ნეტგაზეთი | როცა გამოსავალი სიბნელეშიც მოიძებნება… როცა გამოსავალი სიბნელეშიც მოიძებნება… – Netgazeti

როცა გამოსავალი სიბნელეშიც მოიძებნება…

რა დროს ფესტივალია…

რა დროს კინოა…

უკვე მეორე დღეა, ვუყურებ კომპიუტერის თეთრ ეკრანს. არც ერთი წინადადება არ მომწონს – ვწერ და ვშლი.

პატიმრების გაუპატიურებისა და ძალადობის გავრცელებული კადრები იმდენად შემზარავია, ძნელია თავი მოუყარო აზრებს. ძნელია წერო კინოზე, როცა ადამიანთა აღშფოთება მაქსიმალურ ზღვარს აღწევს, ზოგი სასჯელაღსრულების მინისტრის გადადგომას ითხოვს (ამასობაში გადადგა), ზოგი – მთელი მინისტრთა კაბინეტის, ზოგი – თავად პრეზიდენტის…  ეს რაც შეეხება ლეგიტიმურ მოთხოვნებს, დანარჩენებს (უფრო აგრესიულად ემოციურს) აქ არ დავწერ.

 

არანაკლებ  მზარავს იმის გააზრება, რომ ჩვენი კულტურა და საზოგადოებაა ზოგადად ძალადობრივი – სისასტიკისადმი ვნება, რევანშისტული აღტაცებები, „სისხლი სისხლისა წილ“, იმის შინაგანი მოთხოვნილება, რომ დამნაშავეებმა არა მარტო უმკაცრესად აგონ პასუხი, არამედ ისინიც აწამო, გააუპატიურო, შეურაცხყო…  მეშინია, რომ ამ კადრებით აღშფოთებულ ადამიანთა შორის ბევრი მოიძებნება, რომელიც დამნაშავეებს ამ არაადამიანური მოპყრობის ცინიკურ სიმბოლოდ ქცეული ცოცხით ისევე დასჯიდა, ისეთივე სიამოვნებით, ისეთივე ცინიზმით…

 

„აგნეშკა ჰოლანდის ფილმი ადამიანის ბუნებაზეა, რომელიც ყველაზე არაპროგნოზირებადი და წინასწარ გაუთვლელია“– წერდა „გარდიანი“ პოლონელი რეჟისორის ოსკარზე ნომინირებულ ბოლო ნამუშევარზე „სიბნელეში,“ რომელიც ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამით უჩვენეს. 

 

ჰოლოკოსტი და მეორე მსოფლიო ომი, ნაცისტური გერმანიის ოკუპირებული ქვეყნები, მათი წინააღმდეგობა თუ პირიქით, კოლაბორაციონიზმი – ეს თემები თითქოს იმდენად „გაცვეთილია“, რომ ჰოლივუდურმა სანახაობრიობამ თუ სენტიმენტებით სპეკულაციამაც კი აითვისა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ის ჯერ კიდევ რჩება ერთ–ერთ მთავარ პრობლემად, პასუხგაუცემელ კითხვად, ღია ჭრილობად, რადგან მიზეზები, რამაც ჰოლოკოსტი გამოიწვია, დღემდე სიცოცხლისუნარიანია და ეს მიზეზები, უპირველეს ყოვლისა, თავად ადამიანშია.

 

„მე მონუსხული ვიყავი იმით, თუ როგორ მოვიქცეოდი, სოჩას [ფილმის მთავარი გმირი, რეალური პიროვნება] მსგავსი არჩევანის წინაშე რომ დავმდგარიყავი. გულწრფელად გეტყვით, რომ არ შემიძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა“– ამბობს ჰოლანდი ერთ–ერთ ინტერვიუში და ცდილობს, აჩვენოს ადამიანთა „არაპროგნოზირებადი“ და წინასწარ „გაუთვლელი ბუნება“, რომელიც კრიტიკურ სიტუაციებში განსაკუთრებული მოულოდნელობებით იჩენს თავს, მათ შორის, პოზიტიურადაც.  საკანალიზაციო არხების მუშა სოჩა ერთი ჩვეულებრივი, უბირი ადამიანია. როგორც ყველას (იშვიათ გამონაკლისებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში) ომის დროს, მასაც უჭირს, ამიტომ პერიოდულად ჯიბის ქურდობასაც არ ერიდება. როგორც ყველა პოლონელი (ასევე, ალბათ, გამონაკლისების გარდა) მხურვალე კათოლიკეა და, შესაბამისად, სძულს ებრაელები – მანამდე, სანამ გეტოს დარბევის შედეგად საკანალიზაციო არხს შეფარებულ ებრაელთა ჯგუფს არ გადაეყრება შემთხვევით. თავიდან სოლიდური თანხის გამორთმევის საფასურად მალავს მათ და საკვებით ამარაგებს, თანდათან აღმოაჩენს, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, იმასაც გაიხსენებს და აღიარებს, რომ, ბოლოს და ბოლოს,  ღვთისმშობელი და მოციქულები, უფრო მეტიც – თავად ქრისტეც კი ებრაელი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ სოჩა საკუთარი ოჯახისა და მეგობრების სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებასაც არ ერიდება „თავისი ებრაელების“ გადასარჩენად.

 

აგნეშკა ჰოლანდი, რომელმაც კინოგანათლება 60–იანი წლების  მღელვარე პრაღაში მიიღო, კინოკარიერა კი კშიშტოფ ზანუსისთან და ანჟეი ვაიდასთან ასისტენტობით დაიწყო, თავისი პირველი  ფილმებიდანვე პოლიტიკური სიმწვავით იპყრობს ყურადღებას. მათ შორის ჰოლოკოსტი მისი ერთ–ერთი მტკივნეული თემაა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ნახევრად ებრაელია, მამამისის ოჯახი გეტოში ჩახოცეს, თავად მამამისი კი უკვე სოციალისტურ პოლონეთში საკმაოდ საეჭვო ვითარებაში იპოვეს მკვდარი. ჰოლანდის მიზანი არც რევანშიზმია და არც ებრაელების რომანტიზაცია (რაც არც თუ იშვიათია ამ თემაზე შექმნილ ფილმებში). მას აინტერესებს არაადამიანური სისტემის  მექანიზმი, რომელიც ადამიანებს ყველაზე მოულოდნელ ნაბიჯებს ადგმევინებს. მისი ყველაზე გახმაურებული ფილმი „ევროპა–ევროპა“ ებრაელი ბიჭის ცხოვრებას გვიჩვენებს, რომელიც გადარჩენის მიზნით ჰიტლერ–იუგენდის წევრი ხდება. „სიბნელეშიც“ ებრაელები ყველანაირ   თვისებებს ავლენენ – საკანალიზაციო არხის კლაუსტროფობულ ნიშებში გამომწყვდეულთა ცხოვრებაში ღალატი,  უნდობლობა, უმადურობა, სიძუნწე კიდევ უფრო შემაძრწუნებლად იჩენს თავს, მაგრამ მათ ისევ უყვართ, ზრუნავენ, ამხნევებენ, სჯერათ…

 

აგნეშკა ჰოლანდი არავისკენ იშვერს მენტორულ თითს, ის პირველ რიგში საკუთარ თავში გახედებს და გაჩვენებს, რომ ადამიანის წინაშე დგება მომენტი, როდესაც მხოლოდ შენ და არავინ სხვა იღებ გადაწყვეტილებას და იღებ არა სამშობლოს, სარწმუნოების, თუნდაც საყვარელი ოჯახის, არამედ საკუთარი სინდისის წინაშე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თეო ხატიაშვილი