ხელოვნება

ქართველი სპეციალისტები თურქეთში გაემგზავრებიან

12 აპრილი, 2013 • 1681
ქართველი სპეციალისტები თურქეთში  გაემგზავრებიან

დღეს ანკარაში, თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მარინე მიზანდარისა და თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილის ოზგურ ოზასლანის ოფიციალური შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ 17 აპრილს თურქეთში ქართველი სპეციალისტებისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება.


ინფორმაციას ამის შესახებ კულტურის სამინისტრო ავრცელებს.


იშხანი
იშხანი

“თურქულმა მხარემ სრულად გაიზიარა ქართული მხარის პოზიცია, რომ მნიშვნელოვანი იქნება ქართველი სპეციალისტების ჩართვა რეკომენდაციებისა და მითითებების შესამუშავებლად, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს სამუშაოები იშხანზე და რა ხარვეზების გამოსწორებაა შესაძლებელი. თურქული მხარე თანახმაა გაითვალისწინოს ქართველი სპეციალისტების რეკომენდაციები  იშხნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ყველა ეტაპზე”, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს გავრცელებულ პრეს რელიზში. 

 

მარინე მიზანდარისა და ოზგურ ოზასლანის შეხვედრაზე შედგა სიტყვიერი შეთანხმებაც – თურქეთის მხარის კეთილი ნების ნიშნად, ქართველი სპეციალისტები იშხანთან ერთად ოშკსაც მოინახულებენ.

 

მოლაპარაკებებს ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, თურქეთის კულტურული მემკვიდრეობისა და მუზეუმების გენერალური დირექტორატის დირექტორი აბდულა კოჯაფინარი, საგარეო ურთიერთობისა და ევროკავშირთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ონურ გოზე.

 

იშხანში ქართველი სპეცაილისტების მონაწილეობის გარეშე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროებით შეჩერების თხოვნით თურქეთის მხარეს რამდენიმე დღის წინ მიმართეს საქართველოს კულტურის სამინისტრომ და საპატრიარქომ, რის შემდგაც საქართველოს დელეგაცია თურქეთში გაემგზავრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი