კინოხელოვნება

ჟენია გორინისა და ნინო ქათამაძის “ოცნება ბუნებრიობაზე”

24 იანვარი, 2013 • • 1359
ჟენია გორინისა და ნინო ქათამაძის “ოცნება ბუნებრიობაზე”

Jenya Gorin
Jenya Gorin

ფილმი ექსპერიმენტია, რომელიც ჯგუფ „Insight”-ის მუსიკისა (კერძოდ, ალბომის “GREEN”) და ოთხი ქვეყნის თანამედროვე ბალეტის მოცეკვავეთა იმპროვიზებული ცეკვის სინთეზს ახდენს. სხეულის მოძრაობებში გაჟღერებული ბგერები, პლასტიკით გადმოცემული მუსიკა, ცდილობს “ოცნება ბუნებრიობაზე”, უსიტყვოდ, მუსიკისა და სხეულის ინტერნაციონალურ ენაზე გამოხატოს. ნინო ქათამაძის ხმოვანებაც ინტერნაციონალურია და არ სჭირდება ენა იმისთვის, რომ ის გაიგო და იგრძნო. რადგან, როგორც თავად ნინო ამბობს, ეს არის მუსიკა ადამიანებისთვის, „მე მსოფლიო მოქალაქე ვარ“.

“…არავითარი ისტორია, არავითარი პოლიტიკა, არავითარი იდეოლოგია, არავითარი საინფორმაციო ფაშიზმი, არავითარი ხალხი და მათი შეხედულებანი. ფილმი მუსიკისა და ადამიანის სხეულის შერწყმაზეა, კამერა მხოლოდ ამ ინტიმურ პროცესს აკვირდება“ –ეროვნებით რუსი ჟენია გორინი, რომელიც 30 წლის წინ კალუგის (ოლქი რუსეთში) როკ–მოძრაობას ედგა სათავეში, 2012 წელს ნინო ქათამაძის და ჯგუფ „ინსაითის“ მუსიკით დაინტერესდა და შექმნა ფილმი, სადაც არა მხოლოდ მუსიკა და ადამიანის სხეული გააერთანა ერთი იდეის გარშემო, არამედ საზღვრებიც გააქრო, შექმნა სივრცე, სადაც მთელი სამყარო ერთიანია. მისი აზრით, მუსიკას აქვს რაღაც გზავნილი, მუსიკოსები კი ფოსტალიონები არიან, ადამიანები, ვინც ამ გზავნილს სხვებს გადასცემენ. რუსმა რეჟისორმა გაცვლის ამ ინტიმურ პროცესში სხეულიც ჩართო და “ინსაითისა” და მოცეკვავეთა ინტერნაციონალური ჯგუფის გზავნილი ფირზე აღბეჭდა.

გორინის ამ ფილმის პრემიერა 2012 წლის ბათუმის კინოფესტივალზე (BIAFF) გაიმართა. ამჟამად რეჟისორი  ახალ ფილმზე მუშაობს, რომლის პრემიერაც ისევ ბათუმის კინოფესტივალზე შედგება 2013 წლის სექტემბერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი