რეალობის პირისპირ, რეალობასთან ერთად – ახალი ქართული დოკუმენტური კინო

როდესაც მხატვრულ კინოს უჭირს, ანუ კონკრეტულ სკოლას, ტენდენციას თუ უბრალოდ სტილს, ყოველთვის დოკუმენტალისტიკა ითავსებს გარდამტეხის როლს და ეს ორი მიზეზის გამო ხდება:

 პირველი _ არსებული რეალობა ფირზე ასახვას მოითხოვს და მეორე, ფინანსების ნაკლებობა თავისთავად გულისხმობს სადა კინემატოგრაფს. ასე იყო 1950-იანი წლების მიწურულს ინგლისში, “გაბრაზებულთა თაობის” მოსვლამდე, იგივე ხდებოდა გერმანიაში 1970-აინ წლებში და სხვ. 

ამ თვალსაზრისით ჩვენს კინემატოგრაფში გარღვევა წინა წელს მოხდა. “რევოლუციონერი” სალომე ჯაშის “ბახმარომ” მაყურებელს აჩვენა ის, რასაც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა ქართული კინო _ კრიტიკული რეალობა და ისტორიის ანალიზი. დიდი მოლოდინით ველოდებოდი წლევანდელ კინოფესტივალს, რადგან ჯაშის შემდეგ ეს ტენდენცია ან უნდა გაგრძელებულიყო, ანდა ისტორიის პრეცედენტად დარჩენილიყო; იმედები გამიმართლდა –  “თბილისის მეცამეტე საერთაშორისო ფესტივალის” “ქართული პანორამის” ფილმების უმრავლესობა დოკუმენტურია და მათი უმრავსელობაც საშუალო დონეზე (“ეროვნული კრიტერიუმით”) უფრო მაღალია.

ფესტივალის ფარგლებში 4 დეკემბერს უჩვენეს ალექსანდრე კაკაბაძის “ფოცხოეწერი” და ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის “ინგლისურის მასწავლებელი”. საერთო ტენდენციაზე ფესტივალის დახურვის შემდეგ ვისაუბროთ. სტარტი ნებისმიერ საქმეშია მნიშვნელოვანი და უკვე შექმნილი შთაბეჭდილების წყალობით მეტი ენთუზიაზმით განვეწყე დანარჩენი ქართული ფილმების მიმართ. ენთუზიაზმს კი ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არ მესმის, წრფელი გულით როგორ შეიძლება კაურისმიაკის “ჰავრისა” და მორეტის “ჩვენ გვყავს პაპის” გვერდით სერიოზულად აღიქვა ნებისმიერი ქართული ფილმი.

და ისევ, დადებით ტენდენციას რომ დავუბრუნდეთ, მაინც უკეთესის მოლოდინის რეჟიმში ვრჩებით. ალექსანდრე კაკაბაძე, რუსუდან ჭყონიასი არ იყოს _ “კარგად აზროვნებს”, მაგრამ თან რეალურად ცდილობს შექმნას ამგვარ “აზრთა წყობის” პროდუქტი, ანუ კინო. იმისდა მიუხედავად, რომ ფილმს სერიოზული დრამატურგიული პრობლემები აქვს, კაკაბაძე არ ეჭიდება ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს და ცდილობს კონკრეტული ამბის (თბილისში მაცხოვრებელი დევნილების განსახლება რეგიონებში) კონკრეტული ადამიანების მეშვეობით მოყოლას. გარკვეული ხარვეზების გამო, ძირითადად კი ფილმის სტრუქტურული ერთიანობის ნაკლებობისა და გმირების ზედმეტი ფრაგმენტულობის, ვერ ხდება პრობლემის განზოგადება მხატვრული თვალსაზრისით ისე, როგორც ეს ჯაშმა შეძლო “ბახმაროში” _ რასაც უნიკალურთან ახლოს მდგარი შეგვიძლია ვუწოდოთ.

უფრო მეტად სახიერი სურათია ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის “ინგლისურის მასწავლებელი”, რომელიც ერთ დროს ყბადაღებული და განათლების რეფორმის, თუნდაც ქვეყნის მოდერნიზაციის სახელით მონათლულ “ისწავლე და ასწავლეს” პროგრამაზე მოგვითხრობს, უფრო სწორად კი, სამხრეთ აფრიკელ მასწავლებელზე, რომელიც პროგრამის განაწილებით სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მოხვდა.

კადრ ფიმიდან
კადრ ფიმიდან ‘ინგლისურის მასწავლებელი’

ფილმის დასაწყისში ჩანს მიხეილ სააკაშვილის სატელევიზიო კადრები: თუ როგორ მიდის თბილისის ერთ-ერთ გარემონტებულ საკლასო ოთახში, როგორ საუბრობს ამერიკის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან პროგრამის გაჩენის იდეაზე, ისიც განახლებული ბათუმის ფონზე. შემდეგ “ალჯაზირას” სიუჟეტში ვაკვირდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამომავალ მასწავლებლებს და სატელევიზიო პროპაგანდის ფონზე ჩნდება სოფლის გზა, მის ფონზე კი ინგლისურის მასწავლებელი _ ბრედლი.

 

 ბრედლი ახალგაზრდა ბიჭია, გახსნილი და ალალი. ცდილობს ადგილობრივებთან კონტაქტში შესვლას, უყურებს ყველას თანასწორად და ამიტომ ქართული სიტყვების შესწავლას იწყებს. მას მეგობარი გოგონაც ყავს, რომლის ფოტოებსაც “პედ. საბჭოზე” დამსწრე მასწავლებლებს უჩვენებს, სურათებში მისი ოჯახის წევრებიც ჩანან, ლამაზი სახლი და მდიდრული სასადილო. ადგილობრივების მხრიდან იგრძნობა ინტერესი. დროთა განმავლობაში ეს ინტერესი გადადის შეჩვევაში, შემდეგ- გაუცხოებაში. ეს ბრედლის დიალოგშიც ჩანს, როდესაც მამიდას “სკაიპით” ესაუბრება. მას მოსწონს სტუმართმოყვარეობა, მაგრამ… ის აქ საქმისთვისაა ჩამოსული, სკოლის მოსწავლეეებს ინგლისური ენა უნდა ასწავლოს.

იმის მიუხედავად, რომ ციალა, ადგილობრივი ინგლისურის მასწავლებელი, უკვე 25 წელია სკოლაში მოღვაწეობს, მისმა აღმზრდელებმა არ იციან ლათინურად საკუთარი სახელისა და გვარის წერა. ბრედლი მოსწავლეების დასაინტერესებლად პროექტორსაც კი ითხოვს, თუმცა მას ყველა ეჭვის თვალით უყურებს, არავინ ენდობა. ციალა მის ზურგს უკან ტესტირებას ატარებს და წერა-კითხვის უცოდინარ ბავშვებს გამოცდას “სასწაულებრივად” აბარებინებს. ბრედლის რიტორიკაც საბოლოოდ იცვლება, “მე აქ რაღაცის შესაცვლელად ჩამოვედი… სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა” _ ამბობს ის და ამატებს _ “ჩემი წასვლა ყველაზე მეტად ციალას გაუხარდება. ციალა სააშკარაოზე გამოვიყვანე”… თუმცა მისი სურვილი საერთოდაც არ ყოფილა მანკიერებების მხილება, ის საქართველოში ინგლისური ენის მასწავლებლის მისიით ჩამოვიდა.
 ორჯონიკიძემ და არსენიშვილმა ძალიან ნათლად და შეულამაზებლად შეძლეს ფილმის სათქმელის მაყურებლამდე მიტანა. თან სურათის სიმსუბუქე “ინგლისურის მასწავლებელს” ეხმარება მორალისტური თუ პროპაგანდისტული ვნებებისგან თავის დაღწევას. ეს კი ხარისხიანი დოკუმენტური კინოს მახასიათებელია. ალბათ ამიტომაც ფილმის კონცეფცია და მანკიერი სისტემების, საზოგადოებების მხილება არა რეჟისორის ხელით, არამედ გმირის პირით ხდება. მან ერთი წელი იცხოვრა მიკროსამყაროში, რომელიც საქართველოს თანამედროვე მოდელად წარმოგვიდგება და იმაზე დახურულია, ვიდრე ეს თუნდაც საიმიჯო სატელევიზიო სიუჟეტების კონტექსტში შეიძლება ამოვიკითხოთ.  

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გიორგი რაზმაძე