კინოხელოვნება

ბაზ ლურმანი – “დიდი გეთსბის” შესახებ

1 მაისი, 2013 • • 3492
ბაზ ლურმანი – “დიდი გეთსბის” შესახებ

ფილმთან დაკავშირებით ყველაზე საინტერესოა რომანს, თქვენს ახალ კინემატოგრაფიულ ხედვასა და ჯეი ზის მუსიკას შორის არსებული დაძაბულობა. როგორ მოახერხეთ ყველა ამ ურთიერთობის დაბალანსება?


ამ ურთიერთობის ერთმანეთთან გადაჯაჭვის ინსპირაცია თავად ფ. სკოტ ფიცჯერალდისგან მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ფრთხილი კვლევა ჩავატარეთ, რა ხდებოდა ნიუ იორკში 20–იან წლებში, იმ პერიოდის ქალაქის სახიერებისა და ექსპრესიასთან დაკავშირებით, ვიცოდით, რომ უნდა მოგვეხერხებინა მაყურებლისთვის გვეგრძნობინებინა, რას ნიშნავდა ფიცჯერალდის წიგნის წაკითხვა  1920–იან წლებში –  როგორი იყო იმ დროს ნიუ იორკში ყოფნა. ერთ–ერთი რამ, რაც ფიცჯერალდმა დიდი წარმატებით განახორციელა, აიღო და ყველაფერი ახალი და თანამედროვე პოპ–კულტურიდან თავის რომანში განათავსა. კერძოდ, გამოიყენა იმ დროისთვის ახალი აფრო–ამერიკული ქუჩის მუსიკა – ჯაზი, რომელსაც იმ დროისთვის ბევრი “ახირებულს” უწოდებდა – რომანში მოათავსა და თხრობას დაახმარა. ჩვენი გამოწვევა თანამედროვე მაყურებლისთვის რაღაც მსგავსის შეთავაზებაში მდგომარეობდა. მე ჯაზის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. თუმცა ჯაზს ახლა შედარებით იშვიათად უსმენენ. ასე რომ, ეს ბუნებრივი ჩანაცვლება იყო, ქუჩიდან მოსული აფრო–ამერიკული მუსიკის ჰიპ–ჰოპად გარდაქმნა და მისი ჩაქსოვა ჯაზის ენაში. ჰიპ–ჰოპზე, კოლაბორაციასა და ამბის თხრობაზე ფიქრისას პირველი ვინც მახსენდება. JAY Z–ია. გადამწყვეტი კი ის აღმოჩნდა, რომ ლეო [დიკაპრიო] და მე ჯეის იმ საღამოს გადავაწყდით, როცა ნიუ–იორკში “No Church in the Wild”–ის ჩაწერით იყო დაკავებული.


ბაზ ლურმანი
ბაზ ლურმანი

ფაქტიურად საქმე გქონდათ ხელშეუხებელ, საყოველთაოდ ცნობილ წიგნთან, ჩათვალეთ საჭიროდ, რომ წყაროსთან ახლოს დარჩენილიყავით, თუ საკუთარ თავს ადაპტაციის უფლება მიეცით?

ჩვენი ფოკუსი წიგნის წარმოჩენა იყო. ამისთვის რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით. პირველ რიგში მე და კრეიგ პირსმა წიგნი კარგად გავიარეთ და დავსვით კითხვები, “რა სცენებია აბსოლუტურად ფუნდამენტური ამ ისტორიისთვის? რა სცენები უნდა იყოს ჩვენს ფილმში? და რომელია ის სცენები, რომლებიც შეგვიძლია ამოვიღოთ, იმის მიუხედავად, თუ რამდენად გვიყვარს ისინი?” ვიცოდით, რომ წიგნის წაკითხვას ან მის მთლიანად შესრულებას 7 საათი სჭირდება – რადგან ახლახან მთელი წიგნის ბრწყინვალე სასცენო წარმოდგენა დაიდგა. მაგრამ ჩვენ 7 საათის სიგრძის ფილმი არ გვქონია ჩაფიქრებული. ჩვენ ეს 2 საათში უნდა მოგვეხერხებინა. ანურამდენიმე არჩევანი უნდა გაგვეკეთებინა და გადავწყვიტეთ კონცენტრირება წიგნის შინაარსობრივ ხაზზე მოგვეხდინა. გარდა ამისა, წიგნის ერთ–ერთი მთავარი მექანიზმი ისაა, რომ ისტორია ნიკ კარაუეის პირით არის მოთხრობილი (რომელიც ჩვენს ინტერპრეტაციაში ძალიან ჰგავს თავად ფიტცჯერალდს). ის “შიგნითაც არის და გარეთაც”, ერთდროულად ისტორიის მაყურებელიცაა და მონაწილეც. სინამდვილეში რომანში ფიტცჯერალდი ძალიან ოსტატურად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ წიგნში ნიკი ჯეი გეთსბიზე წერს წიგნს, მომაჯადოებელ გმირზე, რომელსაც ნიკი შეხვდა – “გეთსბი, რომლის სახელსაც ეს წიგნი ატარებს” – ასე რომ, მე და კრეიგი ვეძებდით გზას, თუ როგორ გვეჩვენებინა (ფილმში მთხრობელის ხმის შემოტანის ნაცვლად) ნიკის მცდელობა წერისა, მისი გამოცდილება გეთსბისთან, ისე, როგორც ეს რომანშია გაკეთებული. და თუ როგორ ვაკეთებთ ამას, სწორედ ეს არის ფილმის ყველაზე დიდი განსხვავება. მე არ ვიტყვი როგორ. მაყურებელს საშუალებას მივცემ თავად აღმოაჩინოს…

 

რა ფაქტორები განაპირობებს ფილმის ამ ადაპტაციას განსაკუთრებულად მოსწრებულსა და დროულს 2013 წლისთვის?


დიდი გეთსბი ახერხებს თანადროული იყოს ყველა ეპოქაში. მაგრამ ის განსაკუთრებით დროულია ახლა, მიუხედავად იმისა, რომ ფიტცჯერალდმა რომანი 1925 წელს გამოაქვეყნა და ამ ნამუშევრით მეტნაკლებად წინასწარმეტყველებს 1929 წლის კრიზისს. 20–იანი წლები იყო დრო, როცა ალკოჰოლის აკრძალვასთან დაკავშირებული საყოველთაო ნაციონალური თვალთმაქცობის გამო (ადამიანები ჯერ ბარიერებს აშენებდნენ ალკოჰოლის წინააღმდეგ, მეორე წუთში კი თავის მაგიდასთან ღვინოს უკვეთავდნენ), მორალს საშუალება მიეცა, ცოტა არ იყოს, ელასტიკური გამხდარიყო. 20–იანი წლების ნიუ იორკი ფულსა და ალკოჰოლს მიჰქონდა, აქციები არნახულად გაძვირდა, ცათანმბრჯენებმა ახალი კამარები შეკრეს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ კაცობრიობას მხოლოდ აღმასვლა ელოდა. თუმცა ფიტცჯერალდი – და, მე მგონი, ეს შეიძლება ამოვიკითხოთ “გეთსბიში” და საერთოდ  მისი ნაწარმოებების უმრავლესობაში – ის ხედავს, რომ საზოგადოების მორალი გარყვნილია და მალე სულ ჩამოიშლება და დაემხობა. მე მგონია, რომ გარკვეულწილად ეს მდგომარეობა ჩვენც გავიარეთ ახლახან. 11 სექტემბრის შემდეგ ჩვენს სამყაროშიც შეიმჩნევა მორალის ელასტიკურობის ერთგვარი ზრდა, და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რაღაცები თავზე დაგვემხო. აი, ეს არის ის, რაც გეთსბის ისტორიას დღეს განსაკუთრებულად რელევანტურს ხდის.

 

როგორი გავლენა მოახდინა საუნდტრეკმა ფილმის საერთო ტონალობაზე?

იცით, ისინი ერთმანეთს ეხმიანებიან. მუსიკალური ინსტრუმენტებივით, კონცერტზე ერთად უნდა იმუშაონ. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ პოპულარულმა მუსიკამ ფიტცჯერალდის ხელოვნებაზე ფუნდამენტური გავლენა მოახდინა. შესაბამისად, მუსიკასა და პოპკულტურას დიდი როლი უნდა ეთამაშა ამ ისტორიის თხრობაშიც. მაგალითად, ფიტცჯერალდი ყველაფერი თანამედროვესა და მოდერნულის, მათ შორის კინოს დიდი მოყვარული იყო. ამიტომ გადავწყვიტე, ფილმი სამ განზომილებაში განმეხორციელებინა. ახლა 3D–ში, როცა მუსიკას იყენებ, შენ ფაქტიურად ისიც– მუსიკალური შრე – სამ განზომილებაში უნდა გაიაზრო. ერთი სცენაა, მაგალითად,  სადაც ძალიან მოკლე დროში ერთი თანამედროვე მუსიკალური ტრეკის, “100$ Dolla Bills”,  უამრავი ინტერპრეტაცია ხდება. ჯეიზის რეპ ინტერპრეტაციიდან ტრეკი ჯაზვერსიაში გადადის, შემდეგ ორკესტრის შესრულებაში, შემდეგ უკან, თანამედროვე ჟღერადობაში, ისევ ტრადიციულ ჯაზში Bryan Ferry Orchestra–ს შესრულებით, მომდევნო სცენაში კი ახალ თანამედროვე ტრეკს ვუსმენთ ჯაზის გარკვეული გავლენით. ანუ იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ისტორია 1920–იან წლებში ვითარდება, თავად ჯეის სიტყვებით რომ გიპასუხოთ, “ისტორია საკუთარ თავს არ იმეორებს, ის საკუთარ თავს ერითმება”. მე ეს ასე მესმის – უნივერსალური ჭეშმარიტება დროისა და გეოგრაფიის საზღვრებს სცდება. ჯეი გეთსბი იყო 1922 წელს და არის დღესაც. თითოეული ჩვენგანი იცნობს ერთ გეთსბის.

 “დიდი გეთსბის”ამ ადაპტაციისგან რა აზრი შეიძლება მაყურებელმა გამოიტანოს?

საბოლოო ჯამში, წიგნი ძალიან შთამაგონებელია – იმ იდეით, რომ ამერიკაში ოცნებას შეგიძლია მისდიო. რა თქმა უნდა, გეთსბი ტრაგიკულად უნდა დასრულდეს, რადგან მას ისეთი აბსოლუტური იდეა აქვს ჩაფიქრებული, აბსოლუტური ოცნება, და ის რეალობას არ მისცემს საშუალებას თავისი ოცნების სცენარში რაღაცები შეცვალოს. ეს აქცევს მას შთამაგონებელ გმირად ჩვენთვის, ნაკლებად რომანტიკული ტიპებისთვის, მაგრამ ამასთან, ეს ნიშნავს, რომ ის ტრაგიკული ფინალისკენ მიექანება. ამ ეპოქის დეკადენტურობის მომხიბვლელობის მიუხედავად, ამ ისტორიაში ჩანს, რომ ნიკი უარს ამბობს თავის ოცნებაზე, სიყვარულსა და წერის სურვილზე და ვოლ სტრიტზე ფულის საკეთებლად მიდის, თუმცა ფინალში ცხოვრებას თავიდან იწყებს, აცნობიერებს რა, რომ საკუთარი გზა უნდა იპოვნოს. როგორც ირკვევა, ნიკისთვის ეს გზა შემოქმედებითი გზაა. ამ გზაზე პირველი ნაბიჯი კი  წიგნის დაწერაა ადამიანზე, რომელიც ყველამ ჩამოწერა, როგორც განგსტერი. როცა ის განგსტერზე გაცილებით მეტი იყო. მე მგონი, ჯეი ზიმ, ძალიან ლაკონურად ჩამოაყალიბა ეს, როდესაც ფილმის სამუშაო ვერსია ნახა. მომიბრუნდა და მითხრა: “ეს ისტორია საერთოდ არ არის იმაზე, გეთსბიმ ფული ლეგალურად გააკეთა თუ არა, საქმე ისაა, ის იყო თუ არა კარგი ადამიანი”. და მეც ვფიქრობ, რომ ეს არის წიგნის მთავარი იდეა. მთავარია, იპოვნო პირადი მორალური კომპასი, გამეფებული მორალური კომპასის ნაცვლად.

The Great Gatsby
The Great Gatsby

მასალების გადაბეჭდვის წესი