კინოხელოვნება

შანსი იხილოთ ჩარლი ჩაპლინი ფირზე [Video]

17 აპრილი, 2013 • • 3284
შანსი იხილოთ ჩარლი ჩაპლინი ფირზე [Video]

ჩარლი ჩაპლინის კოლექცია, რომელიც 16–დან 18 აპრილამდე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში იქნება გამოფენილი, თეატრალურის თეატრისა და კინოს მუზეუმში მოხვედრამდე კერძო კოლექციონერის, ლალი გორგასლიძის საკუთრებაში იყო.

ამჟამად თეატრალურის თეატრისა და კინოს მუზეუმის დირექტორი ლალი გორგასლიძის ფოტო, ვიდეო, საგაზეთო მასალას, დიაფილმებსა და 8 თუ 16 მმ-იან ფირებთან ერთად ფირების გამშვები ტექნიკის საინტერესო კოლექციასაც ფლობს.

2011 წლიდან კი მისი კერძო კოლექცია თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში განთავსდა. კოლექციონერის თქმით, ეს მასალა ყველაზე მეტად საჭირო სწორედ უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტებისთვის არის. თუმცა გამომდინარე ფირების ფაქიზი ბუნებიდან, ჩვენებები, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ წელიწადში ერთხელ იმართება.

16 მილიმეტრიანი ფირი
16 მილიმეტრიანი ფირი

მუზეუმის საკუთრებაში არსებული ყველაზე ძველი ფირი 1923 წლის ფილმი “პილიგრიმია,” რომელიც დაახლოებით იმდენივე წლისაა, რამდენისაც ფილმი და ის 16 აპრილის გაშვებისას ორჯერ გაწყდა, რამაც კიდევ უფრო გაამარტივა, საიუბილეო ჩვენებაზე დამსწრეთათვის თავი გასული საუკუნის დასაწყისის ცელულოიდის წარსულში, ერთ–ერთ პირველ კინოჩვენებაზე წარმოედგინათ და დარბაზიდან ხან “მორიგე” ეყვირათ, ხან კიდევ “საპოჟნიკ”.

კინომექანიკოსის მოვალეობას კი ბატონი ალბერტი ასრულებდა – პროფესიით კინოინჟინერი, რომელიც ჩვენთან საუბარში ხაზს უსვამდა, რომ ფირზე ფილმი საბჭოთა ჯარში მსახურებისა და ჯარისკაცებისათვის ჩვენებების მოწყობის შემდეგ შემდეგ აღარ გაუშვია.

კოლექციის მეპატრონის, ლალი გორგასლიძის თქმით, ის ყოველ წელს ცდილობს აღნიშნოს ჩაპლინის დაბადების დღე, თუმცა ამჯერად, თეატრისა და კინოს სახელიმწიფო უნივერსიტეტის თანამონაწილეობის მეშვეობით, ღონისძიება უფრო მასშტაბური გამოვიდა.

თეატრალურის თანამონაწილეობა კი ამჯერად საგამოფენო სივრცის დათმობასა და მუზეუმის ზოგიერთი ექსპონატისათვის ჩარჩოების დამზადებაში მდგომარეობდა.

16 აპრილს გამართული საიუბილეო ჩვენება “დახურული” იყო და მოსაწვევები დარიგდა. ჩვენებაზე ყველაზე კარგი დრო ბავშვებმა გაატარეს, რომელთაც სპეციალურად ამ ჩვენებიბისათვის მოწყობილი დარბაზის მოწინავე რიგები ეჭირათ.

მომდევნო ორი ჩვენება, რომელზე დასწრებაც ყველა მსურველისთვის თავისუფალია, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში 17 და 18 აპრილს, 17:00 სთ–ზე გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი