ხელოვნება

კლასიკური მუსიკის ფესტივალი “შემოდგომის თბილისი” 17 სექტემბერს გაიხსნება

13 სექტემბერი, 2016 • 2125
კლასიკური მუსიკის ფესტივალი “შემოდგომის თბილისი”  17 სექტემბერს გაიხსნება

კლასიკური მუსიკის ფესტივალი “შემოდგომის თბილისი” 17 სექტემბერს, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის შესრულებით, მოცარტის რეკვიემით გაიხსნება და თვეზე მეტხანს გასტანს.

ფესტივალი “შემოდგომის თბილისი”, რომელიც ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრისა და თბილისის მერიის ორგანიზებით ტარდება, წელს ოცდამეოთხედ იმართება და კლასიკურ მუსიკასთან ერთად ჯაზსა და ფოლკლორულ ჟანრსაც მოიცავს.

ფესტივალში მონაწილეობას ქართველებთან ერთად უცხოელი შემსრულებლებიც მიიღებენ. მათ შორის, წელს თბილისს პირველად ეწვევა ჯგუფი “იანოშკა” და ძმები გურფინკელები. ფესტივალში ასევე მონაწილეობას მიიღებს “გეორგიკა” ფოლკლორული სოლოკონცერტით და საქართველოს შეიარაღებული ძალების სასულე ორკესტრი ინგლისელ მუსიკოსებთან ერთად.

“ჩვენ გვაქვს ასეთი ნიშა, პირველი შესრულებების ნიშა. წელს შესრულდება სენსანსის საორღანო სიმფონია. როგორც იქნა, მოვუყარეთ ამას თავი, რომ ორღანიც გვაქვს და ორკესტრიც. ეს 15 ოქტომბერს გაიმართება და ამავე კონცერტში ქეთევან ქემოკლიძე პირველად შეასრულებს საქართველოში “კლეოპატრას სიკვდილს” – ამბობს კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ კახიძე.

ფესტივალი ქართული მუსიკის კონცერტით დაიხურება. როგორც ვახტანგ კახიძე აღნიშნავს, კონცერტზე ამ დრომდე უცნობი ქართული კომპოზიციები შესრულდება. მათ შორის ზაქარია ფალიაშვილის ვარიაციები აფხაზურ საცეკვაო მელოდიებზე. ნაწარმოები მხოლოდ ერთხელ, 1935 წლის 10 აგვისტოს ლევან ფალიაშვილმა შეასრულა.

” ასევე იქნება ერთი ძალიან სენსაციური შესრულება ავსტრიაში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორის, ალოიზ მიზანდარის “ტიფლის პოლკა”. მან 1867 წელს შექმნა ეს “ტიფლის პოლკა” და ფაქტობრივად ეს არის პირველი ქართული სიმფონიური ნაწარმოები და პირველი პარტიტურა ქართული. მისმა შთამომავალმა ლევან მიზანდარმა, რომელიც თვითონ არის კომპოზიტორი და  მკვლევარი და მუშაობს კინოსა და თეატრის მუზეუმში, აღმოაჩინა ამ ნაწარმოების საორკესტრო პარტიები და დაიწყო რესტავრაცია. ჩვენ ამასწინათ პირველად შევასრულეთ ეს რეპეტიციაზე და ამიტომ იქნება, ასე ვთქვათ, მსოფლიო პრემიერა ამ ნაწარმოების. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, დავუშვათ, 30 წლის მერე კი არ შეიქმნა პირველი ქართული სიმფონიური ნაწარმოები, გაცილებით უფრო ადრე”  – ამბობს ვახტანგ კახიძე.

წლევანდელი ფესტივალი შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნება და 22 ოქტომბერს დასრულდება. “შემოდგომის თბილისის” ფარგლებში გამართულ კონცერტებზე დასასწრები ბილეთების ფასი ყველა წარმოდგენაზე 5-დან 20 ლარამდე იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი