ხელოვნება

სხეული, რომელიც პირადიდან საჯარო ხდება

6 დეკემბერი, 2012 • 1838
სხეული, რომელიც პირადიდან საჯარო ხდება

კულტურფილმები, რომელიც, როგორც ჟანრი, ჯერ კიდევ 10–იანი წლების გერმანიაში ჩაისახა, საგანმანათლებლო მიზნებს ისახავდა, თუმცა მოგვიანებით ტოტალიტარული რეჟიმების პირობებში ის აშკარა პროპაგანდის, ადამიანების იდეოლოგიური „აღზრდის“ შესანიშნავ საშუალებად იქცა. 

 

ნაჩვენებ ფილმებში (ალ. ჯალიაშვილის „დილის ათი წუთი“, ვახტანგ შველიძის „კოლმეურნის ჰიგიენა“, სიკო დოლიძის „მიწის ძახილი“, კოტე მიქაბერიძის „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“) ორი მიმართულებაა გამოკვეთილი – სხეულის გაკაჟება ყოველდღიური (სავალდებულო) დილის ვარჯიშის საშუალებით, ჰიგიენის ნორმების დაცვა, რომელიც ჯანსაღი სხეულის ჩამოყალიბება/შენარჩუნებისთვის არის აუცილებელი და მანქანის დამკვიდრება, რომელიც სულ უფრო მეტად იკავებს ხელით შრომის ადგილს და არა მარტო ნაყოფიერებას ზრდის, არამედ მშრომელებს უმსუბუქებს ცხოვრებას. მანქანის/მექანიზმის კულტი ზოგადად მეოცე საუკუნის დასაწყისის კულტურაში იკვეთება, რაც ტექნიკური პროგრესით აღტაცების ლოგიკური შედეგი იყო. თუმცა საბჭოურ პრაქტიკაში ხაზგასმულად იდეოლოგიზირებულ სახეს იღებს. კარგად მომუშავე და პროდუქტიულ მანქანად აღიქვამს მუშათა და გლეხთა დიადი ქვეყანა ადამიანსაც. „ყოველდღიური ვარჯიშით აამაღლე შრომის ნაყოფიერება… განამტკიცე თავდაცვა… მზად ხარ, დაეწიო ხუთწლედის ტემპებს?“…– ეკრანიდან მიმართავენ მას, საბჭოთა მოქალაქეს, რომლისგანაც ახალი ადამიანი უნდა გამოძერწონ. ეს ახალი ადამიანი კი ახლებურ ცნობიერებასთან ერთად „ახალგაზრდული“, ჯანსაღი სხეულის მფლობელი უნდა იყოს. ეს არის  ახალგაზრდა სახელმწიფოს მოთხოვნა – მას სჭირდება მანქანა–მუშა, მანქანა–გლეხი, მანქანა–ჯარისკაცი, რომელიც კოლექტივთან ერთად მწყობრად იმუშავებს ქარხანაში, მინდორში, ფრონტზე…

 

სახელმწიფოს მხრიდან ტოტალური კონტროლი ვრცელდება ყველაფერზე – მათ შორის, სხეულზეც. ვინც არ იკაჟებს სხეულს, ის ძველი, „გახრწნილი ბურჟუაზიული ცხოვრების გადმონაშთია“ და ვერ გახდება ახალგაზრდა კოლექტივის წევრი. 

 

სხეულს ამოწმებენ, ათვალიერებენ ფესტივალის კონკურსში მონაწილე რუსუდან ჭყონიას ფილმშიც „გაიღიმეთ“. მართალია, ეს სხვა ტიპის კონტროლია – ტრადიციული (პატრიარქალური) კულტურის, არაჩვეულებრივად რომ შერწყმულა შოუ–ბიზნესის ზერელე მომხიბვლელობასთან. ეს თვალთვალი არც ტიპური ვუაიერიზმია, რომელიც არა მარტო ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი, არამედ რომლის ვნებითაც  ვიზუალური ხელოვნება და განსაკუთრებით კინოა შეპყრობილი. ამ თვალთვალში არანაირი შემოქმედებითობა (თუნდაც პერვერსიული) არ არსებობს. ეს უფრო საარჩევნო ტრიუკია, სადაც მრავალშვილიან ლტოლვილ დედებს შორის საუკეთესო უნდა გამოვლინდეს.

 

ქალები, რომლებიც ფილმის დასაწყისში ერთმანეთის სხეულებს ჩუმად ათვალიერებენ გასახდელში და აპროტესტებენ შეთანხმების დარღვევას, რომ მათ შიშვლებს არ მოუწევთ გამოსვლა სცენაზე, საბოლოოდ მაინც იხდიან. ფილმში მათთან ერთად შიშვლდება კორუფციული გარემო, სრული სოციალური დაუცველობა, ქართული კვაზი–საკრალური მითოლოგემა საპატიო და კულტად ქცეული ქართლის დედისა თუ შოუ–ბიზნესის თვალისმომჭრელი (უგემოვნო) ბრწყინვალების მიღმა არსებული სიცარიელე.

 

„ქალები (ქალის სხეულები) მზერის ქვეშ“ – ეს მასკულინურ კულტურაში ქალის მდგომარეობაა, როდესაც დომინანტური სქესი აკონტროლებს „მეორე სქესს.“

 

სხეულ(ებ)ზე დაკვირვება ფესტივალის, ალბათ, ყველაზე ეპატაჟური ფილმის, ავსტრიელი რეჟისორის ულრიხ ზაიდლის „სამოთხე. სიყვარულის“ ერთ–ერთი მთავარი მოტივია, რომელიც წელს კანის ფესტივალის კონკურსში მონაწილეობდა და რომლის მიმართაც სრულიად წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება გამიჩნდა. დასავლეთში ფართოდ გავრცელებულ სექს–ტურიზმზე გადაღებულმა ფილმმა ერთდროულად „განმიზიდა“ თავისი ტლანქი ესთეტიკით, სრული მიზანთროპულობით, თუმცა ამავე დროს მიმიზიდა არაპოლიტკორექტული სითამამით, რომელიც არავის ინდობს – არც დახვეწილ „ბებერ“ ევროპას, რომელიც ვნებების გასაცოცხლებლად ეგზოტიკურ ქვეყნებს მიმართავს და არც „ახალგაზრდა“ „ველურ“ კულტურას, რომელიც კოლონიალიზმის ახალ, შეფარულ ფორმას ემორჩილება. აქ დომინანტური სქესი უკვე არა მამაკაცი, არამედ ქალია; სამაგიეროდ ეს უკანასკნელი „დომინანტური რასის“ წარმომადგენელია, რაც მას მზერის უფლებას და შავკანიანი მამაკაცების სხეულით ტკბობის, სხეულის კონტროლის პრიორიტეტს ანიჭებს.

 

მატეო გარონეს „რეალობაში“ (ასევე წლევანდელი კანის ფსტივალის საკონკურსო ფილმი, რომელიც თბილისის ფესტივალზე იქნება ნაჩვენები) ადამიანები საკუთარი სურვილით ხდებიან – უფრო სწორად ილტვიან, რომ გახდნენ – დაკვირვების, თვალთვალის ობიექტები (პრინციპში ისევე, როგორც ახალგაზრდა აფრიკელები „სამოთხე. სიყვარულში“. თვალთმაქც, ყალბ „შეყვარებულებს“ დასავლური კაპიტალის ექსპანსია ისევე რყვნის, როგორც თავად დასავლეთს). მთავარი პერსონაჟის ერთადერთი მიზანი, მოტივაცია ცხოვრებაში არის, გახდეს რეალითი–შოუს გმირი. ლუჩანო ერთი ჩვეულებრივი „საშუალო სტატისტიკური თეთრკანიანი ჰეტეროსექსუალი“ მამაკაცია, რომელიც მზად არის, პირადი ცხოვრება უკვე შოუ–ბიზნესის, ბაზრის კანონებით კონტროლს დაუქვემდებაროს. 

 

მატეო გარონე ფელინისეულ კარნავალურ და გროტესკულ გარემოს ქმნის, რომელიც თავისი კიჩურობით „სამოთხისებური რეალობის“ იმიტაციას წარმოადგენს. ამ ვირტუალურ რეალობაში „ყოვლისშემძლე“, თვალისმომჭრელი „სელებრითები“ კერპები და ადამიანებისთვის მისაბაძი იმით ხდებიან, რომ ისინი საკუთარ თავს საჯაროდ გამოჰფენენ. 

 

ფემინისტურმა სლოგანმა „ყველაფერი პირადი პოლიტიკურია“ თანამედროვე სამყაროში შემდეგი ტრანსკრიფცია განიცადა – „ყველაფერი პირადი საჯაროა“. ძალაუფლების მქონე ინსტიტუციები კონტროლის დახვეწილ, მიმზიდველ ფორმებს იგონებენ. მათ მიერ შექმნილ „ტრანსპარენტულ“ გარემოში, სადაც სულ უფრო და უფრო ხილული ხდება სხეული, მით უფრო იკარგება ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი