კინოხელოვნება

ახალი კინოსტუდია ძველის ნაცვლად – რას სთავაზობს სახელმწიფო რეჟისორებს

13 ივლისი, 2012 • • 2529
ახალი კინოსტუდია ძველის ნაცვლად – რას სთავაზობს სახელმწიფო რეჟისორებს

შეხვედრა ათიოდე დღის წინ შედგა. რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც შეხვედრაზე იმყოფებოდა. ის ამბობს, რომ მინისტრმა მრავალ სხვა წინადადებასთან ერთად რეჟისორებს ერთიანი სამუშაო ჯგუფის შექმნის იდეა შესთავაზა, რომელიც კონოსტუდიის საკითხს შეისწავლის.

კოკოჩაშვილი ამბობს, რომ კინოსტუდიასთან დაკავშირებით რამდენიმე იდე განიხილებოდა:

“ერთი ის, რომ გაიყიდოს ეს ძველი კინოსტუდია, რომელიც აღმაშენებელზე მდებარეობს და თანხა მოხმარდეს დიღმის ბაზის კეთილმოწყობას, ხოლო მეორე ის, რომ ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე, ანუ აღმაშენებელზე შეიქმნას კინოქალაქი, რომელშიც განთავსდება ყველაფერი –  კინოსტუდიები, თეატრი და ასე შემდეგ.  ეს იყო ჩვენი შეთავაზება. მინისტრმა გვითხრა, საკითხს შევისწავლოთო”.

რეჟისორი ამბობს, რომ საბოლოოდ შეთანხმდნენ, საკითხი რომ შეისწავლონ, თუმცა, ამასთანავე დასძენს, რომ თბილისში, აღმაშენებელის გამზირზე მდებარე ძველი კინოსტუდიის შენობის  გაყიდვის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. კოკოჩაშვილის თქმით, კულტურის მინისტრთან შეხვედრაზე  კონკრეტული ინფორმაცია ინვესტორის შესახებ, ასევე, შეინარჩუნებს თუ არა შენობა პროფილს პრივიზატიზაციის შემთხვევაში, ცნობილი არ გამხდარა.

ნიკოლოზ რურუასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჩრდილების თეატრის დამფუძნებელი, რეჟისორი გელა კანდელაკი. ისიც ამბობს, რომ  კონკრეტული გადაწყვეტილება შეხვედრის ფარგლებში არ მიღებულა.

”გადაწყვეტილება არ არის მიღებული.  ჯერ მიდის საუბარი ქართულ კინოზე და მის განვითარებაზე. მე, ზაზა ურუშაძემ და სხვებმა სქემის  შემუშავება დავიწყეთ და ამ სქემაში ვეცდებით გავარკვიოთ, სად უფო მეტი სარგებელი იქნება  – ძველ, თუ ახალ კინოსტუდიაში. ჩვენ საწყის ელემენტს ვაკეთებთ  და მერე ამის განხილვა იქნება,” – განაცხადა რეჟისორმა ”ნეტგაზეთთან” საუბარში.

რეჟისორს მიაჩნია, რომ კონცენტრირება უმთავრესად ძველი კინოსტუდიის ბაზაზე უნდა მოხდეს, იგი უნდა იქცეს კულტურულ – საგანმანათლებლო ადგილად და ყველაფერმა, რაც კინოსთან არის დაკავშირებული, აქ უნდა მოიყაროს თავი.

”სახელწიფოს ადგილზე რომ ვიყო, მაშინ, როცა ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზეა საუბარი, ქალაქის შუაგულში, ისეთ ადგილზე, როგორზეც კინოსტუდიაა, გავაკეთებდი კინოს მუზეუმს.  ასევე, ტურისტებისთვის ტურებს მოვაწყობდი, ვანახებდი, როგორ ხდება მულტიპლიკაციების შექმნა.  მთელ მსოფლიოში პავილიონებში შეყავთ ხალხი და ეს ძალიან პოპულარულია. ასევე აქ უნდა ფუნქციონირებდეს მცირე დარბაზი, სადაც მსოფლიოს და ქართული კინოს ჩვენებები მოეწყობოდა,” – ამბობს რეჟისორი გელა კანდელაკი.

ძველი კინოსტუდიის ირგვლივ დისკუსია დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო.   

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე “ძველი კინოსტუდიის”  შენობის ნაწილს ”ქართული ფილმის განვითარები ფონდი” ფლობს, სახელწიფომ ”ქართული ფილმის განვითარების ფონდს” მის მფლობელობაში არსებული ტერიტორიის დიღმის კინისტუდიის შენობაზე გაცვლა შესთავაზა, რასაც რეჟისორების ნაწილის პროტესტი მოყვა.

რეჟისორების განმარტებით, შემოთავაზება ეკონომიკის სამინისტროდან, კერძოდ კი, ეკონომიკის სამინისტროს ახალდაარსებული ორგანიზაციიდან შპს “ქართული კინოს განვითარების ცენტრიდან” მოდიოდა. შემოთავაზება ”ქართული ფილმის განვითარების” გამგეობის სხდომაზე გაჟღერდა, რომელსაც  რეჟისორი ოთარ ლითანიშვილიც ესწრებოდა.

“ეკონომის სამინისტრომ, კერძოდ,  შპს “ქართული კინოს განვითარების ცენტრიდან” მოვიდა ინიციატივა გაცვლის შესახებ. მე ამ დოკუნეტს მოვაწერე ხელი, რადგან სახელმწიფო უფრო კეთილმოწყობილ კინსტუდიას გვთავაზობს, ” – განაცხადა ”ნეტგაზეთან” საუბრაში რეჟისორმა ოთარ ლითანიშვილმა.  

სახელმწიფოს შემოთავაზების მიხედვით, ძველი კინოსტუდიის სანაცვლოდ, რეჟისორები დიღმის კინოსტუდიის ტერიტორიას და 2 მილიონი ლარის აპარატურას მიიღებენ.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში შპს “ქართული კინოს განვითარების ცენტრის” დამფუძნებელი მაია ავალიანი ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან, არაერთი მცდელობის მიუხედავდად, ”ნეტგაზეთმა” ოფიციალური კომენტარი ვერ მიიღო, რის გამოც სამინისტროს პოზიცია ამ დრომდე უცნობი რჩება.  

მანამ,  სანამ სახელმწიფო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, კინორეჟისორები ”ძველი კინოსტუდიის” გადასარჩენად საზოგადოებას დახმარებით მიმართავენ.

“მოგმართავთ ქართულ საზოგადოებას და საქართველოს მთავრობას, რათა დაგვიჭიროთ მხარი, ერთიანი ძალისხმევით გადავარჩინოთ თავისი ტრადიციებით განთქმული ეს კულტურული კერა” – ესაა ამონარიდი ქართველ კინემატოგრაფისტთა მიმართვიდან, რომელიც ძველი კინოსტუდიის ტერიტორიის შესაძლო გასხვისების საკითხზე გაავრცელეს.

რეჟისორებმა საკუთარი პროტესტი ხელმოწერებითაც დაადასტურეს.


მასალების გადაბეჭდვის წესი