კინოხელოვნება

‘მუსლიმთა უცოდველობის’ ქართველი მსახიობის წერილი

18 სექტემბერი, 2012 • 2118
‘მუსლიმთა უცოდველობის’ ქართველი მსახიობის წერილი

აჟიოტაჟი ფილმის სიუჟეტმა გამოიწვია, რომელშიც წინასწარმეტყველი მუჰამედი მექალთანედ, ხარბად და მკვლელად არის წარმოჩენილი.

 

„ფილმი მუჰამედის მიმდევრებს ველურ, სიმდიდრეს დახარბებულ, ქალებისა და ბავშვების მკვლელებად წარმოაჩენს. ერთ-ერთ სცენაში კი წინასწარმეტყველი მუჰამედი ამბობს, რომ ის  გეია. ვითომ ყურანიდან მოყვანილი ციტატები კი, რომელიც მკვლელობასა და ძალადობას ეხება, მთლიანად გამოგონილია. ფილმი ასეთი შეურაცხმყოფელი მუსლიმთათვის იმიტომაა, რომ ისლამი კრძალავს მუჰამედ წინასწარმეტყველის ნებისმიერ განსახიერებას, დაცინვაზე ხომ ზედმეტია საუბარი,“- წერს BBC. 

 

ფილმში ერთ-ერთი როლის შემსრულებელი, ქართველი ანნა გურჯი წერილს ავრცელებს, როელშიც განმარტებულია, რომ პროდიუსერებმა ყველა მსახიობი მოატყუეს და საზოგადოებამ აბსოლუტურად სხვა პროდუქტი ნახა. 

 

“ფილმის გადაღებები 2011 წლის აგვისტოში დასრულდა. ფილმის გადაღებები კალიფორნიაში, ერთ-ერთ სტუდიაში მიმდინარეობდა. იგი დაბალბიუჯეტიანი, დამოუკიდებელი ფილმი გახლდათ.  გადაღებები როლზე დამტკიცების შემდეგ მალევე დაიწყო, ჩემთვის არ გამოუგზავნიათ სცენარი. გადასაღებ მოედანზე მარტივად ვაკეთებდი იმას, რაც ჩემი გმირისთვის იყო გათვალისწინებული. ყოველივე ეს არაბუნებრივად არ ჩამითვლია, მქონია მსგავსი გამოცდილება, მაგალითად, ფილმის სცენარი უცხო ენაზე იყო დაწერილი და მხოლოდ ჩემთვის განკუთვნილი ნაწილი ითარგმნა ინგლისურად. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პროდიუსერი და სცენარის ავტორი უცხოელები იყვნენ, რასაც მათი აქცენტით მივხვდი, ჩავთვალე, რომ სცენარიც უცხოენოვანი უნდა ყოფილიყო და ყველა ნაწილი არ თარგმნილა.

 

ჩემი გმირი ჰილარი ახალგაზრდა გოგონაა, რომელიც მშობლებმა თემის ლიდერს ჯორჯს მიყიდეს. ჰილარი მისი ყველაზე ახალგაზრდა საცოლეა. ფილმი უდაბნოში კომეტის ჩამოვარდნას და მის გამო ტომთა ბრძოლას ეხებოდა, რადგან ტომის წარმომადგენლებს კომეტის მაგიური  ძალის ჯეროდათ. 

 

მთელი ის პერიოდი, რომელიც გადაღებებზე გავატარე, არავის უხსენებია არც მუჰამედი და არც რელიგია. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის სახელოვნებო წრეებში და საერთოდ, არავინ არ იცოდა, რა იყო რეალურად დაგეგმილი ამ ფილმში.

 

ფილმის გადაღებები მეგობრულ გარემოში მიმდინარეობდა. რეჟისორი ალან რობერტსი თავის გეგმებზეც საუბრობდა, რომ სურვილი აქვს იგივე ფილმი დიდი დაფინანსების ფარგლებში ნამდვილ უდაბნოში გადაიღოს.  

 

გადაღებებზე ადამიანი, რომელთანაც მე ვკონტაქტობდი, ჩემთვის ცნობილი იყო, როგორც სემ ბეზილი. ის პატივისცემით გვექცეოდა და კარგი მოსაუბრე იყო, მპირდებოდა, რომ მალე ბილეთებს გამომიგზვნიდა ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის. თუმცა პრემიერის შესახებ არავის მოუწოდებია ჩემთვის ინფორმაცია და ფილმის საბოლოო ვარიანტიც არ მინახავს, ინტერნეტში ატვირთული ნაწილის გარდა. 

 

შოკირებული ვიყავი. მას შემდეგ, რაც გავიგე რეალობის შესახებ, ინტერვიუ “Inside Edition”-ს მივეცი. მთელი ინტერვიუს განმავლობაში ტირილი ვერ შევწყვიტე. განადგურებული ვიყავი. 

 

მტკივნეულია ჩვენი სახეების გამოყენება ასეთ საშინელებაში და არაფრის ცოდნა ამის შესახებ. მტკივნეულია, რომ ადამიანები მოკლეს ამ ფილმის გამო,  მტკივნეულია, რომ ჩვენ გვადანაშაულებენ, მაშინ, როცა ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია, გარდა იმისა, რომ გვეგონა ვთამაშობდით სათავგადასავლო ფილმში, მტკივნეულია, იყო ის ადამიანი, რომელიც რეალურად არ ხარ. 

 

“Inside Edition”-საც ვუთხარი, რომ თავს საშინლად ვგრძნობდი, არაფერი დამიშავებია, მაგრამ მაინც საშინლად ვგრძნობდი თავს. თავს საშინლად ვგრძნობდი იმის გამოც, რომ ადამიანს შეუძლია ასეთი სისასტიკის ჩადენა, თავს საშინლად ვგრძნობდა ყველა ტყუილის, უსამართლობის, სისასტიკის, ძალადობის გამო, უდანაშაულო ადამიანთა დაღუპვის გამო, ცრუ ბრალდებების გამო.

 

დამალვას არ ვაპირებ, დასამალი არაფერი მაქვს. არ ვიცი, სიმართლის თქმის გარდა, რა დამრჩენია.

 

მე საქართველოში გავიზარდე (ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნაში), უშუალო მომსწრე ვარ პროტესტის, დემონსტრაციების, უსამართლობის, სისასტიკისა და ძალადობის. იქ ვიყავი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მუდმივად ჩაცმული, ზურგჩანთით ველოდებოდი დაბომბვას. მე დავტოვე ჩემი ქვეყანა, რადგან ვხედავდი, რომ მსახიობს მომავალი არ აქვს. მგონია, რომ კინოინდუსტრია ჯერ კიდევ გაჯანსაღების პროცესშია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.  

 

ძალიან რთულია მსახიობისთვის თავის დამკვიდრება, მით უფრო უცხო ქვეყანაში, ადამიანები ფიქრობენ, რომ თუკი ამერიკაში ხარ, შენთვის ყველა კარი ღიაა. რთულია აგენტის მოძებნა და როლების მიღება კავშირების გარეშე, 4 წლის მუშაობის შემდეგ, როდესაც “Dessert Warrior”-ში როლი მივიღე, ძალიან აღელვებული ვიყავი. 

 

არც კი ვიცი, რატომ დამემართა ეს, მე ხომ მხოლოდ საკუთარი კარიერის გაგრძელება მინდოდა. მე ხომ ასე მომწონს ტრანსფორმაციის პროცესი. 

 

რამდენიმე თვის წინ მამასთან ერთად სცენარზე მუშაობა დავასრულე, რომელიც მსოფლიო მშვიდობაზეა, რაც ერთი საკითხის გააზრებაში დამეხმარა – აპატიო და იზრუნო მტრებზე. მივხვდი ასევე, რომ უფრო დიდი მიზეზია თამაშისთვის, როდესაც ვთამაშობთ, ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს, დაინახონ ყველა განსხვავებული გმირი, რომლებიც არსებობენ, როდესაც ადამიანები, ამ განსხვავებულ გმირებს ხედავენ, მათ გაგებას იწყებენ და როდესაც გმირებს უგებენ, ადამიანები მათ მიღებას იწყებენ, ხოლო როდესაც იღებენ, ისინი უახლოვდებიან ერთიანობას, როგორც კი ერთიანდებიან, ადამიანები ერთმანეთს იყვარებენ და ეხმარებიან.

 

გასულ კვირას ვფიქრობდი, რომ ადმიანები დედამიწის სხეულის უჯრედები არიან. რატომ არ უნდა ვიმუშაოთ ერთად და მხარი დვუჭიროთ ერთმანეთს, ნაცვლად ერთმანეთის მოკვლისა და განადგურებისა. თუ უჯრედი კლავს მეორე უჯრედს, მთელი სხეული იღუპება. ყოველთვის უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე და მხარი დავუჭიროთ მსოფლიო მშვიდობას. იმედი მაქვს, დედამიწას სიკვდილისგან ვიხსნით. 

 

მე გახსნილ ოჯახში გავიზარდე, სადაც ყველაფერს განსხვავებულს პატივს სცემდნენ, გავიზარდე განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანებში, ამიტომ  დამანგრეველია ჩემთვის ჩემი სახის ისე წარმოჩენა, რაც ჩემს რწმენას აბსოლუტურად ეწინააღმდეგება. 

 

მე თანაგრძნობას გიცხადებთ, ყველა დაღუპულის ოჯახის წევრსა თუ მეგობარს. ამბობენ, რომ ყველაფერი რაღაც მიზეზით ხდება. მე მჯერა, რომ ეს ეშმაკის მახეა, რომ ჰუმანურობას დაგვაშოროს. ჩვენ ძლიერები უნდა დავრჩეთ და გვახსოვდეს, რომ ძალადობა მსოფლიოს უკეთესს ადგილად ვერ აქცევს. ეს მხოლოდ გაგებას და სიყვარულს შეუძლია.” 

 

საპროტესტო აქციებს თეთრი სახლიც გამოეხმაურა, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ამერიკა ემიჯნება “მუსლიმთა უცოდველობის” პათოსს, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატების მკვლელები დაისჯებიან. ჰილარი კინტონის განცხადებით, ამერიკა დაიცავს საკუთარ დიპლომატებს, თუ ძალადობა არ შეწყდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი