კინოხელოვნება

კორეული კინოს ფესტივალი ოთხი ფილმით

21 ნოემბერი, 2012 • • 2365
კორეული კინოს ფესტივალი ოთხი ფილმით

 

ფილმი, რომელიც 2008 წელს გამოვიდა, ორი ადამიანის მისტიკური სიყვარულის ისტორიას ასახავს, სადაც მათი სიზმრები რეალობასთან არეულია. სანამ მამაკაცს ძინავს და კოშმარულ სიზმრებს ხედავს, ქალი ამ სიზმრებს რეალობად აქცევს, ან პირიქით.


მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი სულ ორ დღეს გაგრძელდება, ფილმ “ოცნების” გარდა, მის ფარგლებში ნაჩვენები იქნება რეჟისორ  იმ სუნლეს ფილმი “გააჩერეთ, წამიერება” , კიმ ტე გიუნის “ ფეხშიშველი ოცნება” და კიმ იონგ ხვას “ სილამაზის 200 ფუნტი”


“გააჩერეთ წამიერება” 2007 წელს გამოვიდა და  რეალურ მოვლენებს ასახავს. მასში ნაჩვენებია კორეის ქალთა გუნდის თამაში, რომელიც ათენის 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ჩატარდა,  ეს ოლიმპიური ტურნირი, კორეისა და დანიის გუნდების მონაწილეობით, დანიის გამარჯვებით დამთავრდა, თუმცა ორივე გუნდმა დაიმსახურა შექება. თამაში იმდენად შეტევითი და საინტერესო  იყო, რომ ბევრმა სპეციალისტმა ყველაზე საინტერსო მატჩად აღიარა სპორტის ამ სახეობის მთელ ისტორიაში.


კიმ ტე–გიუნის “ფეხშიშველი ოცნება” კი უფულობით დაღლილი კიმ ვონ–გვანის ისტორიას გვიამბობს, რომელიც თამაშს მიატოვებს, რათა თავი ბიზნესში გამოსცადოს, თუმცა ამ სფეროშიც არ უმართლებსს. იგი  პატარა ქვეყანა ტიმორ–ლესტეში მოხვდება, სადაც ადგილობრივ ბიჭებს გაიცნობს, რომელთათვისაც ფეხბურთი მხოლოდ გართობა კი არაა,  მიზანიცაა. ისინი ოცნებობენ, პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ და მსოფლიო ნახონ. ფილმის მთავარი გმირი კიმი ბიჭები წვრთნას იწყებს.


კინომცოდნე თეო ხატიაშვილის თქმით, “გააჩერეთ, წამიერება” და “ფეხშიშველი ოცნება” გარკვეულწილად ჰგავს ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული სოციალური და გეოგრაფიული კონტექსტია მოცემული:

“ორივე მათგანში ნაჩვენებია ადამიანის შესაძლებლობა, დაძლიოს სოციალური და გეოგრაფიული კონტექსტი, თუ ის მიზანსწრაფულია და საქმისადმი ერთგულება და სიყვარული აკავშირებს”


ფილმი, რომლითაც ფესტივალი დაიხურება კიმ იონგ–ხვას “სილამაზის 200 ფუნტია”, მასში აღწერილია ახალგაზრდა გოგონას ისტორია. კან ხანნა ნიჭიერი, მაგრამ მსუქანი გოგონაა, რომელიც შეყვარებულია პროდიუსერზე. კანი კადრს მიღმა მღერის, ლამაზი, მაგრამ უხმო მომღერლის  ნაცვლად.


კან ხანნა საკუთარ თავზე ცინიკურ შეფასებას მოისმენს და გადაწყვეტს გარეგნობა შეიცვალოს, აქტიურად იწყებს  გახდომას და პლასტიკურ ოპერაციას იკეთებს. იგი ერთი წლის შემდეგ კლინიკიდან გამოდის  და თავად ცდილობს გახდეს ვარსკვლავი, მაგრამ ყველასგან მალავს სიმართლეს.


ფილმი ლირიკული კომედიაა, თითქოს უფრო მსუბუქ ჟანრში–ამბობს თეო ხატიაშვილი, თუმცა  აღნიშნავს, რომ მასში ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა წამოჭრილი თანამედროვე სამყაროს შესახებ, რომელიც ქირურგიული დანის ქვეშ იმყოფება:


“შოუ–ბიზნესმა ადამიანიც აქცია პროდუქტად, რომელიც უნდა გაიყიდოს და ამისათვის საჭიროა, იყოს სტანდარტულად და კარგად შეფუთული, საუბარია პლასტიკური ოპერაციების ნამდვილ ისტერიაზე და რა დრამას ქმნის ეს ცალკეული ადამიანების ცხოვრებაში”.


კინოფესტივალი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს, კორეის  რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა ორგანიზებული და საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის 20– წლიან დიპლომატიურ ურთიერთობას ეძღვნება.


“კულტურული გამოცდილების გაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია კორეელ და ქართველ ხალხს შორის, ამ ფესტივალით ქართველი ხალხი გაიგებს, რა არის კორეული კინო და კორეული კულტურა, მე კმაყოფილი ვარ დასწრებით და მადლობა ქართველ ხალხს”– განაცხადა კორეის მხარის წარმომადგენელმა.


მიუხედევად იმისა, რომ ფესტივალი  შუა კვირაში, შუადღეს გაიხსნა, კინოთეატრ “რუსთაველის” მცირე დარბაზი მთლიანად შეივსო, დარბაზში მაყურებლები ფეხზეც იდგნენ.


კინომცოდნე თეო ხატიაშვილი ყურადღებას ამახვილებს ფესტივალის როლზე  კორეული კინოს საქართველოში პოპულარიზაციის კუთხით:


“კორეული კინო  მაინცდამაინც  ცნობილი არ არის საქართვლოში, შეიძლება რამდენიმე სახელი ცნობილია, იგივე კიმ კი დუკი , რომლის ფილმითაც გაიხსნა ჩვენება, თუმცა კორეული კინო ძალიან მრავალფეროვანია, არიან სხვა საინტერესო რეჟისორები და არსებობდა შესაძლებლობა, პროგრამა უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო. მე მათ შევთავაზე სხვა რეჟისორები, მაგალითად ჩან დონი, რომლის ფილმი “ პოეზია” ნაჩვენები იყო კანის ფესტივალზე ორი წლის წინ, სადაც საუკეთესო სცენარისთვის დაიმსახურა პრიზი, მაგრამ მათ უფრო მასობრივ მაყურებელზე გათვლილ ფილმებზე გააკეთეს აქცენტი, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია, თუ პოპულარიზაციაა მიზანი, რადგან სწორედ ასეთი კინოთი შეგვიძლია მივიქციოთ თავიდან ყურადღება”.

 

კინომცოდნის შეფასებით, ის ფაქტი, რომ დარბაზი ახალგაზრდებით შეივსო, მისასალმებელია და ფესტივალისადმი ინტერესს ადასტურებს.


დღევანდელი ფესტივალის სტუმარი მაყურებლის რანგში გიორგი ანთიძეც ამბობს, რომ დღეს საქართველოში კორეული კინო პოპულარული არ არის, იმის მიუხედავად, რომ იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კინოინდუსტრიაში:


“კორეული კინო დღეს  პროგრესს განიციდის, კორეაში მოღვაწეობს ისეთი დიდი რეჟისორი, როგორიცაა კიმ კი დუკი, რომლის ყოველ ახალ ფილმს მოუთმენლად  ელოდება მაყურებელი და მისი ფილმები კანის, ვენეციის ან ბერლინალე ფესტივალებს იგებენ. აღმოსავლური კინო, ზოგადად, ირანი, კორეა, ევროპას  კარნახობს ტენდენციებს, რა და როგორ აკეთონ. ჩემი ინტერესიც ამან გამოიწვია. ჩვენთან არ არის პოპულარული კორეული კინო და ეს ფესტივალი ხელს შეუწყობს ამ პროცესს”


კორეული კინოსფესტივალი ხვალ, 22 ნოემბერს, ათ საათზე დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი