კინოხელოვნება

ვამპირული საგის დასასრული

20 ნოემბერი, 2012 • 4307
ვამპირული საგის დასასრული

გასულ კვირას მსოფლიო კინოთეატრებში  „განთიადის“ მეორე ნაწილის ჩენება შედგა. „ბინდის“  საგის ბოლო, მეხუთე ფილმის მსოფლიო პრემიერა 12 ნოემბერს ჰოლივუდში გაიმართა. Nokia Theatre – ის წინ ათასობით ფანი პრემიერამდე ოთხი დღით ადრე დაბანაკდა იმისათვის, რომ წითელ ხალიჩაზე მდგარი ფილმში მონაწილე მსახიობები ახლოდან დაენახა. ბოლო ფილმის ბიუჯეტი 131 მილიონ დოლარს შეადგენს.

 

 

„განთიადი“  სერიიდან „ბინდი“ ამავე სახელწოდების ფენტეზის ჟანრის ნაწარმოების ეკრანიზაციაა. ნაწარმოების ავტორი სტეფანი მეიერია. „ბინდის“ საგის პირველი წიგნის „ბინდის“ წერა ავტორმა 2003 წლის ივნისში  დაიწყო და სამ თვეში დაასრულა. თუმცა  წიგნი მხოლოდ 2005 წელს გამოვიდა. წიგნის პირველადმა ტირაჟმა 100 ათასი შეადგინა. ამას მოჰყვა კიდევ სამი წიგნი: „ახალი მთვარე“, „დაბნელება“ და „განთიადი“. 

 

 

ვამპირული საგა სიყვარულზე – მოკლედ ასე ახასიათებენ  კრიტიკოსები წიგნს, რომელშიც მოთხრობილია 17 წლის სკოლის მოსწავლე ბელა სვონისა და ვამპირი ედვარდ ქალენის სიყვარულის ისტორია. ისტორია, სავსე დაბრკოლებებით, ლეგენდებით, მაგიური და ზებუნებრივი მოვლენებით. 

 

 

2008 წელს წიგნის მიხედვით პირველი ფილმი გადაიღეს. ჯერ წიგნმა და მოგვიანებით  კომპანია Summit entertainment -ის მიერ  ამავე სახელწოდებით გადაღებულმა ფილმმა მსოფლიო თინეიჯერების გულები დაიპყრო.

 

 

5 წლის მანძილზე მსოფლიო თინეიჯერები წლიდან წლამდე ელოდნენ ახალი ფილმის გამოსვლას. ბათუმელი იზი კონცელიძეც მათ რიცხვშია.   

 

„სანამ ფილმს ვუყურებდი, მანამდე წიგნი წავიკითხე, ძალიან მომეწონა, შეიძლება იმიტომ, რომ განსაკუთრებით ფანტასტიკა მიყვარს. პირველი შთაბეჭდილება იყო ძალიან კარგი, ამის შემდეგ დავინტერესდი. სულმოუთქმელად ველოდებოდი წლობით. ფილმზე მეტად წიგნი მომწონს. წიგნში უფრო მეტი დეტალია აღწერილი. უფრო გამახვილებულია ყურადღება გმირების  გრძნობებზე, კინოში ასე არ არის. თუმცა მოლოდინი გამუდმებით მქონდა,“ –  ამბობს იზი.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ „ბინდის“ საგის წიგნები და ფილმები პოპულარულია,  კრიტიკოსები წიგნს  ხშირ შემთხვევაში განიხილავენ  როგორც საშუალო ხარისხის ლიტერატურული ნაწარმოებს. ამ მოსაზრებას ემხრობა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძეც.    

 

„წამიკითხავს „ბინდი“. ვფიქრობ, ეს არის საშუალო რანგის ტექსტი, სპეციალურად გათვლილი და დაწერილი მასობრივი მკითხველისთვის.  დაწერილი იმისათვის, რომ აქედან გამომდნარიყო ისეთი ტიპის ნაწარმოები, რომელზეც აიგებოდა კინონოველა, ან უშუალოდ სერია კინოფილმებისა,“ –  ამბობს გიორგი კეკელიძე.

