ხელოვნება

რურუა: ჩვენ ვგეგმავდით მეჩეთის გახსნას, ოღონდ ფუნქციის გარეშე

10 აპრილი, 2013 • • 1585
რურუა: ჩვენ ვგეგმავდით მეჩეთის გახსნას, ოღონდ ფუნქციის გარეშე

მისი თქმით, როგორც ქართული, ისე მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლები დროულად არის გადასარჩენი:

 

“ახლა მოლაპარაკება ისევ აღდგა, რაც კარგია, რასაც, რა თქმა უნდა, მივესალმები,” – ამბობს რურუა.

 

ნიკოლოზ რურუა
ნიკოლოზ რურუა

ყოფილი მინისტრის განცხადებით, 2 წლის წინ თურქეთის კულტურის სამინისტროსთან მიღწეულ შეთამხმებას აღდგენა და რეალიზაცია არ ეღირსა. ნიკა რურუას განცხადებით, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ძეგლების რესტავრაცია აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის პოლიტიკური დავის საგნად ქცევამ შეაფერხა.

 

“მოლაპარაკებებში, რომლებშიც მეც ვიღებდი მონაწილეობას, თურქული მხარე მორიდებულად, მაგარამ, ამავე დროს, საკმაოდ მეთოდურად ითხოვდა განადგურებული აზიზიეს მეჩეთის აღდგენას იმ ადგილას, სადაც ჩვენ მივუთითებდით, რადგან ორიგინალურ, პირველად ადგილას დღეს სხვა შენობა დგას,” – აცხადებს ნიკა რურუა.

 

ყოფილი კულტურის მინისტრის განცხადებით, პროდასავლურობის გამო მოკლული სულთან აზიზიეს სახელობის მეჩეთი ხის მომცრო შენობა იყო.

 

“ჩვენ ვგეგმავდით ასეთივე მეჩეთის გახსნას, ოღონდ ფუნქცის გარეშე, რომელიც იქნებოდა კულტურის ცენტრი. ახლა მოლაპარაკებებში უკვე ფიგურირებს მეჩეთი, რომელიც იფუნქციონირებს უკვე საკულტო დატვირთვით,” – ამბობს ნიკოლოზ რურუა.

 

ყოფილი მინისტრის განცხადებით, ამაში პრობლემას ვერ ხედავს, რადგან მეჩეთი საქართველოს მუსლიმი მოქალაქეების სალოცავია და ისინი აჭარაში მრავლადაა:

 

“მე არ მაქვს იმის შიში, რომ ეს ერთი მეჩეთი დააზიანებს საქართველოს ინტერესებს,” – ამბობს ნიკა რურუა.

 

მისი განცხადებით, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ძეგლების რესტავრაცია აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის პოლიტიკური დავის საგნად ქცევამ შეაფერხა.

 

რაც შეეხება რაბათის სახურავის ფერისა და ცხაურების ცვლილებას, ყოფილი კულტურის მინისტრის აზრით, რაბათს შესაძლოა ნებისმიერი ფერის სახურავი ჰქონდეს, მაგრამ ეს ცვლილებები ზედმეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

 

ნიკა რურუას განცხადებით, თურქული მხარის ამ პროცესში ჩაურთველობა ტყუილია და თურქეთის ელჩი ამ პროცესთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო, მან სპეციალისტებიც ჩამოიყვანა ადგილის სანახავად, ყოფილმა კულტურის მინისტრმა კი ის პირადად გააგზავნა ამ რესტავრაციის კურატორებთან.

 

“ამას კურურებდა ვანო მერაბიშვილი, რომელიც, როგორც ვიცით, წარმოშობით არის ამ მხრიდან და მას უნდოდა რაბათის კომპლექსის აღდგენაში წამყვანი როლი ჰქონოდა, როგორც ორგანიზატორს. თუმცა კონკრეტულ დეტალებში ის არ ჩარეულა, ეს ტყუილია, ყველაფერი რესტავრატორებმა გააკეთეს,” – ამბობს ნიკოლოზ რურუა.

 

ნიკა რურუას განცხადებით, მისთვის უცნობია, რამდენად მნიშვნელოვანი იყო რაბათზე რუსული კვალი, გარდა იმისა, რომ იქ იყო ყაზარმა და ციხე. ყოფილი კულტურის მინისტრის აზრით, რაბათზე დაცული უნდა იყოს მხოლოდ ის პირველადი სახე, რომელიც აშენებული იყო ქართველი თავადების, ჯაყელების მიერ.

 

ყოფილი მინისტრის განცხადებით, დეტალური ჩარევა რაბათის კომპლექსში გამორიცხული არ არის:

 

“თუმცა აუცილებლობა ამისა უნდა კარგად ჩანდეს. მე ამ წუთას ამას ვერ ვხედავ”.

 

პრესკონფერენციაზე კულტურის მინისტრი მცხეთაში იუსტიციის სახლის მშენებლობასა და ბაგრატის კომპლექსების თემასაც შეეხო. ნიკა რურუას აზრით, მცხეთის მაცხოვრებელთ სჭირდებათ სერვისები და ადმინისტრაციული დანიშნნულების შენობები და იუსტიციის სახლებს დანგრევა არ უნდა ემუქრებოდეს:

 

“მცხეთა დიდი ქალაქია, სადაც რადიკალური ცვლილებები გამომდინარე მისი ისტორიული მნიშვნელობიდან არ არის რეკომენდირებული. ჩემი აზრით, იუსტიციის სახლი იქ არაფერს არ ცვლის ისე, რომ მცხეთის იმიჯს რამე ზიანი მიაყენოს,” – ამბობს რურუა – “თუ ის ისეთ ადგილას არის, რომ მაინცდამაინც რაღაცას აფუჭებს, კი, მესმის, მაგრამ მაინც ეჭვი მაქვს, რომ ჯინიანობასთან გვაქვს საქმე.”

 

ნიკა რურუას განმარტებით, იუნესკოს აზრი არ არის ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტება და მათ წინაშე არგუმენტების წარდგენა შესაძლებელია. მისი აზრით, იუნესკოსთან კარგი, მეთოდური მუშაობის შემთხვევაში შესაძლოა ორივე მხარისთვის მისაღები კომპომისი იქნას გამონახული:

 

“რაც აგრეთვე გასაკეთებელი აქვს ახლანდელ კულტურის სამინისტროს ბაგრატთან დაკავშირებთ”.

 

ყოფილი მინისტრის განცხადებით, გიორგი ცენცაძის მიერ სახეცვლილი ბაგრატი იუნესკომ რესტავრაციის სიაში შეიტანა მას შემდეგ, რაც მას პირვანდელი სახე უკვე შეცვლილი ჰქონდა.

 

“ჩემი აზრით, ამ სიაში ყოფნა-არყოფნაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბაგრატს არ ემუქრება დანგრევა, გამოქარვა ან სეისმური ძვრები. ის რეგიონში ყველაზე გამძლე შენობაა, 9 – 10 ბალზეა გათვლილი,”  – განმარტავს რურუა.

 

“ეს არის პროექტები, რომლითაც ამაყობდა წინა ხელისუფლება, ახლა კი ახალი ხელისუფლება ამ პროექტების დაკნინებითაა დაკავებული,”  – ხაზს უსვამს ყოფილი კულტურის მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი