თბილისში საოპერო ფესტივალი გაიმართება

9-25 ივლისს თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში პირველად გაიმართება საერთაშორისო ფონდის “თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის” მიერ დაფუძნებული “თბილისის  საოპერო ფესტივალი”.

“თბილისის საოპერო ფესტივალი”  ოთხ ღონისძიებას მოიცავს. 9 ივლისს გაიმართება კონცერტი, რომლის პროგრამაშია პეტრე ჩაიკოვსკის “სერენადა” სიმებიანი ორკესტრისთვის და კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის. შემდგომი სამი საღამო დაეთმობა ჯუზეპე ვერდის ოპერებს _ 15 ივლისს შესრულდება “ნაბუქო”, 20 ივლისს –“ატილა”, 25 ივლისს– “ტრუბადური” (წარმოდგენილი იქნება ოპერების საკონცერტო ვერსიები).

“თბილისის საოპერო ფესტივალის” საბაზო კოლექტივია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, მისი სოლისტები, გუნდი (მთავარი ქორმაისტერი –  ავთანდილ ჩხენკელი, ქორმაისტერი –  შალვა შაორშაძე), სიმფონიური ორკესტრი (კონცერტმაისტერი –  ლელა მჭედლიძე).

ფესტივალის სპეციალური სტუმრები არიან – სახელგანთქმული ახალგაზრდა მევიოლინე ვალერი სოკოლოვი, ანტონინის უნივერსიტეტის გუნდი (ბეირუთი, ლიბანი), საზღვარგარეთ წარმატებით მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი მომღერალი რამაზ ჩიკვილაძე, რომელიც ატილას პარტიას შეასრულებს ვერდის “ატილაში”, სადაც თბილისის ოპერის თეატრის გუნდთან ერთად იმღერებს ანტონინის უნივერსიტეტის გუნდიც.


“თბილისის საოპერო ფესტივალის” აუდიტორია შეხვდება ოპერის თეატრის სოლისტებს: გია ასათიანს, მაყვალა ასპანიძეს, სულხან გველესიანს, გოჩა დათუსანი-ჯიღაურს, არმაზ დარაშვილს, თეა დემურიშვილს, ლეგი იმედაშვილს, მანანა იორდანიშვილს, ნიკოლოზ ლაგვილავას, გიორგი მახარაძეს, ირაკლი მურჯიკნელს, ელენა პუტილოვას, ირინე რატიანს, თამაზ საგინაძეს, მიშელინა ქობალიანს, ტარიელ ჭიჭინაძეს, ზაალ ხელაიას, ანზორ ხიდაშელს. საფესტივალო საღამოებს წარუძღვება იტალიელი დირიჟორი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი ჯანლუკა მარჩანო.

 

“ვერაფერი შეცვლის ცოცხალ ურთიერთობას სცენასა და მაყურებელს შორის, უხილავი ძაფებით რომ მიგაჯაჭვებს სცენას და გავიწყებს რეალობას. სწორედ ასეთ ურთიერთობებს ეძებს ოპერის ჭეშმარიტი მსმენელი, სწორედ ამ შეგრძნებების ხელმეორედ განცდისთვის დავდივართ სხვადასხვა ქალაქებში ოპერის მოსასმენად, დავხეტიალობთ სხვადასხვა მუსიკალურ მაღაზიებში, ვაგროვებთ ჩანაწერებს, წიგნებს, მაგრამ დამეთანხმებით, ვერაფერი შეედრება დარბაზში სმენისას წარმოქმნილ ზეციურ ველს, რომელიც სცენაზე მდგარსა და მაყურებელს შორის იქმნება.


ამ ხელოვნების მიმართ უზომო სიყვარულმა მაფიქრებინა საოპერო ფესტივალის შექმნა. თუმცა, ეს ჩემი ან ჩვენი თეატრის პირდაპირი მოვალეობა არ გახლავთ. ვოცნებობდით გამოჩენილიყო ვინმე, ვინც დააფუძნებდა ფესტივალს, სადაც სხვებთან ერთად, ჩვენ ერთ-ერთ მონაწილედ მოგვიწვევდა ყოფნა. მოგეხსენებათ, მაღალი რანგის ფესტივალის ჩატარებას ძალიან დიდი შრომა, ბევრი ადამიანი და თავდადება სჭირდება. ამ საქმის ხორცშესხმას ახალი ორგანიზაცია და სტრუქტურა სჭირდება. დიდხანს ველოდე იმ ადამიანს, რომელიც შექმნიდა საქართველოში, _ სადაც სამი საოპერო თეატრია, _ საერთაშორისო ფესტივალს, მაგრამ მიუხედავად ბევრი ლაპარაკისა, ასეთი მაინც არავინ გამოჩნდა…


და აი, მე და ჩემმა მეგობრებმა: ჩვენი ოპერის სოლისტებმა, ორკესტრის მუსიკოსებმა, ადმინისტრაციის წევრებმა, გადავწყვიტეთ დამოუკიდებლად დაგვეარსებინა “თბილისის საოპერო ფესტივალი”, _ ჯერჯერობით მოკრძალებული მასშტაბით, მაგრამ ჩვენი თეატრისთვის ისტორიულად უმნიშვნელოვანეს პერიოდში!

ვიმედოვნებ, რომ ამ ფესტივალს საუკუნეების მანძილზე ეყოლება ერთგული მაყურებელი.

თქვენ კი, ძვირფასო სტუმრებო, გისურვებთ, რომ არსად წასვლა და ხეტიალი არ მოგიწიოთ ნამდვილი, ჭეშმარიტი საოპერო თავგადასავლების საძიებლად და ეს ყველაფერი ჩვენს “თბილისის საოპერო ფესტივალზე” გეპოვოთ!”, _ ამბობს ფესტივალის დამფუძნებელი დავით საყვარელიძე. საყვარელიძის ამ კომენტარს და პრესრელიზს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ავრცელებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge