ხელოვნება

თბილისის მოდის კვირეული 23–26 აპრილს ჩატარდება

3 აპრილი, 2013 • • 1504
თბილისის მოდის კვირეული 23–26 აპრილს ჩატარდება

როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა თაკო ჩხეიძემ განაცხადა, წლევანდელი მოდის კვირეული 23–26 აპრილს მუზეუმ “ქარვასლაში” ჩატარდება. აქ იქნება განთავსებული ჩვენებების პოდიუმი, ასევე, დიზაინერების კოლექციების შოურუმი და ქართველი აქსესუარების დიზაინერების ახალი ნამუშევრების გამოფენაც.

“ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოდის, ამიტომ არჩევანი ძველ თბილისზე შევაჩერეთ. მე მგონი, ძალიან ლამაზი ადგილია და ყველა სტუმრისთვისაც საინტერესო იქნება თბილისის დათვალიერება,”– ამბობს თაკო ჩხეიძე – “ქარვასლა რამდენიმე დღით თბილისის მოდის მექად გადაიქცევა.”

წელს თბილისის მოდის კვირეულში პირველად მონაწილეობენ უცხოელი დიზაინერები. თავის კოლექციებს წარადგენენ: აინურ ტურისბეკი, კსენია შნაიდერი უკრაინიდან და მარკ ბაუერი – ცნობილი ამერიკელი დიზაინერი, რომელიც ძირითადად საღამოს კაბებზე მუშაობს, მის კლიენტებს შორის კი არიან მომღერალი ბიონსე და ანჯელინა ჯოლი. კვირეულზე წარმოდგენილი იქნება მარკ ბაუერის რამდენიმე კოსტუმი მისი უკანასკნელი კოლექციიდან.

ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალს საერთაშორისო პრესაც გააშუქებს, მათ შორის, „ბიურო 24/7” (მოსკოვი), ჯანლუკა სენესე (იტალია), ჟურნალები “L’Officiel” და “ნარგიზი” (აზერბაიჯანი), ჟურნალი „OK” (თურქეთი), რომელთაც ფესტივალის სხვა სტუმრებთან ერთად- დიზაინერებს, სტამბულისა და ყაზახეთის მოდის კვირეულის ორგანიზატორებსა და ბაიერებს- სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისი“ უმასპინძლებს.

თაკო ჩხეიძის თქმით, თბილისის მოდის კვირეულის ერთ–ერთი სიახლეა ფრანგულ სააგენტო „Paris Planet Fashion”–თან თანამშრომლობის დაწყება, რომელიც თბილისის მოდის კვირეულის პარტნიორი და წარმომადგენელი გახდა ევროპაში.

შემოდგომა–ზათრის სეზონის კოლექციებს თბილისის მოდის კვირეულზე 20–მდე დიზაინერი წარადგენს. მათ შორის- რია ქებურია და გიორგი შაღაშვილი, ეკა ბალანჩივაძე, ქეთი ჩხიკვაძე, აკა ნანიტაშვილი, ატელიე 10ა, ატელიე კიკალა, ატელიე დალოოდი, ატელიე მატერია, ტატუნა ნიკოლაიშვილი და ავთანდილ ცქვიტინიძე.

მოდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია დიზაინერების სიმონ მაჩაბელისა და თამარა კოპალიანი პრეფომანსებიც. თბილისის სამხატვრო აკადემიასთან თანამშრომლობით გაიმართება კი დამწყებ დიაზინერთა კონკურსი “New Comers Day”.

თბილისის მოდის კვირეულზე კასტინგის შედეგად შერჩეული სხვადასხვა სააგენტოს 26 მოდელი იმუშავებს.

ორგანიზატორების განცხადებით, კვირეულის ფარგლებში რამდენიმე მასტერკლასისა და მრგვალი მაგიდის გაიმართვაც არის დაგეგმილი, სადაც  უცხოელი სტუმრები პროფესიონალ თუ დამწყებ დიზაინერებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი