კინოხელოვნება

“რეფრეშის” მოლოდინში – ინტერვიუ F5-ის რეჟისორთან

25 იანვარი, 2013 • • 1467
“რეფრეშის” მოლოდინში – ინტერვიუ F5-ის რეჟისორთან

F5 posterფილმის გადაღებები გასული წლის მარტში დაიწყო და მთელი წლის მანძილზე სხვადასხვა ადგილას – წინანდლის მუზეუმში, ახალციხეში – რაბათის ტერიტორიაზე, მთაწმინდის პარკში, სასტუმრო Holiday Inn-ში, ლისის ტბაზე, მეტალურგიული ინსტიტუტის რკინის საამქროსა და სათამაშოების მაღაზიაში მიმდინარეობდა.

 

Kung Fu Junkie, TeTe, Landmark, Stia, Zurgi, Catch the clouds, Pornopoezia, Svansikh – ეს ის ბენდებია, რომელთა მუსიკის თავისებურ ვიზულურ ხედვასაც რეჟისორი ალექსანდრე ქორიძე სულ მალე შემოგვთავაზებს. ფილმის პრემიერამდე გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:


თქვენს ფილმოგრაფიას თუ გადავხედავთ, F5–მდე, ძირითადად, დოკუმენტურ კინოში მუშაობდით… როგორ აღმოჩნდით მოულოდნელად სრულიად სხვა ჟანრსა და კინოსპეციფიკაში, რამდენად ახლობელია თქვენთვის მიუზიკლის ჟანრი და რამდენად ადვილი იყო ეს ტრანზიცია – დოკუმენტალისტიკიდან მიუზიკლამდე?

 

დიახ, მართლაც დოკუმენტური კინოს რეჟისორი გახლავართ. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ რეჟისორმა რომელიმე კონკრეტული ჟანრით უნდა შეიზღუდოს საკუთარი შემოქმედება. პირიქით, ძალიან საინტერესოა სხვადასხვა ჟანრებში ძალების მოსინჯვა. რაც შეეხება მუსიკალურ მიმართულებას – 2004 წელს გადავიღე დოკუმენტურ-მუსიკალური ფილმი ნინო ქათამაძეზე „ზღვისეული“, ნამუშევარი, რომელიც შეიძლება, გარკვეულწილად,  „F5”-ის წინამორბედად ჩავთვალოთ. “F5”-ის იდეა საკმაოდ სპონტანურად დაიბადა. შარშან ახალი ფილმის იდეის ძიებაში ვიყავი, როდესაც ხელში ჟურნალი „ტაბულა არტი“ ჩამივარდა. გამოცემაში დიდი სტატია იყო ახალ ქართულ მუსიკალურ ბენდებზე. სწორედ ამ სტატიის წაკითხვის შემდგომ გაჩნდა “F5”-ის გადაღების სურვილი.


ფილმი შედგება რვა ნოველისგან, რომლებიც, თავის მხრივ, რვა ქართული მუსიკალური ბენდის სიმღერას ეფუძნება. როგორ შეირჩა ეს რვა მუსიკალური გაერთიანება?

 

მთავარი კრიტერიუმი ჩემი საკუთარი გემოვნება იყო. ამას გარდა, შერჩეული ბენდები ფართო მასებისათვის უკვე კარგად ცნობილი, მრავალწლიანი სტაჟის მქონე არ უნდა ყოფილიყვნენ. ჩემი აზრით, ისეთი ჯგუფები შევარჩიე, რომლებიც ჯერ კარიერული გზის დასაწყისში არიან, მაგრამ გარკვეული საინტერესო მიღწევები უკვე გააჩნიათ.

 

კადრი ფილმიდან F5
კადრი ფილმიდან F5

რა აერთიანებს ყველა ამ ნოველას, სხვადასხვა სიუჟეტით, ერთ ფილმში? რა ფაქტორებმა გაათავისუფლა თქვენი სურათი კლიპის ესთეტიკისაგან და აქცია მიუზიკლად? არის თუ არა ერთიანი დრამატურგიული ხაზი…

 

ფილმში რვა ნოველაა და რვავე ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია. ნოველებს შორის თითოეული ბენდის წარდგენაა. ზუსტად ეს წარდგენა აერთიანებს ნოველებს. საბოლოო ჯამში, ერთიანი ფილმი იკვრება.


არის თუ არა ნოველების მუსიკა ექსკლუზიურად ფილმისთვის დაწერილი? თუ ეს ამ ცნობილი ქართული ბენდების ახალი ნამუშევრებია, რომლებიც თქვენი ინსპირაცია გახდა?

 

სპეციალურად ფილმისთვის მუსიკა დაწერილი არ არის. ძირითადად, ბენდების  ცნობილი კომპოზიციებია შესული.


ვინ არის პროექტის ინიციატორი და ვინ აფინანსებს ამ მასშტაბურ კინო–მუსიკალურ ექსპერიმენტს ქართულ სივრცეში?

 

ფილმის პროდიუსერი მე თვითონ ვარ. ფილმის ბიუჯეტი, პრაქტიკულად, 90 პროცენტით ჩემი საკუთარი ინვესტიციაა. პროექტს ჰყავს მარტო ერთი სპონსორი  – სათამაშოების მაღაზიების ქსელი „ბანა“. ერთი მხრივ, რეჟისორისთვის ბევრად უფრო ადვილია, როდესაც პროექტში მისი საკუთარი ფინანსები არ არის დაბანდებული  – ამ შემთხვევაში ის ნაკლებად რისკავს (თუ ვლაპარაკობთ ფილმის კომერციულ წარმატებაზე), მაგრამ, მეორე მხრივ, რეჟისორი შემოქმედებით ასპექტში  გაცილებით უფრო თავისუფალია, როდესაც პროდიუსერის ფუნქციასაც საკუთარ თავზე იღებს.

კადრი ფილმიდან F5
კადრი ფილმიდან F5

რატომ F5 (რეფრეში)…?

 

იმიტომ, რომ გადატვირთვა გვჭირდება ყველაფერში – როგორც მუსიკაში, ისევე – საავტორო კინოშიც…


რა კუთხით შეიძლება იყოს თქვენი სურათი “დამარეფრეშებელი” საქართველოს კინო თუ მუსიკალური აუდიტორიისთვის? ერთ–ერთ ინტერვიუში ფილმის მთავარ მიზნად “საზოგადოების გამოფხიზლება” დაასახელეთ… გულისხმობთ მუსიკალური გემოვნების გადახალისებას, თუ თქვენი სურათს უფრო ამბიციური მიზნები აქვს?

 

„საზოგადოების გამოფხიზლება“, ვფიქრობ, ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. არ მჯერა, რომ რომელიმე კონკრეტულმა ფილმმა შეიძლება კარდინალურად რომელიმე საზოგადოება შეცვალოს. მაგრამ თუ ვინმე ახალ მუსიკას მოისმენს და ამით ისიამოვნებს, ან რომელიმე ახალგაზრდა კინოსპეციალისტს ეს პროექტი თუნდაც მცირე შემოქმედებით ბიძგს მისცემს – შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ფილმმა „მისია“ შეასრულა.


თქვენი აზრით, F5–ის გამოსახულებამ შესაძლოა ეს მუსიკა უფრო ახლობელი გახადოს მსმენელისთვის/მაყურებლისთვის?

 

ამის დამამტკიცებელი მაგალითი უკვე არსებობს. ასე, მაგალითად, მას შემდეგ, რაც ჯგუფ „სვანსიხის“ ნოველის „making of” ინტერნეტში განთავსდა, საკმაოდ ბევრმა ხალხმა გაიცნო ეს ბენდი. ვფიქრობ, რომ ფილმი დაეხმარება ახალ ქართულ მუსიკალურ ჯგუფებს მათი შემოქმედების პოპულარიზაციაში.

 

200

სანამ “F5”–ის მუსიკალური პროპაგანდის მექანიზმი სრული დატვირთვით ამუშავდება, ფილმის იდეითა და ინიციატივით, ან უბრალოდ ახალგაზრდა ქართული მუსიკით დაინტერესებულთ შეუძლიათ “რუსთაველისა” და “ამირანის”  კინოთეატრებში “F5”-ის სტენდი მოინახულონ, რომელიც საშუალებას აძლევს ყველას, ფილმში შესულ კომპოზიციებს წინასწარ მოუსმინოს და ფილმის პრემიერამდე მუსიკით ინსპირირებული იმიჯების საკუთარი ვიზუალური რიგი ავარჯიშოს – მოემზადოს “რეფრეშისთვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი