ხელოვნება

ჯოდი ფოსტერი ‘coming out’-ს 15-მილიონიანი აუდიტორიის წინაშე აკეთებს

17 იანვარი, 2013 • • 2095
ჯოდი ფოსტერი ‘coming out’-ს 15-მილიონიანი აუდიტორიის წინაშე აკეთებს

როგორც ბრიტანული გამოცემა “გარდიანი” წერს –  “ოქროს გლობუსის” დაჯილდოების ცერემონიაზე ცხოვრების მანძილზე მიღწეული დამსახურებებისთვის პრიზის მიღებისას 50 წლის მსახიობმა ემოციურად მიმართა აუდიტორიას:

 

“უცნაური გრძნობა დამეუფლა, ვთქვა ისეთი რამ, რაც საჯაროდ არასდროს მითქვამს”, რის შემდეგაც მან დიდი მადლობა გადაუხადა მისი ცხოვრების უდიდეს სიყვარულსა და ექს–საყვარელს სიდნი ბერნარდს, რომელთანაც მას ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებდა და ვისთან ერთადაც აღზარდა თავისი ორი შვილი.

 

“რეალურად მე “coming out” ძალიან დიდი ხნის წინ გავაკეთე” – განაცხადა ფოსტერმა. მისმა განცხადებამ დამსწრე საზოგადოების მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა. ამ ურთიერთობის შესახებ ფოსტერს მანამდეც უსაუბრია და ჰოლივუდისთვის ეს “საიდუმლო” რამდენიმე წელიწადია ცნობილია, თუმცა ჰომოსექსუალობის ამგვარად აღიარების  ფაქტის მხილველი ამჯერად “ოქროს გლობუსის” 15 -მილიონიანი სატელევიზიო აუდიტორია იყო.

 

აღსანიშნავია, რომ მსახიობი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისადმი მუდამ მკაცრი მიდგომით გამოირჩეოდა და  გადაჭრით ამბობდა უარს, პრესასთან  საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ესაუბრა. ოქროს გლობუსის 70–ე ცერემონიაზე ფოსტერმა ემოციური განცხადება გააკეთა, თუ როგორ ცდილობდა ათწლეულების განმავლობაში პირადი ცხოვრების პრესისგან დაცვას, რადგან კარიერა, ფაქტიურად, 3 წლისამ დაიწყო…

 

“თქვენც რომ ამ ასაკიდან ყოფილიყავით საჯარო პირი, თქვენც რომ დაგჭირებოდათ ბრძოლა ნამდვილი, გულწრფელი და ნორმალური ცხოვრებისათვის… ალბათ, ასევე დააყენებდით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელობას ყველაფერზე უფრო მაღლა,” – განაცხადა მსახიობმა, რითიც პრესას მისი ორიენტაციის მიმართ გაძლიერებული ინტერესის მოთოკვისაკენ მოუწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი