ხელოვნება

მერაბ ბუჩუკური: იშხნის რეაბილიტაციაში ჩვენი ჩართვის დიდი მოლოდინი არ მაქვს

23 აპრილი, 2013 • • 2628
მერაბ ბუჩუკური: იშხნის რეაბილიტაციაში ჩვენი ჩართვის დიდი მოლოდინი არ მაქვს

იშხნის სამონასტრო კომპლექსზე ჩატარებული სამუშაოებისა და შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ დღეს კულტურის სამინისტროში პრეს-კონფერენცია გაიმართა, რომელსაც კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი, ეროვნული სააგენტოს  გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე და იშხნის სამონასტრო კომპლექსში მყოფი ოფიციალური დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

 

 ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, მერაბ ბოჭოიძის განცხადებით, – „გაწმენდის პროცესები ჩვენი ჩასვლისას უკვე გამოსწორებული იყო“.

 

მარინე მიზანდარი
მარინე მიზანდარი

როგორც ექსპედიციის წევრები აღნიშნავენ, მთავარი შედეგი ანკარაში მარინე მიზანდარისა და მერაბ ბოჭოიძის კულტურის მინისტრის მოადგილესთან გამართული შეხვედრისას იყო ის, რომ ადგილზე, იშხანში უკვე გაჩნდა ორი არქეოლოგი, მათ შორის ერთი – რიზეს მუზეუმის თანამშრომელი.

 

საქართველოს ექსპერტთა დელეგაციის რეკომენდაციები, რომლებიც თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს გადაეგზავნება, გეოლოგიური, კონსტრუქციული და არქეოლოგიური კვლევების ჩატარების აუცილებლობასთან ერთად, კედლის მხატვრობის დროულ კონსერვაციას შეეხება. აგრეთვე, გაწმენდითი სამუშაოებისას გამოტანილი მიწის არქეოლოგიური შესწავლის აუცილებლობასა და იმ მიწის საფარის გასქელებას, რომელმაც სამუშაოების შედეგად გამოვლენილი მოზაიკური იატაკი დაზიანებისაგან უნდა დაიცვას.

 

კედლის მხატვრობის ბედს შეეხებოდა დელეგაციაში საპატრიაქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის წარმომადგენელი, კედლის მხატვარ-რესტავრატორის მერაბ ბუჩუკურის აქცენტებიც.

 

ბუჩუკურის განცხადებით, იშხანში ყველა ზემდგომი ინსიტიტუციებისაგან – სტამბულისა და ანკარასგან- ელოდება მითითებებს: იერარქია მკაცრად არის დაცული, რაც შესაძლოა აფერხებდეს პროცესს.

 

„დიდი მოლოდინი, რომ ჩვენ ვიქნებით ჩართული რესტავრაციის პროცესში, არ მაქვს და საზოგადოებასაც ეს განცდა ჩართულობისა არ უნდა შევუქმნათ,“  – ამბობს მერაბ ბუჩუკური.

 

კულტურის მინისტრის მოადგილის, მარინე მიზანდარის განცხადებით, რეკომენდაციების გათვალისწინების შესახებ თურქულ მხარესთან  მხოლოდ ზეპირსიტყვიერი შეთანხმება შედგა. ამჟამად ქართველი სპეციალისტი იშხანში არ იმყოფება.

 

მიზანდარი იმედს გამოთქვამს, რომ თანამშრომლობის ფორმატი მალე გამაგრდება ხელშეკრულებით.

 

სამართლებრივი ჩარჩო ქართულ მხარეს საშუალებას მისცემს, რეალურად და ეფექტრურად ითანამშრომლოს თურქეთთან არა მხოლოდ ერთჯერადად, იშხანთან დაკავშირებით, არამედ პერმანენტულად, ქართული ძეგლების რეაბილიტაციის საკითხებში, რაც შემდგომ გავრცელდება ოშკზეც, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაც თურქულ მხარეს ახლო მომავალში აქვს დაგეგმილი.

 

„ამ ეტაპზე კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებული, თუმცა დიდხანს ასე მუშაობა გაჭირდება. ლეგალური ფორმატი ამ თანამშრომლობას აუცილებლად უნდა გააჩნდეს. ამიტომ ხელშეკრულების ხელმოწერა სასწრაფოდ უნდა მოხდეს“.

 

კულტურის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჯერ-ჯერობით ეს ხელშეკრულება საქართველოს პრეზიდენტს აქვს შეჩერებული.

 

ხელშეკრულება, რომლის გაფორმებაზეც შეთანხმება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და თურქეთის პრემიერ მინისტრის, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისაა მოხდა, რაბათის კომპლექსის მეჩეთის სახურავის ფერის ცვლილებასთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო შეჩერდა.

 

როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 2 აპრილს განაცხადა, ისინი მომხრე არიან საქართველოს ტერიტორიაზე თურქული ძეგლების დაცვის, თუმცა ის შეთავაზება, რაც დღევანდელ მთავრობას გააჩნია, “სახიფათო და მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც საქართველოს პრეზიდენტი არასოდეს არ დათანხმდება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი