ხელოვნება

რას მოიცავს პროექტი “რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობისთვის”

26 აპრილი, 2012 • 982
რას მოიცავს პროექტი “რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობისთვის”

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის “რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მემკვიდრეობის მართვის გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

პროექტი საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება.

როგორც პროექტის კოორდინატორმა ნატო ცინცაბაძემ განაცხადა, მუშაობა ძირითადად ოთხი მიმართულებით განხორციელდება:

  • მემკვიდრეობის ეროვნული კონცეფციის დამუშავებას
  • კულტურული მემკვიდრეობის სფეროთი დაინტერესებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებას – რომლის ფარგლებშიც 10 თემატური ვორქშოფის ჩატარება იგეგმება
  • რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას და გამოცდილების გაზიარებას – რომელიც სპეციალური ინტერნეტჟურნალის დაარსებას გულისხმობს, რომელზეც მასალები განთავსდება საქართველოს, სომხეთის და უკრაინის წარმომადგენლების მხრიდან.
  • დაგეგმვასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვას – რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით საჯარო განხილვების და პრესკონფერენციების მოწყობა და იუნესკოს დახმარებით სპეციალური სახელმძღვანელოს გამოცემა იგეგმება.

ნატო ცინცაბაძის თქმით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი:

“ჩვენ ვთანამშრომლობთ დაინტერესებულ პირებთან და სამინისტროებთან, მინდა აღვნიშნო, რომ სამინისტროების მხრიდან უკვე გამოყვეს საკონტაქტო პირები, ვინც ჩვენს პროექტში ჩაერთვება, რაც მისასალმებელია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სექტემბერში უკვე დაგეგმა კულტურული მემკვიდრეობის სემინარი”, – განაცხადა ნატო ცინცაბაძემ.

პროექტში ჯერჯერობით არ არის ჩართული ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქარი”, თუმცა ისინი მომავალში თანამშრომლობას არ გამორიცხავენ. ორგანიზატორთა განცხადებით, სემინარები ჩატარდება ყველა დაინტერესებული პირისა და ჟურნალისტისთვის.

პრეზენტაციის მონაწილეებს უკვე განხორციელებულ სარეაბილიტაციო პროექტებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

პროექტის პარტნიორები არიან: ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი (ICOMOS საქართველო), კომპანია “არქიტექტურა და პრესტიჟი” (უკრაინა), ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების სომხეთის ეროვნული კომიტეტი (ICOMOS სომხეთი) და ნორვეგიის კულტურის დირექტორატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი