ხელოვნება

კულტურის სამინისტრო იშხანში მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს

8 აპრილი, 2013 • 1499
კულტურის სამინისტრო იშხანში მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს

იშხნის ტაძარზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების ადგილზე გასაცნობად თბილისიდან დარგის სპეციალისტებისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება, საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის მარინე მიზანდარის ხელმძღვანელობით.

 

იშხანი
იშხანი

 

“სამინისტრო გეგმავს საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მურათ ბურჰანის მოწვევას;  დიპლომატთან შეხვედრამდე კი კულტურის სამინისტროდან დღესვე გაიგზავნა წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მაია ფანჯიკიძის უწყებას თურქულ მხარესთან შუამდგომლობას სთხოვს იშხანში მიმდინარე სამუშაოების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კულტურის სამინისტროს ავრცელებს. 

 

“ჩვენ შარშან შევხვდით თურქ კოლეგებს, რომელთაც გააკეთეს პროექტი იშხანის შესახებ, რომელიც გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ ანაზომები და ის არ არის დამყარებული არანაირ სამეცნიერო კვლევაზე: ეს კვლევები გახლვთ – არქეოლოგია, სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, გეოლოგია. ამის გარეშე ყველანაირი პროექტი წარმოუდგენელია, ამიტომ ჩვენ დაუყოვნებლივ ვითხოვთ, რომ დროებით, რამდენიმე დღით, იქ ყველანაირი სამუშაოები შეჩერდეს”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი.

 

მისივე თქმით, იშხანში სააგენტოს სპეციალისტებისა და კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობის ჩასვლა ხუთშაბათს იგეგმება:

 

“თურქული მხრიდანაც,  შესაბამისად,  კულტურის სამინისტრო და იქაური სპეციალისტები უნდა იყვნენ წარმოდგენილნი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმისთვის, რათა ეს პროცესი არ შევიდეს ჩიხში, ქართულმა მხარემ თავის თავზე უნდა აიღოს ქართველი სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების ხარჯები, რომელთაც სწორი გზა უნდა მისცენ სარეაბილიტაციო პროექტს”.

 

პაატა გაფრინდაშვილის განცხადებით, იშხანში სამუშაოები დიდი ხნის დაწყებული არ არის, თუმცა არსებითია ის, რომ ისინი აბსოლუტურად ზედამხედველობის გარეშე მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი