ხელოვნება

“კავკაზ ჯაზ-ფესტივალზე” ერთი ღონისძიება იგეგმება

12 ივნისი, 2013 • 1678
“კავკაზ ჯაზ-ფესტივალზე” ერთი ღონისძიება იგეგმება

14 ივნისს, 19:00 საათზე კაფე-რესტორანში ”Folk Garden” Kavkaz Jazz ფესტივალისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.

 

კონცერტში მონაწილეობას ქართველ მუსიკოსებთან ერთად მოწვეული სტუმრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ლიტვიდან მიიღებენ. მონაწილეებს შორის დინი ვირსალაძე (ფორტეპიანო), მაია ბარათაშვილი (ვოკალი), რეზო კიკნაზე და მისი ტრიო,  მიქაელ ვოსკანიანი (თარი), რაინ სულთანოვი (საქსოფონი),  რუთა დაუგირდაითე (ფლეიტა, ბანსური), რუთის გირსკასი (გიტარა, საროდი, სითარი), ETHNO JAZZ QUARTET – ირაკლი ქოიავა (უდუ, პერკუსია) და მისი მეგობრები არიან.

 

ნინო წითლანაძემ, ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა განაცხადა, რომ “ფესტივალი წელს არ იქნება. ძალიან გვიან მოვიდა დაფინანსება და დროში ვერ ჩავეტიეთ. იქნება მხოლოდ ერთი ღონისძიება. წელს ვერ მოვახერხეთ ფესტივალის ჩატარება, მაგრამ არაფრის გაკეთებას გადავწყვიტეთ, რომ ეს დიდი საღამო ჩავატაროთ. “

 

“წელს მოხერხდა ისე, რომ ლიტვიდანაც შეგვეძლო დაგვეპატიჟებინა. ეს ფესტივალი ძირითადად არის ეთნოჯაზზე და ვინაიდან ეთნოჯაზ- მუსიკოსები არიან, გადავწყვიტეთ, რომ ეს საინტერესო ფორმატი იქნება,”– ნინო წითლანაძე.

 

კონცერტზე ფოტოსურათების გამოფენა მოეწყობა და ნაჩვენები იქნება რამდენიმე დოკუმენტური ფილმი გასული სამი ჯაზ-ფესტივალის შესახებ (რეჟისორები ირინა ხანგოშვილი (2011) და ლაშა კოტრიკაძე (2010). ამ პერიოდის განმავლობაში ფესტივალში 50-მდე მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა. პროექტის ორგანიზატორია  არასამთავრობო ორგანიზაცია ”Art Bridge”.

 

Kavkaz Jazz არაკომერციული ჯაზფესტივალია საქართველოში, რომელიც  საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. ფესტივალის მიზანია სამხრეთ კავკასიაში ხელი შეუწყოს ჯაზის განვითარებას, შემსრულებლების კულტურულ  დიალოგსა და მათ მეგობრულ დაახლოებას, რაც ასევე მათ შემდგომ თანამშრომლობას გულისხმობს. Kavkaz Jazz ფესტივალი ტარდება 2010 წლიდან. წელს მისი პარტნიორები კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია არის.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი