ტაბურეტი და ჩინური კინო

ძალიან რთულია წერო მაშინ, როცა ქვეყანა თავზე გექცევა, როცა ადამიანები მწვავე პოლიტიკური ამბების რეალობით არიან მოცული, როცა ფრუსტრაცია მორიგ კულმინაციას აღწევს. რა დროს კინო და რა დროს ხელოვნებაა? მაგრამ ზოგი თვლის, რომ ხელოვნება აკეთილშობილებს. მე იმ ბანაკიდან არ ვარ, ვინც ამ იდეას იზიარებს და ვისაც უყვარს კინო, რომელიც გაკეთილშობილებისკენ მოუწოდებს ადამიანს. არ მჯერა რეჟისორების, მწერლების თუ მუსიკოსების, რომლებიც მესიანისტური იდეებით კვებავენ აუდიტორიას.

მესიანისტური იდეებით იყო შეპყრობილი ის ბრბოც, რომელიც გუშინ თავს დაესხა ჰომოფობიის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ რამდენიმე ათეულ მოქალაქეს და ის მასაც, რომელიც ამ ყველაფრით ტელევიზორებიდან ტკბებოდა. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაც ადამიანების გადარჩენის, ხალხის მოქცევის იდეით ხელმძღვანელობს. დღეს საქართველოში ეკლესიის მიერ ამ იდეის განხორციელების მექანიზმიც ძალადობრივია. ეკლესიას უნდა გააკეთილშობილოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები და ამას ნებისმიერ ფასად აკეთებს. ხელჩართულ ბრძოლაში გადასული და ბარბაროსულად შეიარაღებული მღვდელ-ბიჭები, 17 მაისს და მანამდეც, არაერთ აქციაზე რომ ვიხილეთ, ამის კიდევ ერთი უტყუარი ნიშანია. მართლმადიდებლური ეკლესია საკუთარ მოქალაქეებს ჩაქოლვით ემუქრება და მზადაა მათ სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანოს.


შარშან კანის კინოფესტრივალზე კრისტიან მუნგიუს მორიგი შედევრი, „გორაკებს მიღმა“ აჩვენეს, სადაც ეკლესიის მიერ ადამიანის მორჩენის და სულიერი განკურნების მცდელობის ტრაგიკული დასასრული ვიხილეთ. ეს არ არის ფილმი, რომელიც ჭკუას გასწავლის. „გორაკებს მიღმა“ იმითაც გამოირჩეოდა, რომ რეჟისორს არ აქვს სწორხაზოვანი პოზიცია ეკლესიის პიროვნებასთან დამოკიდებულების გადმოცემისას. ყველას საკუთარი სიმართლე აქვს, მაგრამ სიმართლე ფაქტებით იზომება და არა საჯარო განცხადებებით ან შინაგანი ზრახვებით. სიმართლეა ის, რასაც შედეგად ვიღებთ: გოგონას ტრაგიკურ ბედს რუმინელი რეჟისორის ფილმში.


რა ოფიციალურ განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს ეკლესიამ ან პატრიარქმა 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, სიმართლედ რჩება ის, რომ ფიზიკურად დაზარალდა რამდენიმე ათეული ადამიანი და რომ ეკლესიის მრევლმა ორგანიზებული დანაშაული ჩაიდინა, დაარღვია კანონი, რომლითაც საქართველოში ყველა მოქალაქეს ენიჭება საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება და იძალადა ადამიანებზე, ვისაც ამ უფლების გამოყენება სურდათ.


ხალხი, რომელიც აცხადებს, რომ ძალადობის მსხვერპლია, თვითონ იქცა მოძალადედ. ასეთივე სიუჟეტი ვითარდება ჩინელი რეჟისორის, ჟია ჟანგ-კეს საკონკურსო ფილმში „ცოდვის ხელი“. თანამედროვე ჩინეთის ამ პორტრეტზე საუბრისას რეჟისორი ამბობს: „ძალადობა იზრდება. ცხადია, რომ ძალადობაში გამოსავლის ძიება ყველაზე სწრაფი და პირდაპირი გზაა, რომელიც შეიძლება სუსტმა დაკარგული ღირსების აღსადგენად გამოიყენოს.“


ფილმი უკანასკნელ წლებში ჩინეთში მომხდარ ოთხ ინციდენტზე მოგვითხრობს. ოთხივე ისტორიაში მკვლელობა ან თვითმკვლელობა ფიგურირებს. სოციალური უსამართლობის განცდა ადამიანებს აიძულებს ბრძოლის რადიკალურ მეთოდებს მიმართონ. ფილმში ასევე კარგად ჩანს თვითდესტრუქცია, როგორც პროტესტის გამოხატვის ფორმა.


ჩინეთში ძლიერი ცენზურა მოქმედებს. სახელმწიფო აკონტროლებს პრესას, ტელევიზიას, ინტერნეტს, სატელეფონო მესიჯებსაც კი. სოციალური და პოლიტიკური კრიტიკის შემცველი ფილმების ავტორებს ხშირად აქვთ თავისუფლად მუშაობის პრობლემები. არის შემთხვევები, როცა რეჟისორებს ფილმების გადაღება ეკრძალებათ. ასეთი ბედი ეწია, მაგალითად, კინორეჟისორს ლუ იეს, რომელსაც „ზაფხულის სასახლის“ გადაღების შემდეგ კინოში მუშაობა 5 წლით აეკრძალა. მიუხედავად ამისა, 2009 წელს ლუ იემ მაინც მოახერხა კანში ახალი მხატვრული ფილმის ჩვენება, რომელიც საფრანგეთისა და ჰონ-კონგის ერთობლივ პროდუქციად იყო დარეგისტრირებული, მთავრობასთან პრობლემების თავიდან აცილების მიზნით.


ამ მხრივ ჟია ჟანგ-კეს ფილმს საფრთხე არ ემუქრება. ოფიციალურმა ცენზურამ სურათს საშუალება მისცა კანის საკონკურსო პროგრამაში მიეღო მონაწილეობა. გარდა ამისა, შემოდგომიდან სურათი ჩინეთის ეკრანებზეც გავა. ჟია ჟანგ-კე ამბობს, რომ ასახული მოვლენები ჩინურ მედიაში ვრცლად შუქდებოდა და მათში გასაიდუმლოებული არაფერია.


„ხალხს ხშირად ესმის სისასტიკის ამ შემთხვევების შესახებ, მაგრამ მალევე ივიწყებს. თუმცა ძალადობისთვის ზურგის შექცევით ან ძალადობის დამალვით პროგრესს ვერ მივაღწევთ“, თვლის რეჟისორი.


დოკუმენტურ კინოს თუ არ ჩავთვლით, საქართველოში საზოგადოებისათვის აქტუალურ საკითხებზე ფილმებს ნაკლებად იღებენ. პოლიტიკური და სოციალური მოვლენების გაშუქების და მხატვრულად წარმოჩენის მცდელობები ძალიან ცოტაა. არ საუბრობენ, მაგალითად, ეკლესიაზე, არავინ სვამს კითხვას, რატომ არის ეკლესია სოცალური აქტივობის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი დღეს საქართველოში. ქართული კინოსთვის უცხოა რეალური ისტორიების ისეთი მხატვრული ანალიზი, რომელიც საზოგადოებაში დისკუსიას გამოწვევს. რეჟისორებსაც თითქოს არაფერი აბრაზებთ, არაფერი აღაშფოთებთ, ყველაფერი რიგზეა და ცხოვრებაც მშვენიერია.

 

 
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ძანძავა