 

წიგნის პოპულარობას იგი ფილმით ხსნის. მისი თქმით, რომ არა „ბინდის“ ეკრანიზაცია, წიგნი ასე პოპულარული ვერ გახდებოდა.

 

„ალბათ წიგნის პოპულარობა  განსაკუთრებით განაპირობა იმან, რომ შემდეგ მოხდა მისი ეკრანიზაცია, რაც, ბუნებრივია, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ წიგნი გახდეს პოპულარული. ნაწარმოებში არის მთელი რიგი ადრეინგლისური დეტექტივებიდან გადმოსული პერსონაჟები, ვგულისხმობ ვამპირებს… დეტექტივი, მით უმეტეს, ფენტეზშერეული, თავისთავად ყოველთვის ხდება  პოპულარული. გარდა ამისა, აქ დიდი როლი ასევე ითამაშეს პიარმენეჯერებმა, რისი სკოლაც უცხოეთში საქართველოსგან განსხვავებით არის ძალიან განვითარებული,“  – ამბობს გიორგი კეკელიძე. 

 

წიგნი ქართულ ენაზე „ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობამ თარგმნა. გამომცემლობის მარკეტინგის მენეჯერი ნინო ნადიბაიძე ამბობს, რომ წიგნის პირველადი ტირაჟი 3000 იყო, რომელიც მთლიანად გაიყიდა. მისივე თქმით, „ბინდის“ საგის წიგნების ქართულენოვანი გამოცემა განმეორებით რამდენჯერმე დაიბეჭდა.    

 

 

რაც შეეხება ფილმს, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები არც მას განიხილავენ მაღალი ხარისხის პროდუქციად, ეს არც ფილმის პოპულარობასა და არც მის შემოსავალზე არ ასახულა. ფილმში მთავარ როლს კრისტენ სტიუარტი, რობერტ პატინსონი და ტეილორ ლოტნერი ასრულებენ. ბოლო წლების მანძილზე MTV Movie Awards-ზე ბინდის საგის ფილმები წლის ფილმად დასახელდა. მსახიობებს მიღებული აქვთ ჯილდოები სხვადასხვა ნომინაციაში. ასევე „ ბინდი“ არის პირველი ფილმი, რომლის ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ მილიონზე მეტი მიმდევარი მოაგროვა. 

 

 

რაც შეეხება ფილმების ბიუჯეტს და  მოგებას. პირველი ფილმის „ბინდის“ ბიუჯეტი 37 მილიონი  დოლარი იყო, ხოლო შემოსავალმა, 2009 წლის 3 მაისის მონაცემებით, 382 მილიონზე მეტი დოლარი შეადგინა.

 

 

მეორე ფილმი, „ახალი მთვარე“, ეკრანებზე 2009 წელს გამოვიდა, ფილმის ბიუჯეტი 50 მილიონ დოლარს შეადგენდა, მოგებამ კი 709 მილიონზე მეტი დოლარი შეადგინა.

 

 

მესამე ფილმის „დაბნელების“ ბიუჯეტი 68 მილიონ დოლარს შეადგენდა, თუმცა წინა ფილმზე ნაკლები შემოსავალი მოუტანა შემქმნელებს, 2010 წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით, ეს თანხა 698 მილიონზე მეტ დოლარს შეადგენდა.  

 

მეოთხე ფილმის განთიადის პირველი ნაწილის ბიუჯეტი 110 მილიონ დოლარს შეადგენდა, მიუხედავად ამისა, „ახალი მთვარის“ რეკორდი ფილმის ამ ნაწილმა მაინც ვერ მოხსნა, 2012 წლის 10 თებერვლის მონაცემებით, ფილმის შემოსავალმა 701 მილიონზე მეტი დოლარი შეადგინა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი