კინოხელოვნება

“მე და შენ” – ბერტოლუჩის კლაუსტროფილია

19 მარტი, 2013 • • 3131
“მე და შენ” – ბერტოლუჩის კლაუსტროფილია

მე და შენ
მე და შენ

ფილმი სახელწოდებით “მე და შენ”, რომლის პრემიერაც გასულ წელს კანის საერთაშორისო ფესტივალის არასაკონკურსო სექციაში შედგა, 14 წლის ლორენცოს, ინტრავერტული და არაკომუნიკაბელური თინეიჯერის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც  კლასთან ერთად სათხილამურო კურორტზე წასვლის ნაცვლად, ამჯობინებს არდადაგები მშობლების უჩუმრად სახლის სარდაფში დამალულმა გაატაროს. აქ, სარდაფში ვითარდება ფილმის მოქმედების უდიდესი ნაწილი, რადგან ლორენცოს განმატოების მყურდოებას უნებურად დაარღვევს უფროსი ნახევარ– და. 25 წლის ოლივიას, თავის მხრივ, ნარკოტიკებთან აქვს პრობლემები.

“კლაუსტროფობია” – ასე ახასიათებს მთავარი გმირის პრობლემას თავად რეჟისორი. “ამ ბიჭის გმირის მარტოობა ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა ჩემთვის“ – ამბობს ბერტოლუჩი თავის ინტერვიუში “ჰოლივუდ რეპორტერთან”. “მე და შენ” ახალგაზრდა იტალიელი ავტორის, ნიკოლო ამანიტის წიგნის მიხედვითაა გადაღებული  – “ფილმზე მუშაობის პროცესში ძალიან ბევრს ვიპარავდი ყოველდღიური ცხოვრებიდან. ზოგჯერ ჩემი კამერის წინ ისეთი კომპლექსური და ლამაზი რაღაცეები ხდებოდა, რომ ვივიწყებდი რა იყო დაწერილი და რეალობას მივყვებოდი”.

ბერნარდო ბერტოლუჩი
ბერნარდო ბერტოლუჩი

ფილმი სარდაფში გამოკეტილ თინეიჯერზე, რომელიც გარე სამყაროსგან იზოლირებას ცდილობს, ინვალიდის სკამზე მიჯაჭვულმა რეჟისორმა თითქმის 10 წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ გადაიღო. ამასთან, ეს მისი პირველი იტალიურენოვანი ფილმია ბოლო 30 წლის განმავლობაში. ბერტოლუჩისვე თქმით, ფილმის გადაღება კანის ფესტივალის საპატიო ოქროს პალმის რტოს მიღებამ გადააწყვეტინა. ასევე მისწერა ფესტივალის დირექტორს 2011 წელს, როდესაც “მე და შენ” კანში გააგზავნა: “ეს ფილმი ფესტივალის დამსახურებაა – თქვენ მე სცენაზე დამაბრუნეთ”.

“უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ფილმებს აღარ გადავიღებდი, ჩემმა მდგომარეობამ მაიძულა მეფიქრა, რომ ეს უკვე დასასრული იყო” – აღიარებს რეჟისორი, რომელსაც, 16 მარტს 73 წელი შეუსრულდა.

შესაძლოა სწორედ ავადმყოფობაა მიზეზი იმისა, რომ ბერნარდო ბერტოლუჩი, მისი დიდი თანამემამულე ლუკინო ვისკონტის მსაგავსად, უკანასკნელ ნამუშევარებზე ინტერიერში მუშაობს და მისი გმირებიც, სხვადასხვა მიზეზის გამო კლაუსტროფობიულ სივრცეში არიან გამოკეტილები.

“ერთ ადგილზე ყოფნა მომწონს. ამან შესაძლოა კლაუსტროფობიული შეგრძნება შექმნას. თუმცა ჩემთვის კლაუსტროფობია თითქმის მაშინვე გარდაიქმნება კლაუსტროფილიად. ეს ძალიან მომწონს”.

 

მეოცნებენი (2003)
მეოცნებენი (2003)

საერთაშორისო პრესა და კინოკრიტიკოსები ბერტოლუჩის ახალ ფილმზე წერისას პარალელებს რეჟისორის ადრეულ ფილმებთან ავლებენ: ახსენდებათ “მთვარე”, “ალყაში”, “უკანასკნელი ტანგო პარიზში”, რა თქმა უნდა “მეოცნებენი” – განსაკუთრებით პოპულარული სურათი ახალგაზდა ქართველ მაყურებელთა რიგებში, შესაძლოა მისი პროვოკაციული, პერვერსიული ბუნების, ან, რეჟისორს მსგავსად, კლაუსტროფილური მიდრეკილებების გამო ახალგაზრდა მაყურებელთა შორის, იტალიელი მაესტროს სავიზიტო ბარათი გახდა. ახალ ფილმშიც, ისევ ახალგაზრდები, და ისევ იზოლაცია გარე–სამყაროსაგან დროებით თავშესაფარში.

კითხვას მის უკანასკნელ ნამუშევარებში (“მეოცნებენი”, “მე და შენ”) ახალგაზრდა გმირებით დაინტერესების შესახებ ბერტოლუჩი ხუმრობით პასუხობს “არამგონია საქმე პედოფილიასთან გვქონდეს… მაგრამ ახალგაზრდებთან თავს კარგად ვგრძნობ. ახალგაზრდობა გადამდებია.”

ახალგაზრდების საპასუხო დაინტერესება კი ბერტოლუჩის ფილმის მიმართ კანში დიდი არ ყოფილა, წერს კინოკრიტიკოსი გოგი გვახარია თავის “ჩანაწერებში კანის კინოფესტივალიდან“. რამდენად აინტერესებს ქართველ ახალგაზრდა მაყურებელს ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმი იტალიელ თინეიჯერებზე, 21 მარტის შემდეგ შევიტყობთ, როდესაც “მე და შენ” თბილისის კინოეკრანებზე გამოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი