თბილისის მეცამეტე საერთაშორისო კინოფესტივალი ფილმით ‘კარი’ გაიხსნა

თბილისის მეცამეტე საერთაშორისო კინოფესტივალი უნგრელი რეჟისორის იშტვან საბოს ფილმით ‘კარი’ გაიხსნა.

ფილმი მწერალი ქალის, მაგდას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ოჯახში დამხმარედ მეზობლის ქალს, ემერენც სერედაშს აიყვანს. თავისი ქმრისგან გასხვავებით, მაგდას მოხუცი ქალის უცნაურობებზე დაკვირვება მოსწონს. ემერენცი მარტო ცხოვრობს, ის მალავს თავის წარსულს და მის სახლში შესვლის უფლებას კატების გარდა არავის აძლევს. ფილმში ემერენც სერედაშის როლს ოსკაროსანი მსახიობი ჰელენ მირენი ასრულებს.

ჩვენების დაწყებამდე რეჟისორმა თავად მიმართა ფილმის სანახავად მისულ საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ საკუთარი ცხოვრებიდან საათნახევარი დაუთმო.

უნგრელი კინორეჟისორი, სცენარისტი და ოპერის რეჟისორი იშტვან საბო ბუდაპეშტში 1938 წელს დაიბადა, იშტვან საბომ მსოფლიოს მასშტაბით კინოკრიტიკოსებისა და პუბლიკის აღიარება არა მხოლოდ თავისი ურიცხვი ფილმის უჩვეულო ვიზუალური სილამაზის, არამედ მათში ასახული მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური თემების გამოც მოიპოვა. უნგრეთის ხელოვნებისა და კინოს აკადემიის დამთავრების შემდეგ, 1964 წელს, 26 წლის იშტვან საბომ პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „ოცნების დრო” გადაიღო, რომლისთვისაც რეჟისორს ლოკარნოს კინოფესტივალის პრიზის ვერცხლის ლეოპარდის წინაპარი ვერცხლის აფრა გადაეცა. ფილმი აგრეთვე დაჯილდოვდა საგანგებო ჟიურის პრიზით საუკეთესო რეჟისურისთვის უნგრეთის კინოფესტივალზე. ამის შემდეგ 60-იანი წლების უნგრელი კინემატოგრაფისტების თაობის ლიდერად იქცა და უკვე თითქმის 50 წელია ამ სტატუსს ინარჩუნებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge