კინოხელოვნება

კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა ცნობილია

18 აპრილი, 2013 • • 1539
კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა ცნობილია

ჟილ ჟაკობი და ტიერი ფრემო, 18 აპრილი

წელს კანის 66–ე კინოფესტივალზე  ოქროს პალმის რტოს მოპოვებას 19 ფილმი შეეცდება. ფესტივალზე წარმოდგენილ ავტორებს შორის არიან: რომან პოლანსკი, სტივენ ფრირზი, აშგარ ფარჰადი, ძმები კოენები, სტივენ სოდერბერგი, ფრანსუა ოზონი, ტაკეში მიიკეც და სხვები.

სტივენ ფრირზი, რომელიც 2013 წლის კანის ფესტივალზე ერთადერთი ბრიტანელი რეჟისორი იქნება, კანში მუჰამედ ალიზე გადაღებული სატელევიზიო ფილმით ბრუნდება. ანოტაციის მიხედვით, ფილმი Muhammad Ali’s Greatest Fight  ალის უდიდეს ბრძოლაზეა, მის ბრძოლაზე აშშ–ის მთავრობასთან და იმ შურისძიებაზე, რომელიც სპორტსმენს ვიეტნამის ომში წასვლაზე უარის თქმის შემდეგ ხვდა წილად.  ალი ფილმში მხოლოდ საარქივო მასალით იქნება წარმოდგენილი, მსახიობები კი სახელმწიფო თანამდებობის პირების როლებს შეასრულებენ.

სამაგიეროდ, ფესტივალზე რამდენიმე ფილმით იქნება წარმოდგენილი ამერიკის შეერთებული შტატები. ეთან და ჯოელ კოენების ფილმი Inside Llewyn Davis დრამაა, რომლის მოქმედებაც 1960–იანი წლების დასაწყისში ვითარდება და ნიუ–ოირკელ ფოლკმუსიკოსის შესახებ მოგვითხრობს. ავტორებმა სურათის დამთავრება ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებისთვის არ იჩქარეს, ამიტომაც მათ საშუალება მიეცათ, პრემიერა კანში გაემართათ. მუსიკა ფილმისთვის მარკუს მამფორდმა და T Bone Burnett–მა შექმნეს. ეს უკანასკნელი კოენების 2000 წლის კომედიის– “სადა ხარ ძმაო?” მუსიკის ავტორიცაა.

კანს ახალი ფილმით ეწვევა ამერიკელი რეჟისორი ალექსანდერ პეინიც. ფილმი სახელწოდებით „ნებრასკა“ როუდ მუვია მამა-შვილის ურთიერთობაზე, რომლის მთავარი გმირიც, ალკოჰოლზე დამოკიდებული ვუდი გრანტი მონტანიდან რეჟისორის მშობლიურ შტატ ნებრასკაში მიემგზავრება. ალექსანდერ პეინის წინა, 2011 წლის ფილმს The Descendants  („შთამომავლები“)- ჯორჯ კლუნით მთავარ როლში და ჰავაის საოცარი პეიზაჟებით- კანში კრიტიკოსების დადებითი შეფასება ერგო.


კანის მთავარი კონკურსი 2011 წელს გადაღებული ფილმის Drive რეჟისორ ნიკოლას უინდინგ რეფნის მომდევნო ნამუშევრის პრემიერასაც უმასპინძლებს. ფილმის სიუჟეტი Only God Forgives (“მხოლოდ ღმერთი მოგვიტევებს”) ტაილანდში ვითარდება. მთავარი გმირი ჟულიანი (ამჯერადაც, ისევე როგორც Drive–ში, ამერიკის ამჟამინდელი სექსსიმბოლოს, რაიან გოსლინგის შესრულებით) ბანგკოკის კრიმინალურ სამყაროში ნარკოტიკების კონტრაბანდას ეწევა. ჟულიანის დედა (კრისტინ სკოტ ტომასი) შვილისგან ითხოვს, რომ გარდაცვლილი ძმის გამო შური იძიოს. გარდიანის შეფასებით, Only God Forgives ალბათ ყველაზე მეინსტრიმული სურათია, რომელიც წლევანდელ კონკურსში მოხვდა. მიუხედავად ამისა, ბრიტანული გამოცემა თავის მკითხველებს ურჩევს, ეს სურათი არ გამოტოვონ.

 

მომდევნო ამერიკული სურათი კანის წლევანდელ სელექციაში რეჟისორ ჯეიმზ გრეის „ემიგრანტია“ (ფილმის სამუშაო სათაური „Lowlife“ იყო). რომანტიკულ დრამაში, ფანტასმაგორიული ელემენტებით, მთავარ როლებს ჰოაკინ ფენიქსი და  მარიონ კოტიარდი ასრულებენ. ჯეიმზ გრეის და ჰოაკინ ფენიქსი ბოლო ხანებში აქტიურად თანამშრომლობენ. ფენიქმა  მთავარი როლები განასახიერა რეჟისორის ნამუშევრებში –  We Own The Night (2007) და Two Lovers(2008).

რაც შეეხება კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ამერიკელ რეჟისორ სოფია კოპოლას, მისი ახალი სურათი The Bling Ring ამჯერადაც კანის მთავარი კონკურსის გარეთ დარჩა, თუმცა კანის ერთ–ერთ სექციას – Un Certain Regard-ს, ანუ “განსაკუთრებულ ხედვას” გახსნის.  “თვითმკვლელი ქალწულების” მსგავსად, ფილმი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული, რომელშიც მთავარ როლს “ჰარი პოტერის” ვარსკვლავი ემა უოტსონი თამაშობს. მისი გმირი მეგობრებთან ერთად ინტერნეტით ცნობილი ადამიანების ადგილმდებარეობას იკვლევს, რათა შემდეგ მათი სახლები გაძარცვოს. სოფია კოპოლას ნამუშევრის პრემიერა კანის კინოფორუმზე უკანასკნელად 2006 წელს შედგა –  ფილმით „მარია-ანტუანეტა“. ალბათ გასაკვირი არ არის, რომ ფრანგებისთვის უფრო საინტერესო მათი ექსტრავაგანტული დედოფლის ბიოგრაფიის კრეატიული ინტერპრეტაცია აღმოჩნდა, ვიდრე ამერიკელ თინეიჯერების ცხოვრება.

საკონკურსო სექციაშია რომან პოლანსკის ახალი ფილმიც – Venus in Fur, რომელშიც რეჟისორმა თავისი მეუღლე ემანუელ სინერი გადაიღო. ფილმი მსახიობის შესახებაა, რომელიც ცდილობს რეჟისორი დაარწმუნოს, რომ იდეალურია როლისთვის.

რა თქმა უნდა, მთავარ კონკურსში ფრანსუა ოზონის ახალი სურათის პრემიერაც შედგება. “ახალგაზრდა და ლამაზი” (Jeune et jolie) 17 წლის გოგონას პორტრეტია წამყვანი კლასიდან, რომელიც გაურკვეველი მიზეზების გამო პროსტიტუციას მიჰყოფს ხელს. ანოტაციის მიხედვით, ფილმს აქვს 4 ნაწილი და 4 სიმღერა – რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს…

კანის მთავარ კონკურსში ახალი ფილმით ბრუნდება ირანელი რეჟისორი აშგარ ფარჰადიც. ავტორი გახმაურებული  ფილმებისა “ელის შესახებ” (About Elly) და “განქორწინება” (A Separation) 2013 წლის კონკურსში წარმოდგენილი იქნება ფილმით Le Passé (“წარსული”) –  „არტისტის“ ვარსკვლავის, ბერენის ბეჟოსა და თაჰარ რაჰიმის მონაწილეობით, რომელიც მთავარ როლს ასრულებს 2009 წლის კანის ფესტივალის გრან პრის მფლობელ ფილმში “წინასწარმეტყველი” (A Prophet). შესაძლოა, ირანული კინო საფრანგეთში მართლაც „მოდიდან გავიდა“, თუმცა ამ ავტორის ახალი სურათი, 2011 წლის წარმატებიდან გამომდინარე (A Separation), ალბათ ფესტივალის ძირითად კონკურსში წარმოდგენილ ფილმებს შორის ერთ-ერთია, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებენ.

რაც შეეხება გახსნისა და დახურვის ფილმებს – როგორც აქამდეც ცნობილი იყო, კანის 66–ე ფესტივალს ბაზ ლურმანის სამგანზომილებიანი “დიდი გეთსბი” გახსნის, ხოლო წლის უმნიშვნელოვანეს კინოფორუმს ფრანგი რეჟისორის ჟერემი საიეს პოლიტიკური ტრილერი “Zulu” დახურავს. ფილმში, რომლის მოქმედებაც სამხრეთ აფრიკაში ხდება, მთავარ როლებს ფორესტ უიტაკერი და ორლანდო ბლუმი ასრულებენ.

კინოფესტივალის ძირითადი კონკურსის მონაწილეთა სრული სია ასე გამოიყურება:

მასალების გადაბეჭდვის წესი