ხელოვნება

მუნკის “კივილი” სოტბის აუქციონზე იყიდება

2 მაისი, 2012 • • 1978
მუნკის “კივილი” სოტბის აუქციონზე იყიდება

ცნობილი ნორვეგიელი მხატვრის ედვარდ მუნკის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი სურათის “კივილი”  საწყისი ფასი სოტბის აუქციონზე 80 მილიონი აშშ დოლარია. ინფორმაციას  Sky News–ი ავრცელებს.

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპრესიონისტის “კივილი” მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სურათია, ამიტომაც, ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, ნახატის ღირებულება შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.

Sky News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სოტბის აუქციონის ორგანიზატორი დევიდ ნორმანი ამბობს, რომ მუნკის “კივილში” ყველაზე კარგადაა გადმოცემული მეოცე საუკუნისათვის თანმდევი გრძნობები: იმედგაცრუება, სასოწარკვეთა და ადამიანური ყოფიერების ამაოება.

ტილოს საინტერესო ისტორია აქვს. იგი წლების მანძილზე კერძო კოლექციონერის პეტერ ოლსენის საკუთრებაში იყო. პეტერ ოლსენს ის მამისგან ერგო, რომელიც მუნკთან მეგობრობდა. სურათს სამი სხვა მესაკუთრეც  ჰყავდა – სხვადასხვა დროს სამ სხვადასხვა მუზეუმში ბინადრობდა. ერთ–ერთი მათგანიდან, ოსლოს მუზეუმიდან, “კივილი” მოიპარეს და მნიშვნელოვნად დააზიანეს.

ამ დროისთვის სოტბის აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული ნამუშევრებია: პაბლო პიკასოს “შიშველი ფიგურა, მწვანე ფოთლები და ბიუსტი”,  რომელიც 2010 წლის მაისში 106.5 მილიონ დოლარად  გაიყიდა;  ალბერტო ჯიაკომეტის ქანდაკება, რომელიც 2010 წლის თებერვალში 104.3 მილიონ დოლარად გაიყიდა.  

80 მილიონ დოლარად გაყიდვის შემთხვევაში, ედვარდ მუნკის “კივილი” მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნახატების სიაში მოხვდება.  

მასალების გადაბეჭდვის წესი