ხელოვნება

“მხატვრის სახლის” ადგილზე მშენებლობის პროექტი შეუფერებელია რუსთაველის გამზირის არქიტექტურისათვის”

17 ივლისი, 2013 • 4664
“მხატვრის სახლის” ადგილზე მშენებლობის პროექტი შეუფერებელია რუსთაველის გამზირის არქიტექტურისათვის”
კულტურის სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ის მხარს არ უჭერს რუსთაველის 7/გუდიაშვილის 18-ში მიმდინარე მშენებლობას იმ პროექტის მიხედვით, რომელიც მშენებელს მითითებული აქვს. სამინისტროს პოზიციით, მიმდებარე ტერიტორიის არქიტექტურისთვის შეთავაზებული ფასადი შეუფერებელია.

 

“იგი შეუსაბამობაშია საქართველოს დედაქალაქის მთავარი არტერიის – რუსთაველის გამზირის ისტორიულად ჩამოყალიბებული ურბანული გარემოსთვის, როგორც თავისი მასშტაბით, ასევე, სივრცით-გეგმარებითი და არქიტექტურულ-მხატვრული გადაწყვეტით. პროექტი არ ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის ისეთი მაღალხარისხოვანი ძეგლების სიახლოვეს, როგორიც არის ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, კინოთეატრი „რუსთაველი“, ეროვნული გალერეა, ალექსანდრეს ბაღი, გუდიაშვილის ქუჩის განაშენიანება,”– აცხადებს კულტურის სამინისტრო.

 

კულტურის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ოფიციალური განხილვების დროს პროექტი არაერთხელ  დაიწუნა და მოითხოვს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე და შენობის აშენებამდე სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები ჩატარდეს. მშენებლობის დროს უნდა გაითვალისწინონ საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული ყველა კრიტერიუმი.

 

“ტფილისის ჰამქარმა”, “თბილისის არქიტექტურულმა ფორუმმა” და საინიციატივო ჯგუფმა “ანტიტექტურამ” ერთობლივი განაცხადით თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შპს “მაგთიკომს” 2013 წლის 2 მაისს მიმართეს.

 

გაერთიანებები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილი შენობის მოპირდაპირე მხარეს, შპს “მაგთიკომის” კუთვნილ ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. ისინი “მაგთის” მიერ მოთხოვნილი სამშენებლო კოეფიციენტის  გაზრდას არ ეთანხმებიან.

 

ორგანიზაციები მშენებლობის შეჩერებას და ახალი საშენებლო პროექტის გამოსავლენად კონკურსის ჩატარებას მოითხოვენ, სადაც კომპეტენტური ჟიური საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს.

 

არჩილ ქურდიანი, “მაგთის” მიერ დაკვეთილი მშენებლობის მთავარი არქიტექტორი ამბობს, რომ თბილისის მერიამ 8 აპრილს მოთხოვნილი კოეფიციენტი 0.7- დან 0,9–მდე გაუზარდა. მისი თქმით, აპრილის თვეში მას ნულოვანი მშენებლობის ნებართვა ჰქონდა მიღებული. ახლა მას მთლიანი შენობის აშენება შეუძლია.

 

თბილისზე მზრუნველთა გაერთიანების “ტფილისის ჰამქარი” წევრი თამარ ამაშუკელი ამბობს, რომ კულტურის სამინისტროს ბერკეტი არ გააჩნია, რომ მშნებელობა შეაჩეროს. 

მხატვრის სახლი
მხატვრის სახლი

მშენებლობა

 

რუსთაველის გამზირზე მდებარე ყოფილი მხატვრის სახლის, მანანა ორბელიანის სახლის სახელით ცნობილი შენობისა და დანგრეული საცხოვრებელი სახლის ადგილას “მაგთიკომი” მრავალფუნქციური შენობის აშენებას გეგმავს. შენობის პროექტი მოიცავს სამუზეუმო და საგამოფენო სივრცეს, ფიტნეს და საცურაო დარბაზებს, სასტუმროსა და რესტორანს. შენობის სარდაფში დაგეგმილია 150 მანქანაზე გათვლილი საზოგადოებრივი დანიშნულების ავტოსადგომი.

 

“მაგთის” მშენებლობა უკვე დაწყებული აქვს. მერიის არქიტექტურის სამსახურმა მას ნულოვანი ციკლის მშენებლობის უფლება ფასადის შეთანხმებამდე მისცა, რაც კანონს არ ეწინააღმდეგება. ნულოვანი ციკლის მშენებლობა შენობისათვის საძირკვლის მიწის დონემდე ამოყვანასა და საინჟინრო კომუნიკაციების აგებისთვის გათვლილ სამუშაოებს მოიცავს. დღევანდელი მდგომარეობით, არჩილ ქურდიანის თქმით, მერიამ მისი მოთხოვნები დააკმაყოფილა.

 

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი პროექტის მიხედვით, მშენებლებს მითითებული ჰქონდათ, რომ შენობას, სამდონიანი ავტოსადგომის გარდა, ხუთი სართული ექნება. მშენებლებს, საპროექტო განაცხადის მიხედვით, სურდათ კ1 პარამეტრის გაზრდა 0,7–დან 0,9–მდე. კ1 პარამეტრი შენობის ფართს განსაზღვრავს, ანუ კ1–ის გაზრდით სართულების ფართობი იზრდება.

 

არქიტექტორ დავით ავალიშვილის განმარტებით, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს რუსთაველის გამზირისთვის კ1 0.7 აქვს დადგენილი. ეს ნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირზე ინვესტორს ეკრძალება ისეთი ნაგებობის აშენება, რომელიც საკუთრებაში არსებული მიწის ფართობის 70%–ზე მეტს შენობა დაიკავებს.

 

ნანა ზაზანაშვილის, “ტფილისის ჰამქრის” წარმომადგენლის განმარტებით, თბილისის ამ უბნისთვის განკუთვნილი სივრცითი კოეფიციენტი მერიის ნებართვის არქონის მიუხედავად 0,9–ზეა გათვლილი:

 

“პროექტის შესწავლისას გამოჩნდა, რომ შენობა დაპროექტებულია და შეთანხმებულია როგორც 0,9. ლაფსუსი, ჩვენი აზრით, სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერიტორიისთვის კ1 0,7–ია, ინვესტორმა დააპროექტებინა და შეათანხმა პროექტი გაზრდილი პარამეტრებით, მაშინ, როცა არქიტექტურის სამსახურიდან პარამეტრების გაზრდაზე შესაბამისი ნებართვა ჯერ გაცემული არ არის.”

 

თამარ ამაშუკელი მიიჩნევს, რომ რუსთაველის გამზირზე, რომელიც კულტურული დაცვის ზონაშია მოქცეული, მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის მეტი სიფრთხილე აუცილებელია:

 

“სანამ არ შეთანხმდება არქიტექტურის ფასადი, მანამდე იქ შენობის აშენება არ შეიძლება. მანდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან არის ქალაქის მთავარი გამზირი. პროექტი შეთანხმდა, ოღონდ არ იციან, რას აშენებენ. რუსთაველზე კი არა, ეგ დაუშვებელია საერთოდ. ჩვეულებრივი მოკვდავი ამას ვერ გააკეთებს,”– ამბობს თამარ ამაშუკელი.

 

ამაშუკელის პოზიციით, ჯობია, რომ “თანამედროვე არქიტექტურა აშენდეს და ღირებული, ვიდრე ძველის მიმსგავსებული.” მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობები სხვადასხვა დროს არის აშენებული და ამდენად, გამზირის ეკლექტიკურ სივრცეში თანამედროვე არქიტექტურული ძეგლი ამოვარდნილი არ იქნება.

