კინოხელოვნება

რობი კუხიანიძის მზიანი ანდერგრაუნდი დოკუმენტურ ფილმში

23 იანვარი, 2013 • • 2290
რობი კუხიანიძის მზიანი ანდერგრაუნდი დოკუმენტურ ფილმში

გიორგი ქავთარაძის აუთსაიდერი
გიორგი ქავთარაძის აუთსაიდერი

ახალგაზრდა რეჟისორის გიორგი ქავთარაძის დოკუმენტურმა სურათმა 1990–იანი წლების უმნიშვნელოვანესი ქართული როკ–ჯგუფის დამაარსებლისა და სოლისტის, რობი კუხიანიძის შესახებ ქართული პუბლიკის სხვადასხვა თაობაში თანაბარი ინტერესი გამოიწვია და “აუთსაიდერი” კინოს სახლის გადავსებულ დარბაზში აჩვენეს.

“არ მეგონა, ქუთაისიდან ჩამოსულ კაცს, ამდენი მეგობარი თუ ეყოლებოდა თბილისში,” – იუმორნარევი თავმდაბლობით განაცხადა რობი კუხიანიძემ ფილმის წარდგენისას. პროდიუსერმა დუტა სხირტლაძემ კი აღნიშნა, რომ მისი კომპანიის (“დუტა პროდაქშენის”) წვლილი ფილმში მინიმალურია, ახალგაზრდა რეჟისორმა გიორგი ქავთარაძემ ეს ფილმი, ფაქტობრივად, სრულიად დამოუკიდებლად გადაიღო.

40-წუთიანი შავ–თეთრი სურათი, რომელსაც გიორგი ქავთარაძე 8 თვის განმავლობაში იღებდა, ჭეშმარიტი აუტსაიდერის ყოველდღიურობის რამდენიმე დრამატულ მომენტსა და იმ სცენებს აღწერს, სადაც რობი კუხიანიძე ჩვეული უშუალობით საკუთარ ცხოვრებისეულ ფილოსოფიას უზიარებს კინოს სახლში შეკრებილ მეგობრებს. საუბრობს საკუთარ შიშებსა და სისუსტეებზე, იხსენებს დედასთან ურთიერთობის ადრეულ მოგონებებს, პირველ დაშვებას ველოსიპედით დაღმართზე და პირველ ფრენას, როცა “ველიკის” მუხრუჭმა უმტყუნა… მახასიათებელი იუმორითა და სიცილნარევი სიმართლით საუბრობს ღმერთის ძიებაზე, სვამს ჭეშმარიტი ანდერგრაუნდის სადღერგძელოს – “სადაც არ უნდა ჩაგაგდონ, მზისკენ ლტოლვა რომ გექნება”. იხსენებს პერიოდს, როდესაც ძალიან ბევრსაც სვამდა.. აღიარებს, რომ ვერა და ვერ დამწიფდა და დარჩა “მკუხე”. კამერას საკუთარი ნატურის სიმხდალეში უტყდება. როცა სტკივა და ეშინია – იცინის, როცა უხარია კი – გულამოსკვნით ტირის…  ყველაზე ხშირად ჰუმანურ მესიჯებს აგზავნის და, შიგადაშიგ თითოეული ადამიანის სოციალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობებზე საუბრობს. ამბობს, დროშის ხელში დაჭერის ნაცვლად, ალამი შენს თავში უნდა აღმოაჩინოო და 47 წლის ასაკშიც საკუთარ ალამს ისეთივე შემართებით აფრიალებს, როგორც 90-იან წლებში, როცა მისი “აუთსაიდერი” ახალი ჩამოყალიბებული იყო.

“ეს ძალიან სასაცილო ფილმია… “ცრემლნაკრავი”, მაგრამ სასაცილო”, – თქვა ფილმის წარდგენისას რობი კუხიანიძემ, რომელსაც საკუთარი კინემატოგრაფიული პორტრეტი ნანახი არ აქვს და კინოს სახლის დარბაზში დარჩენასაც გარეთ გასვლა არჩია. რაც არც ისე გაუგებარი იყო…  

ფილმი საკმაოდ თამამი პორტრეტია რობი კუხიანიძისა, რომლის ზოგიერთი სცენის აღსარებისეული ინტიმურობის მიუხედავად, ფილმში მოხვედრამ, რობის თქმით, თავიდან ოდნავ კიდეც გაანაწყენა მეგობარ რეჟისორზე, რომელსაც 13 წლის ასაკიდან, უკვე 9 წელია იცნობს. ფილმის ემოციური ინტენსივობა ხანდახან მართლაც უხერხულობას იწვევს მაყურებელში, რომელიც საკუთარ თავს ეკითხება, აქვს თუ არა მორალური უფლება რობის, ასე “უთვალთვალოს”. თუმცა, როგორც ფილმის დასრულებისას მუსიკოსი განგვიმარტავს, დედის საშოდან გამოსვლის შემდეგ მისი პიროვნებაცა და ყოველდღიურობაც საჯაროა… გიორგი ქავთარაძე კი, როგორც ოჯახის წევრი, მის ყოველდღიურობას კამერაზე აფიქსირებდა.

ახალგაზრდა რეჟისორის თქმით, ფილმი ჯერ რამდენიმე კინოფესტივალზე გაიგზავნება, საფესტივალო ცხოვრების დასრულების შემდეგ კი “აუთსაიდერის” ხილვის საშუალება დაინტერესებულ ქართველ მაყურებელს ქართული ტელევიზიის ეთერში ექნება. ექსკლუზივი ტელეკომპანია “მეცხრე არხს” ეკუთვნის, რომელიც “რადიო უცნობთან” ერთად ფილმის საინფორმაციო მხარდამჭერი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი