ხელოვნება

არღვევს თუ არა თბილისის იერსახეს ახალი მშენებლობა რიყეზე

6 აგვისტო, 2012 • • 9336
არღვევს თუ არა თბილისის იერსახეს ახალი მშენებლობა რიყეზე

“მე ცალკე ახალ მუსიკალურ თეატრს ვერ შევაფასებ, ის უნდა განვიხილოთ ახალ ხიდთან და საბაგიროსთან ერთად. ასეთი ნაგებობები ქალაქის არქიტექტურაში არაადეკვატური ჩარევაა,” – აცხადებს არქიტექტორ-რესტავრატორი ნესტან თათარაშვილი.

რიყის პარკში მუსიკალური თეატრისა და საგამოფენო ცენტრის მშენებლობა “თბილისის განვითარების ფონდის” დაკვეთით ხორციელდება. მშენებლობა იტალიელი არქტიტექტორის, მასიმილიანო ფუკსასის პროექტით მიმდინარეობს.

მშენებლობა რიყის პარკში
მშენებლობა რიყის პარკში

 

უკვე დასრულებულია შენობის ფუნდამენტისა და მიწისქვეშა სივრცის მშენებლობა. ამჟამად მიწისზედა კონსტრუქცია შენდება. ნაგებობის კონტურები უკვე გამოკვეთილია.

“პირველად მასშტაბის გრძნობა მაშინ დავკარგეთ, როცა პრეზიდენტის სასახლე ავაშენეთ, რომელიც ძალიან დიდია ავლაბრის ქედისთვის. ახლა ამავე ქედს ვკარგავთ რიყის მუსიკალური ცენტრის ხარჯზე”, – ამბობს ცირა ელისაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

არქიტექტორ-რესტავრატორი ნესტან თათარაშვილი იხსენებს, რომ 2000 წელს “იუნესკომ” თბილისი კანდიდატთა ნუსხაში შეიყვანა, რის შემდეგაც ამ ორგანიზაციის მითითებით, ქალაქში შესწორებითი სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო.

რიყის პარკში მშენებარე მუსიკალური თეატრისა და საგამოფენო ცენტრის მაკეტი
რიყის პარკში მშენებარე მუსიკალური თეატრისა და საგამოფენო ცენტრის მაკეტი

 

“თუმცა ნაცვლად შესწორებებისა, 10–ჯერ მეტი აშენდა”, – აცხადებს ნესტან თათარაშვილი, რომელიც უარყოფითად აფასებს რიყის პარკში გაჩაღებულ მშენებლობას. მისი თქმით, სწორედ ამგვარი ნაგებობებისა და ქალაქის ისტორიულ არქიტექტურაში უხეში ჩარევის გამო ვერ მოხვდა თბილისი იუნესკოს დაცული ქალაქების სიაში. 

რიყის პარკში მუსიკალური თეატრისა და საგამოფენო ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს. სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველი ალექსანდრე ხაჩიძე ამბობს, რომ მშენებლობაზე 100-მდე ადამიანია დასაქმებული: 

“ძალიან კარგი ტემპი გვაქვს აღებული. იტალიური მხარეც აქტიურადაა ჩართული საქმიანობაში და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე დავასრულებთ სამუშაოებს”.

მუსიკალური თეატრი
მუსიკალური თეატრი

 
არქიტექტორი მასიმილიანო ფუკსასი, რომლის პროექტითაც შენდება რიყის პარკში მუსიკალური თეატრი და საგამოფენო ცენტრი, საქართველოში სხვა პროექტებსაც ახორციელებს. მათ შორისაა იუსტიციის სახლები თბილისში, გორსა და მარნეულში.

მასალების გადაბეჭდვის წესი