 

“კომპლექსის მოცულობა და მხატვრული იერსახე დაპროექტდა იმის გათვალისწინებით, რომ მასში ასახული იყოს დღევანდელი ეპოქის მხატვრულ-არქიტექტურული სახე, მაგრამ არ მოხდეს მისი ამოვარდნა ისტორიული განაშენიანების ზოგადი არქიტექტურული კონტექსტიდან, რაც სრულ შესაბამისობაშია და ეფუძნება ისტორიულ-არქიტექტურულ კვლევას და ხელოვნებათმცოდნეების დასკვნა-რეკომენდაციებს,”– ნათქვამია მშენებელების მიერ მერიის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილ თანდართულ დოკუმენტში.

 

“აზრის გამოთქმა ყველას შეუძლია, მთავარია იყოს კორექტული. არაკორექტული გამოთქმაც გამიგია, რაც უბრალოდ საწყენია, რომ ქართველები ქართველებს ასე მიმართავენ. მე არქიტექტორი ვარ და რა მოთხოვნაც იყო, მე ის შევასრულე”– ამბობს, არჩილ ქურდიანი.

 

ნეტგაზეთს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურთან ჰქონდა შეკითხვები, თუმცა მას პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.

 

 ისტორია

 

“მაგთიკომის” კუთვნილ ტერიტორიაზე სულ სამი შენობა იდგა. კულტუროლოგ მაია მანიას თქმით, გუდიაშვილის ქუჩის კუთხეში იდგა მანანა ორბელიანის სახლის სახელით ცნობილი ნაგებობა, რომელიც მე–19 საუკუნის ადრეული კლასიციზმის ნიმუშია.

 

რუსთაველის გამზირის მხარეს იდგა ოტო იაკობ სიმონსონის მიერ აშენებული ნაგებობა, რომელიც ალბერტ ზალცმანის პროექტით გადაკეთდა. მასში სასტუმრო ინტურისტი იყო  განთავსებული, რომელსაც შემდეგ “მხატვრის სახლი” დაერქვა.

 

“მხატვრის სახლი” 1991 წელს, სამოქალაქო ომის დროს დაინგრა, დანარჩენი ორი საცხოვრებელი სახლი რამდენიმე წლის წინ აიღეს.

 

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, რუსთაველის N 7/გუდიაშვილის N 18 მდებარე მიწის ნაკვეთი 2012 წლის ოქტომბრიდან შპს “მაგთიკომის” საკუთრებაა.

 

“მუზეუმი განთავსდება რუსთაველის გამზირზე და ჯორჯაძის ქუჩის ნაწილის გასწვრივ. მის პირველ სართულზე დაგეგმილია საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზები, მაღაზიები. მეორე სართულზე – საოფისე ფართი, მუზეუმის ადმინისტრაციის განსათავსებლად. ხოლო დანარჩენი 3 სართული განკუთვნილია სამუზეუმოდ.

 

ჯორჯაძის და გუდიაშვილის ქუჩების გასწვრივ დაგეგმილია სასტუმროს აშენება. სასტუმროს გააჩნია შიდა გადაუხურავი, ღია ბაღი; მიწისქვეშა ავტოსადგომი და სასტუმროსთვის აუცილებელი ყველა ატრიბუტი.

 

ჯორჯაძის ქუჩის გასწვრივ დაგეგმილია კომპლექსის იმ ნაწილის მოწყობა, სადაც განთავსდება მიწისქვეშა ავტოსადგომი, სარესტორანო კომპლექსი, ფიტნესი და საცურაო აუზი. ამ შენობას ექნება შიდა კავშირი მუზეუმის შენობასთან და, შესაბამისად, ექნება გასასვლელი რუსთაველის გამზირზე.”

 

მშენებლობა პარლამენტის ყოფილი შენობის წინ მიმდინარეობს. თბილისის კულტურულ ძეგლებზე მონიტორინგის უფლბა მხოლოდ თბილისის მერიას აქვს. კულტურის სამინისტროს ამჟამად მშენებლობის შესაჩერებლად ბერკეტი არ გააჩნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი