კინოხელოვნება

კინოცენტრის საექსპერტო კომისიის წევრთა რაოდენობა იზრდება

28 მარტი, 2013 • • 1105
კინოცენტრის საექსპერტო კომისიის წევრთა რაოდენობა იზრდება

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი

კინოცენტრი მუშაობს კიდევ ერთი, კოპროდუქციის კომისიის დასამტკიცებლად, რომელიც სავარაუდოდ 5 წევრისგან იქნება შემდგარი.

 

“ჩვენ ორი დღეა უკვე ვმუშაობთ საექსპერტო კომისიის შემადგენლობაზე. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ კომისია ყველა თაობის პერსონალიებით ყოფილიყო დაკომპლექტებული. გარდა ამისა, გავზარდეთ კომისიის წევრთა რაოდენობა”, – განაცხადა “ნეტგაზეთთან” საუბარში კინოცენტრის დირექტორმა ნანა ჯანელიძემ.

 

მისივე თქმით, კინოს სფეროში ყველა აქტიური ადამიანი ცდილობს კინოცენტრში თავისი პროექტი შეიტანოს. მეტი წევრი კინოცენტრის კომისიაში კი პროექტების დამტკიცებისას ობიექტურობის დაცვას მეტად უზრუნველყოფს.

 

 “9 წევრის შემთხვევაში უკვე მეტნაკლებად შესაძლებელია თქვა, რომ დაცულია ობიექტურობა. 3 ადამიანი შესაძლოა რაღაც გავლენის ქვეშ მოექცეს, მაგრამ 9 წევრის შემთხვევაში ეს უკვე რთულია”.

 

საექსპერტო კომისიების წევრთა რაოდენობა კინოცენტრის არსებობის მანძილზე სხვადასხვა დროს სხვადასხვა იყო, თუმცა, როგორც წესი, არ აღემატებოდა 5 წევრს. ამ კვირაში  ეროვნული კინოცენტრის სამი საექსპერტო კომისია, ახალი მმართველის დანიშვნის შემდეგ, კინოცენტრში პირველად იკრიბება.  

 

რაც შეეხება კომისიის წევრების ვინაობას, კინოცენტრი ამ ინფორმაციას მხოლოდ კომისიის წევრებთან შეთანხმებით გამოაქვეყნებს. ნანა ჯანელიძის თქმით, ეროვნული კინოცენტრის გამოცდილებით, რომელიც საექსპერტო კომისიის წევრი თავადაც ყოფილა, კომისიის წევრთა ვინაობის საჯაროობის შემთხვევაში, ისინი ხშირად დიდი პრესის ქვეშ ექცევიან რეჟისორების მხრიდან.

 

“კინოცენტრის კანონმდებლობა ამას არ არეგულირებს. ამას მხოლოდ კომისიის წევრებთან შეთანხმებით გადავწყვეტთ”, – ამბობს ნანა ჯანელიძე.

 

საექსპერტო კომისიის მიზანი კონკურსის წესით საუკეთესო კინოპროექტების გამოვლენაა მათი რეალიზების მიზნით. კინოცენტრის დებულების თანახმად, საექსპერტო  კომისია შეიძლება დაკომპლექტდეს არანაკლებ 3 და არაუმეტეს 11 წევრისაგან, რომელთაც ნიშნავს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი