ხელოვნება

2012 წლის ბესთსელერი წიგნები საქართველოში

24 აპრილი, 2013 • • 5527
2012 წლის ბესთსელერი წიგნები საქართველოში

გამომცემლობა „დიოგენეში“ ყველაზე პოპულარული პროზაული თარგმანებია უმბერტო ეკოს „ვარდის სახელით“ და ორჰან ფამუქის „უმანკოების მუზეუმი“.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნებს შორის კი თანაბარი პოპულარობით სარგებლობს „შიმშილის თამაშების“ პირველი და მეორე ტომი, სტიგ ლარსონის „მილენიუმი ტრილოგიის“ სამივე წიგნი, განსხვავებულ ასაკობრივ კატეგორიაში კი არანაკლები სიხშირით ორჰან ფამუქის „მე წითელი მქვია“ და მისივე ახალი თარგმანი „მდუმარე სახლი“ იყიდება.

 

 

 

რაც შეეხება ქართულ პროზას, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” თქმით, წლების განმავლობაში ქართულ წიგნებს შორის ყველაზე გაყიდვად სტატუსს ისევ დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ ინარჩუნებს. “სიესტას” ქართულ გამოცემებს შორის კი 2012 წელს ზურაბ ქარუმიძის “ჯაზის ცხოვრება” დასახელდა.

 

„დიოგენეს“ განმარტებით, ქართველი ავტორების გამოცემები ხშირად ქართული ლიტერატურის გამოცემის განვითარებას ისახავს მიზნად და არასდროს არის გათვლილი კომერციულ წარმატებაზე. იგივე კომერციული შეხედულებებიდან გამომდინარე სულაკაურის გამომცემლობა ნაკლებად გამოსცემს ქართველი ავტორების საბავშვო ლიტერატურას.

 

 „დიოგენეს“ PR მენეჯერი ნინო მჭედლიშვილი ამბობს, რომ გაყიდვების მასშტაბებში ქართული საბავშვო წიგნები ნაკლებად აისახება და ქართული საბავშო წიგნი, რომელიც ტირაჟს მთლიანად მოხსნის, არ არსებობს. მისივე თქმით, განსაკუთრებით იშვიათად იყიდება მომცრო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი წიგნები. თუმცა, მაგალითად, „დიოგენეს“ გამოცემულია ქართველი ავტორის, თეა თოფურიას „გასაღვიძებელი ზღაპრები“, რომელიც 2012 წელს ლიტერატურული პრემია „გალას“ მფლობელი გახდა.

თარგმნილ საბავშვო ლიტერატურაში ლიდერად გამომცემლები ერთხმად ასტრიდ ლინდგრენის წიგნებს ასახელებენ.  „დიოგენეში“ ყველაზე გაყიდვადია „პეპი გრძელი წინდა“. ლინდგრენის „ბაკურ სულაკაურის“ გამოცემები კი მეტნაკლებად თანაბარი პოპულარობით სარგებლობს, მათ შორის ახალი თარგმანიც „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“, რომელიც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა.

 

საგანმანათლებლო გამომცემლობა „ლოგოს პრესი“, რომელიც უმეტესად საბავშვო ლიტერატურასა და სახელოვნებო წიგნებს გამოსცემს, 2012 წლის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად გომბრიხის „ხელოვნების ამბავს“ ასახელებს, რომელიც მაღალი ფასის გათვალისწინებით მაღალი არა, თუმცა გაყიდვის ნორმალური ტემპი აქვს და წარმატებულ პროექტად ითვლება. „ლოგოს პრესში“ კომერციულად ყველაზე წარმატებული საბავშვო საკითხავი ლიტერატურა კი „პრინცესას პრაქტიკული გზამკვლევია“, რომელსაც გამომცემლობა უკვე მეოთხედ ბეჭდავს; “წიგნი ყველა გამოუცდელი პრინცესასთვის” სლოგანით – “გეყო ოცნება, მოქმედების დროა!“

 

 

ქართული პოეზიის გამოცემაში წამყვანი გამომცემლობა “სიესტაა”. სწორედ აქ იბეჭდება თანამედროვე ქართული პოეზიის ყველაზე დიდი ნაწილი. კრებულების ტირაჟები 250–500 წიგნს არ აღემატება, შესაბამისად, ბესთსელერის გამოყოფა გამომცემლობას უჭირს. შედარებით სწრაფად გაყიდვად წიგნებს შორისაა გიორგი კეკელიძის, პაატა შამუგიას, ლელა სამნიაშვილის, გაგა ნახუცრიშვილის კრებულები. გასული წლის განმავლობაში მეორედ გამოიცა და წარმატებულად იყიდებოდა ირაკლი ჩარკვიანის კრებული – “მეფე ირაკლის ლექსებიც”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი