კინოხელოვნება

“კინდერის ბეჰემოტები” და ევროკავშირი – სამწუთიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებულები

3 თებერვალი, 2013 • • 1685
“კინდერის ბეჰემოტები” და ევროკავშირი – სამწუთიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებულები

3 წუთიანი ფილმების ფესტივალი
3 წუთიანი ფილმების ფესტივალი

ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივა სამწუთიანი ფილმების ფესტივალი – თემით “ევროკავშირი ჩემს მეზობლად” – გასული წლის 12 ოქტომბერს გაიხსნა. ის საშუალებას აძლევდა 14-25 წლამდე ქართველ ახალგაზრდებს მობილური ტელეფონის საშუალებით გადაეღოთ სამწუთიანი ფილმები და  საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკუთარი ხედვა წარმოედგინათ.  კონკურსში სულ 15-მა ფილმმა მიიღო მონაწილეობა, აქედან ათი ფილმი ფეისბუქის გვერდის მეშვეობით მაყურებელმა შეარჩია, საუკეთესო სამეული კი კინოპროფესიონალებისაგან შემდგარმა ჟიურიმ.

 

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა თავის მისალოც სიტყვაში აღნიშნა, რომ მხოლოდ სამი ფილმის დაჯილდოების მიუხედავად, ფესტივალის ინიციატორები 15–ივე ფილმს გამოიყენებენ, რათა ევროპას აჩვენონ, როგორ ხედავენ ქართველი ახალგაზრდები ევროკავშირს”.

 

ბორის იაროშევიჩი
ბორის იაროშევიჩი

“მე საკმაოდ მოხიბლული ვარ ზოგიერთი ამ ფილმის ხარსხითა და კრეატიულობით. ჩვენ ამ ფილმებს აუცილებლად გამოვიყენებთ მუშაობისას ევროპაში, რათა ვაჩვენოთ, თუ როგორია ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორბის გავლენა ადამიანების ყოველდღიურობაზე. ძალიან მალე 2013 წლის ფესტივალი გამოცხადდება. ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ურთიერთობისათვის, რადგან ჩვენ ვგეგმავთ სერიოზულ პროგრესირებას ჩვენს პარტნიორობაში.” – ბორის იაროშევიჩი.

 

ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

პირველი ადგილის მფლობელი ლაშა მესხი გახდა, ფილმით “ძალა ერთობაშია“, რომლის მთავარი გმირებიც ავტორის თანამედროვე ყველა ახალგაზრდისთვის კარგად ცნობილი “კინდერის” სათამაშოები არიან, უმეტესად “ბეჰემოტების სეიიდან”. სტოპმოუიშენით გაცოცხლებული “პიჰოები”– როგორც, სხვათა შორის, ერთ–ერთი პირველი ნიშნები დასავლეთისა საქართველოში  – დარდიმანდული ქართული სიმღერის ფონზე ევროკავშირის დროშას აღმართავენ.

 

მეორე ადგილი ნინო ბეჟანიძის “ემანსიპაციას” ერგო, რომელიც ქალთა პრობლემებას ეხებას. მისი მთავარი გმირი ქართველი ბებოა, რომელიც ძველ და ახალ დროებასა და ქალების ცხოვრების წესს ერთმანეთს ადარებს. მესამე ადგილი დაიმსახურა ფილმმა “მეზობლები“, რომელშიც ავტორი იკვლევს კითხვას, რას ნიშნავს იყო ევროკავშირის მეზობელი.

 

განსაკუთრებული მადლობით აღინიშნა, აგრეთვე, სოფია გურცაძის ფილმი.

 

ვერც ერთმა გამარჯვებულმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალზე მოსვლა ვერ მოახერხა, თუმცა მათი კუთვნილი პრიზები მობილური ტელეფონი “სამსუნგ გალა”(მე–3 ადგილი), ციფრული ფოტოაპარატი (მე–2 ადგილი) და iphone4 (პირველი ადგილი) მათ წარმომადგენლებს გადაეცათ.

 

ბორის იაროშევიჩმა განაცხადა, რომ 2013 წელს საქართველო და ევროკავშირი კიდევ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს, და ქართველი ახალგაზრდები გაამხნევა, კიდევ მიეღოთ მონაწილეობა მომდევნო წლის ფესტივალშიც, რომელის გამოცხადებასაც ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში  მალე გეგმავს.

 

კონკურსში მონაწილე ყველა ფილმი ფესტივალის ვებ-გვერდზე – www.eu3min.ge – შეგიძლიათ იხილოთ. 
 
3 წუთიანი ფილმების ფესტივალი
 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი