ხელოვნება

“დურუჯის” მოსაპოვებლად 30 სპექტაკლი იბრძვის

9 მაისი, 2012 • 1922
“დურუჯის” მოსაპოვებლად 30 სპექტაკლი იბრძვის

თეატრალური პრემია “დურუჯის” მონაწილეთა სია დღეს გამოქვეყნდა. პრემიის მოსაპოვებლად 19 თეატრის 30 სპექტაკლი იბრძოლებს.

როგორც “დურუჯის” კოორდინატორმა მზია შარაშიძემ განაცხადა, სპექტაკლების ნახვა ჟიურიმ უკვე დაიწყო. წელს პრემიას ექვსი გამარჯვებული ეყოლება, ჟიურის წევრების ვინაობა კი ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია:

“წელს ექვსი გამარჯვებული გამოვლინდება, საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრის ავტორი 14 000 ლარს მიიღებს, საუკეთესო მსახიობი ქალი, მამაკაცი და დრამატურგი 2000 – 2000 ლარს მიიღებენ. დაწესებულია კულტურის სამინისტროს სპეციალური პრიზიც 10 000 ლარის ოდენობით, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორს გადაეცემა. წლის საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი გარდა ფულადი თანხისა გამომცემლობა დიოგენესგან სპეციალურ პრიზს მიიღებს, კერძოდ კი, გამომცემლობა ამ ავტორის პიესების კრებულს გამოსცემს”, – ამბობს მზია შარაშიძე, მისივე თქმით, წინა წლებისგან განსხვავებით, “დურუჯს” წელს ერთი ახალი, საუკეთესო მხატვრის ნომინაცია დაემატა. საუკეთესო მხატვარი კომპანია “ჯეოსელისგან” სპეციალურ პრიზს მიიღებს, ეს არის Samsung galaxy note, ეს არის უახლესი პროდუქტი, რომელიც ხატვისთვის გამოიყენება.

5 ივნისს კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული სპექტაკლების მოკლე ნუსხა გამოცხადდება, “დურუჯის” გამარჯვებულები კი 16 ივნისს გამოვლინდებიან.

თეატრალური პრემია გამარჯვებულებს წელს მეოთხედ გადაეცემათ, 2012 წლის “დურუჯის” მონაწილე სპექტაკლების სრული სიის ნახვა “რედიქსის” facebook გვერდზე შეგიძლიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი