კინოხელოვნება

კინოცენტრი და კინოსტუდია არ გაერთიანდება

14 თებერვალი, 2013 • 1445
კინოცენტრი და კინოსტუდია არ გაერთიანდება

საქართველოს კინოცენტრი “ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” 2000 წლის 5 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნული კანონის შესაბამისად კინოცენტრის დირექტორის შესარჩევად საჭირო იყო ეროვნულ კინოცენტრს, კულტურის სამინისტროსა და კინემატოგრაფისტთა ეროვნულ-შემოქმედებით კავშირს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, თუმცა 2004 წელს, მაშინდელი კულტურის მინისტრის გოკა გაბაშვილის ინიციატივით ცვლილება შევიდა კანონში, რომლის მიხედვით, ეროვნულ კინოცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი და მას თანამდებობაზე 3 წლის ვადით ნიშნავს კულტურის მინისტრი.

საქართველოში 2012 წელს მთავრობის ცვლილების შემდეგ, კინემატოგრაფისტთა კავშირის წარმომადგენლებმა მიმართეს პარლამენტს “ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თხოვნით, რომლითაც დირექტორი ისევ კანონის თავდაპირველი ვარინტის მიხედვით დაინიშნება.

“თავდაპირველი კანონმდებლობით, რომელიც 2000 წელს, კინოცენტრის ჩამოყალიბებასთან ერთად შეიქმნა, კინემატოგრაფისტთა კავშირი ჩართული იყო კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის პროცესში, რეკომენდატორისა და მრჩეველის სტატუსით, რაც შეიცვალა 2004 წელს. კანონის  ძველი ფორმულირების დაბრუნებით, ჩვენ მხოლოდ კონსულტაციების ფორმით, მინისტრისადმი რჩევებისა და კანდიდატურების წარდგენის უფლების დაბრუნებას ვითხოვთ”, – აცხადებს კინორეჟისორი, კინემატოგრაფისტთა კავშირის წარმომადგენელი ელდარ შენგელაია.

7 თებერვალს, კინემატოგრაფისტთა კავშირის ამ საკნონმდებლო ინიციატივის პარლამენტის კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილვის დროს, დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა , რომ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორიცაა კინემატოგრაფისტთა კავშირი, მინისტრისადმი რეკომენდაციის მიცემის უპირატესობას არ უნდა ფლობდეს. ხოლო თუ არსებობს მინისტრის მიერ დირექტორის ერთპიროვნულად დანიშვნის საფრთხე, ქანთარიას აზრით, პროფესიონალებისაგან შემდგარი ერთგვარი საბჭო, ან კომისია უნდა შეიქმნას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, კინოცენტრმა “რურუას მიერ დანიშნული ერთი ახალგაზრდა გოგონათი სათავეში” არ გაამართლა:

“ახლა მიდის საუბარი იმაზე, რომ… მოხდეს კინოცენტრისა და კინოსტუდიის გაერთიანება და ერთი წარმოების შექმნა.”

პარლამენტის წევრის ამ განცხადებას სახიფათოს უწოდებენ კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრები:

“საქართველოში არსებული  დამოუკიდებელი სტუდიები აწარმოებენ დამოუკიდებელ პროდუქციას, რომელიც ყოველწლიურად ფინანსდება კინოცენტრის სუბსიდიით, კონკურსის საფუძველზე და მათ თანაბარი უფლება აქვთ მიიღონ ეს სუბსიდია, ისევე, როგორც კინოსტუდია “ქართულ ფილმს”. გარდა ამისა, მსგავსი რეფორმა არსებულ კანონსაც არღვევს და სრულ კოლაფსში ჩააყენებს, ზოგადად, სექტორსა და მის პერსპექტივებს”.

კინოსტუდიისა და კინოცენტრის შესაძლო გაერთიანების იდეას “აბსოლუტურ აბსურდს” უწოდებს კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი. მისი თქმით,  კინოცენტრისა და კინოსტუდიის ფუნქციები ძირეულად განსხვავდება ერთმანეთისაგან: ერთს ადმინისტრაციული, მეორეს კი შემოქმედებითი ფუნქცია აქვს.

მუშაობს თუ არა მართლაც კულტურის სამინისტრო კინოცეტრისა და კინოკავშირის გაერთიანების პროექტზე? – ამ კითხვით “ნეტგაზეთმა” კულტურის სამინისტროს პრესსამსახურს მიმართა, სადაც აცხადებენ, რომ ასეთი ინიციატივა და კინოცენტრის სტატუსის გადასინჯვა კულტურის სამინისტროს დღის წესრიგში არ დგას.

რაც შეეხება კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის საკითხს, ელდარ შენგელაიას თქმით, პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებაში კულტურის მინისტრის რეკომენდატორად მხოლოდ კინემატოგრაფისტთა კავშირის მითითება შეცდომა იყო, თუმცა მარტივად გამოსწორებადი:

“ჩვენ ამ კანონით ერთადერთ რამეს ვითხოვთ, რომ კინოკავშირს და ყველა მსხვილ გაერთიანებას კინოში, შეეძლოს წარმოადგინოს თავისი კანდიდატურა. კონსულტაციების შემდგომ კი მინისტრმა მიიღოს გადაწყვეტილება და აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე”.

ამ ინიციატივას არ იზიარებს კინოცენტრის დღევანდელი ხელმძღვანელობა:

“კანონის დღევანდელი ფორმულირება სწორია, ის უნდა დარჩეს და ძველი ფორმულირების დაბრუნება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა… კულტურის მინისტრს უფლება აქვს კონსულტაციები გაიაროს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მაგრამ ამის ასახვა არ უნდა მოხდეს კანონში”, – აცხადებს თამარ ტატიშვილი.

ტატიშვილის კანდიდატურისადმი უკმაყოფილებას კინოკავშირის წარმომადგენლების ნაწილი იმ მოტივითაც ხსნიან, რომ ის წინა მთავრობის მიერ შერჩეული კადრი იყო. მათი პრეტენზია, ძირითადად, შეეხება იმას, რომ არასაკმარისად გამჭვირვალეა კინოცენტრის საქმიანობა და მხოლოდ გარკვეული წრის კინემატოგრაფისტების პროექტებს აფინანსებს, კინოპოლიტიკას კი კინემატოგრაფისტთა კავშირისა და გამოცდილი ქართველი რეჟისორებისაგან რეკომენდაციებისა და რჩევების მიღების გარეშე აწარმოებს.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას მხარდაჭერას უცხადებენ ახალგაზრდა ქართველი კინემატოგრაფისტები, ასევე, თამარ ტატიშვილის საქმიანობას პოზიტიურად აფასებენ რეჟისორები – ნანა ჯანელიძე, ზაზა ურუშაძე, ლევან კოღუაშვილი და სხვები, რომლებიც ხაზს უსვამენ კინოცენტრის უკანსკნელი წლების მიღწევებს.

კინოცენტრის საქმიანობას დადებითად აფასებს კინემატოგრაფისტთა კავშირიც და მაგალითად, წლების განმავლობაში კინოცენტრის მიერ დაფინანსებული წარმატებული ფილმების სტატისტიკა მოჰყავს.

იმ შემთხვევაში თუ კანონში ცვლილება არ განხორციელდა, კინოცენტრის ხელმძღვანელს თვის ბოლოს ისევ კულტურის მინისტრი დანიშნავს ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი