კინოხელოვნება

ბერლინის კინოფესტივალზე კიდევ ერთი ქართული ფილმის პრემიერა შედგება

16 იანვარი, 2013 • 2890
ბერლინის კინოფესტივალზე კიდევ ერთი ქართული ფილმის პრემიერა შედგება

კადრი ფილმიდან გრძელი ნათელი დღეები
კადრი ფილმიდან გრძელი ნათელი დღეები

ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქციის მოქმედება 90-იანი წლების საქართველოში ვითარდება და მისი მთავარი პერსონაჟები ორი თოთხმეტი წლის გოგონა – ეკა და ნათია არიან. კლასელებისა და საუკეთესო მეგობრების ცხოვრება სახლს, სკოლას, ქუჩას და პურის რიგს არ სცდება. თითოეულის ოჯახური ცხოვრება სირთულეებითაა მოცული.

გოგონები 90–იანი წლების საქართველოს ყოფითი პრობლემების ფონზე, როცა საზოგადოებაში გადარჩენის უხეში კანონები მოქმედებს, ცდილობენ იმაში გაერკვენენ, თუ რა პრინციპებსა და კანონებს ემორჩილება ურთიერთობა ორ საპირისპირო სქესს შორის. მათ, პირველად ცხოვრებაში, ისეთ საკითხებთან უწევთ შეხება, როგორებიცაა მეგობრობა, სიყვარული, შურისძიება…  ფილმი მოგვითხრობს, თუ რა გამოწვევების წინაშე დგებიან ფილმის მთავარი გმირები და რა გადაწყვეტილებებს იღებენ ისინი.

ფილმზე მუშაობდა რუმინელი ოლეგ მუტუ, რომელიც ოპერატორია ისეთი ფილმებისა, როგორებიცაა -კრისტიან მუნჯიუს „გორაკებს მიღმა“, „4 თვე, 3 კვირა, 2 დღე“, ასევე სერგეი ლოჟნიცას ფილმები: „ნისლში“, „ჩემი ბედნიერება“ და ალექანდრე მინდაძის „ერთ შაბათს“. 

ნანა ექვთიმიშვილი თბილისში დაიბადა და გვიან 90-იან წლებში საქართველოდან სასწავლებლად გერმანიაში გაემგზავრა. იდეა ფილმის შესახებ მას სწავლის პერიოდშივე გაუჩნდა:

ნინო ექვთიმიშვილი
ნინო ექვთიმიშვილი

“…გერმანიაში ყოფნისას ძალიან ხშირად ვფიქრობდი ამ დროზე, ჩემს მეგობრებზე… 90-იანი წლები ძალიან დიდი თემაა, ჩვენი ისტორიაა, ყველას ძალიან მტკივნეულად შეეხო, ადამიანებისა და თაობების ბედი შეცვალა. ფილმის ამბავი ჩემი მაშინდელი მოგონებებიდან და შეგრძნებებიდან წარმოიშვა.  ჩვენი ფილმის მოქმედება 1992 წლის გაზაფხულ-ზაფხულში ვითარდება”.   

“საქართველოში კინემატოგრაფისტების ახალი თაობა იჩენს თავს, რომელიც ფოკუსირებას ამჯერად საკუთარი ქვეყნის ისტორიაზე ახდენს. „გრძელი ნათელი დღეები“  ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც ქართული კინოს ტრადიციების გაცოცხლების მცდელობით, ერთ რიტმულ კინემატოგრაფიულ კომპოზიციის ქსოვილში აერთიანებს ძალადობის მძვინვარებასა და იდილიის შეგრძნებას, ნაადრევ ცივსისხლიანობასა და ბავშვურ ნაივობას…“ – წერს ბერლინალე დღეს გამოქვეყნებულ პრესრელიზში 2013 წლის ფორუმთან დაკავშირებით, რომელშიც ქართულ ფილმთან ერთად გერმანული, ბერძნული, ესპანური და დანიური ფილმები იქნება წარმოდგენილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი