კინოხელოვნება

“ნაწილები” – ახალი ქართული ფილმის პრემიერა

10 მაისი, 2013 • 2781
“ნაწილები” – ახალი ქართული ფილმის პრემიერა

“როგორ შეიძლება ორმა ადამიანმა გადადგას ცხოვრებაში ისეთი ნაბიჯი, რამაც შეიძლება, საბოლოო ჯამში, მიიყვანოს სავალალო შედეგებამდე,”– ასე ახასიათებენ ფილმის ავტორები სიუჟეტს. 

 

დღეს, 10 მაისს, კინოთეატრ ამირანში გამართულ პრესკონფერენციაზე ფილმის პროდიუსერებმა და მონაწილე მსახიობებმა განაცხადეს, რომ ქართველ მაყურებელს რამდენიმე სიახლე ელით.


“ვერსიო ფილმსის” პროდუქციას მისი შემქმნელები “მისტიკურ დრამას” და “სამეცნიერო ფანტასტიკას” უწოდებენ. მათ ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ პირველად ქართული ფილმი სამეცნიერო ფანტასტიკას ეხება და იგი არაა სოციალურ თემატიკაზე, როგორ ქართული ფილმების უმეტესობა.


“ძალიან საინტერესოა მუშაობა განსხვავებულ ჟანრზე, რათა საქართველოში განვითარდეს სხვადასხვა ჟანრის ფილმები. გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი იმისა, რომ ქართველი მაყურებელი იხილავს ჩვენს ფილმს და მოეწონება,”– ამბობს, ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი ოთარ ჭუმბურიძე.


ფილმის შემქმნელების თქმით, ფილმში მონაწილე მსახიობები განსხვავებული კუთხით არიან წარმოჩენილნი.


“განსხვავებული ამპლუაა თითოეული ჩვენგანისთვის. ამიტომ ყველასთვის იყო გარკვეული დოზით ექსპერიმენტი და მე მგონი, წარმატებით ჩავაბარეთ,”– გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილებები მსახიობმა გიორგი კალანდაძემ, რომელიც ფილმში მათემატიკოსის როლს ასახიერებს.


კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც ფილმის შემქმნელები მაყურებელს სთავაზობენ, გადახმოვანებაა. დავით ქაცარავას თქმით, “ძალიან პრაქტიკული და ხარისხიანი გადაწყვეტილებაა”, რომელსაც სამომავლოდ გამოიყენებენ, რადგან გადახმოვანების შედეგად ფილმი ბევრად ხარისხიანი გამოდის.


“წავედით სტუდიაში და თავიდან ვითამაშეთ როლი, ამ შემთხვევაში ყურსასმენებით. ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევა საქართველოში,”– აღნიშნა გიორგი კალანდაძემ.


ფილმში მონაწილეობენ: ნიკა თავაძე, ნანკა კალატოზიშვილი, ლაშა ონიანი, გიორგი კალანდაძე, ნოდარ მამულაშვილი, გიორგი გურგულია, დავით ქაცარავა და მარინა ჯანაშია. რეჟისორი ნიკოლოზ ჯავახიშვილია.


შეკითხვაზე, შეისწავლეს თუ არა ბაზარი და არიან თუ არა დარწმუნებული ფილმის წარმატებაში, უპასუხეს, რომ “ნაწილები” არც ერთ სხვა ქართულ ფილმს არ ჰგავს და თან მაყურებელი კმაყოფილი დარჩება ფილმის ხარისხით. შემქმნელებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ ფილმი მწვანე ფონზე რობოტით არის გადაღებული.


“ეს ჟანრი პოპულარულია, მაგრამ მაყურებელი მიჩვეულია ამ ჟანრს უყუროს, მხოლოდ უცხოურ ფილმებს ადევნოს თვალყური. რისკი არის, მაგრამ იმდენად მოგვეწონა სცენარი, ჯგუფი, ისეთი ენთუზიაზმით ვართ, რომ გვგონია, დიდ საქმეს ვაკეთებთ,”– აცხადებ ოთარ ჭუმბურიძე.


“ვერსიო ფილმსი” სურათის გატანას საზღვარგარეთ, ძირითადად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გეგმავს.

 

“ასევე ჩვენ ვგეგმავთ ჩვენი ფილმის საზღვარგარეთ გატანას იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ქართული კინობაზარი არ არის კომერციულად მომგებიანი. პირველ რიგში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, ლიტვაში, რუსეთში გატანას ვაპირებთ,”– ამბობს დავით ქაცარავა.


ფილმი რეჟისორისთვის და საპროდიუსერო ჯგუფისთვის პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, როგორც ერთი ჯგუფისთვის. გადაღებები 2011 წლის სექტემბერში დაიწყო. პირველი ეტაპი ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდა. მეორე ეტაპი მიმდინარეობდა 2011 წლის ნოემბერში. მესამე ეტაპი კი -2012 წლის ივლისში და ეს იყო გადაღებების პროცესის დასასრული.

 

ფილმი საქართველოს კინოპროდუქციისთვის მაღალბიუჯეტიანია. ფილმის შემქმნელების განცხადებით: “საკუთარი რესურსებით” მოიძიეს ფინანსები. მათი თქმით, ერთი სპონსორი არ ჰყოლიათ და უმეტესად ენთუზიაზმით მუშაობდნენ. 


ფინანსები, გადახმოვანება და ფილმში მონაწილე მსახიობების სხვა პროექტებში მონაწილეობა გადაღებების გახანგრძლივების მიზეზი გახდა.


გადაღებები ძირითადად თბილისსა და თბილისის მიმდებარე ტერიტორიებზე ხდებოდა. ასევე, დავით გარეჯში. ფილმის შემქმნელების აზრით, ფილმში ასახული თემატიკა გლობალურია და მხოლოდ ერთი კულტურისთვის არ არის გასაგები.


“ფილმი არის თავიდან ბოლომდე გლობალურ პრობლემებზე. ხაზგასმული არაა, რომ ეს ხდება თბილისში, საქართველოში, ნებისმიერი ენის გადახმოვანების შემთხვევაში, ნებისმიერი ეროვნებისთვის, ეს იქნება აზიელი, რუსი თუ აფრიკელი, მისაღები იქნება ეს ფილმი.”

 

ფილმის პრემიერა კინოთეატრ ამირანში 19 საათზე გაიმართება. ფილმის შემქმნებელის თქმით, პრემიერას კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი