფიციალური სახით თურქეთის მხარეს გადაეგზავნება.

 

„ვიზიტს წინ უძღოდა ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაოები. შედგა ორი ქვეყნის- თურქეთის და საქართველოს კულტურის მინისტრების სატელეფონო საუბარი; კულტურის მინისტრების მოადგილეების შეხვედრა. ასევე, სპეციალისტების შეხვედრები ძეგლზე რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ქართველ ექსპერტთა პირველი და მეორე სამუშაო შეხვედრის შედეგად შემუშავებული რეკომენადციები თურქეთის მხარის მიერ დიდწილად უკვე გათვალისწინებულია,“ – განაცხადა მარინე მიზანდარმა მედიისთვის კულტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.  

 

მიზანდარის ინფორმაციით, დამუშავებულია იშხანის საინჟინრო–კონსტრუქციული გაძლიერების პროექტი, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ასევე, თურქი სპეციალისტების მიერ გაძლიერდა იშხანის იატაკის დამცავი ფენა ინერტული მასის დამატებითი ფენებით:

 

„თურქი სპეციალისტების მიერ გაძლიერდა იატაკის დამცავი ფენა ინერტული მასის დამატებითი ფენებით. აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშაოები იშხანში აღარ ხორციელდება პროფესიონალი არქელოგების ზედამხედველობის გარეშე.“

 

მიზანდარის ინფორმაციით, ვიზიტის შედეგად, შედგა შეთანხმება, რომ იშხანის დასავლეთ მკლავის ჩრდილოეთ მინაშენზე განხორციელდება ახლად აღდგენილი საპირე წყობის სათანადო დამუშავება, რაც არსებულ მდგომერეობას გამოასწორებს. ასევე ქართული მხარის რეკომენდაციის შედეგად იშხანში მომუშავე სამშენებლო კომპანიამ თხოვნით მიმართა შესაბამის სამსახურს სტამბოლში, რათა იშხანში მივლინებულ იქნას კედლის მხატვრობის კონესერვაციის სპეციალისტი.

 

„ასევე, ქართული მხარის რეკომენდაციის შედეგად პროექტის შესრულების ვადა გახანგრძლივდა, რაც იშხანის უკეთესი რესტავრაციის შესაძლებლობას იძლევა. რაც შეეხება ოშკის სამონასტრო კომპლექსს, აქ ფიზიკური სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 2013 წლის აგვისტოში, თუმცა პროექტის სრულყოფისა და შეცდომებისაგან თავის დაზღვევის მიზნით, თურქეთის მხარემ პროექტის დასრულების ვადა 2013 წლის დეკემბრამდე გაახანგრძლივა,“– განაცხადა მარინა მიზანდარმა.  

 

18–19 ივლისს თურქეთში საქართველოდან 7- კაციანი დელეგაცია იმყოფებოდა.

 

კულტურის სამინისტროს წარმომადგენლის ბესიკ მაცაბერიძეს ინფორმაციით, იშხანის რესტავრაციის ჯგუფი დაკომპლექტებულია სხვადასხვა უწყებების სპეციელისტებისაგან: პროცესში ჩართულია ართვინის გუბერნიის კულტურის დეპარტამენტი, ეროვნული კულტურული მემკვირეობის ერზრუმის რეგიონალური სამსახური. ასევე, იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც რესტავრაციით არიან დაკავებული:

 

“ჩვენ ვნახეთ მზაობა თურქული მხარის, რომ ეს სამუშაოები შეასრულოს რაც შეიძლება კარგად. უკეთესი ხარისხით და ჩევნი რეკომენდაციების გათვალისწინებუთ. ისინი გულისყურით იყენებენ მასალას, რაც გათვალისწიენბულია რესტავრაციისათვის. შედგა საქმინი შეხვედრა. ქართველი ექსპერტების სრულფასოვან ჩართულობას იურიდიული დოკუმენტი სჭირდება. ეს არის გარანტი ჩვენი რესტავრატორების ჩართულობისა ამ პროცესში.“  

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე ამბობს, რომ თურქულმა მხარემ იშხანთან დაკავშირებით რიგი რეკომენდაციები გაითვალისწინა:

 

„დეკორატიული იატაკი, რომელიც მგრძნობიარეა მექანიკური დაზიანების მიმართ, დაცული იქნა ინერტული მასალის დამატებითი ფენის მოწყობით. ჩვენ იქ თავისუფლად დავდივართ და არ გვეშინია რომ იატაკს დავაზიანებთ. ის ხარაჩოები, რომელიც აგებული იყო დასავლეთის მკლავში და ედებოდა ფერწერას, საფრთხეს უქმნიდა ფერწერის ჩამოშლას ან დაზიანებას. ხარაჩოები დაიშალა და ახლიდან აღდგა ისე, რომ დაცულია ინტერვალი და დატანებული აქვს შემარბილებელი მასალა ქეჩის სახით. ეს გარკვეულად უზრუნველყოფს იზოლაციას ხარაჩოსა და კედელს შორის.“  

 

მერაბ ბოჭოიძის ინფორმაციით, ძეგლის გაწმენდით სამუშაოებს ზედამხედველობს გამოცდილი არქეოლოგი:

 

“რესტავრატორები მუშაობენ ხარისხიანი და ძვირადღირებული მასალით, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს რესტავრაციაში. არ ხმარობენ ცემენტს და იყენებენ კირს. ვნახეთ კირის რამოდენიმე სახეობა, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა დანიშნულებით.“  

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ ძეგლის რესტავრაციისას მეთოლოგიური შეცდომები იქნა დაშვებული:

 

„გამოყენებული იყო არც მთლად თუ ისე დახვეწილი მეთოდით რესტავრაცია იშხანის ჩრდილოთის მინაშენზე. ამან უარყოფითი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე. რესტავრაცია არ არის გამართლება, რესტავრაცია არის მთელი კონსერვაცია. ახალი მასალები მაქსიმალურად დაბალანსებულად და მოკრძალებულად უნდა ვიხმაროთ. უკეთესი იქნებოდა საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის და მეთოდოლოგიის დამუშავევების და დოკუმენტაციის  მომზადების დროს, გარკვეულად ნაკლები ჩარევა განხორციელებულიყო, მეტი სიძველე და მეტი ინფორმაციული შრე დაეტოვებინათ. ეს ბოლომდე ვერ გამოსწორდება, მაგრამ შენიშვნების გათვალისწინებით შემცირდება.“             

 

კულტურის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ქართველი ექსპერტების იშხანის და ოშკის რესტავრაციის პროცესში ჩართულობას  თურქულ მხარესთან იურიდიული დოკუმენტის არარსებობა აფერხებს:

 

„ჩვენ არ გაგვაჩნია ხელშეკრულება და იურიდიული ფორმატი თურქეთთან თანამშრომლობისათვის, რაც ართულებს ჩვენი სპეცილისტების ჩართულობას. თურქეთმა გამოიჩინა კეთილი ნება, ისინი ასე უყურებენ, რომ მათი ინტერესიც არის. იშხანი არის საზიარო ძეგლი საქართველოსა და თურქეთს შორის. იმედი გვაქვს, რომ იშხანსა და ოშკში მიმდინარე პროცესები გაგრძელდება.“

 

მარინა მიზანდარის განცხადებით, სასურველია 2–3 სპეციალისტი ჩადიოდეს და აკვირდებოდეს იშხანის რესტავრაციის პროცესს: „აქ იგულისხმება ჩართულობა, როცა შენს აზრს ითვალისწინებენ.“  

 

მიზანდარის ინფორმაციით, ქართველი სპეციალისტების ორკაციანი ჯგუფი იშხანის რესტავრაციის პროცესის შესაფასებლად ისტორიულ ტაო–კლარჯეთში, სავარაუდოდ, 3 კვირაში გაემგზავრება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ნატროშვილი