ხელოვნება

კინო, რომელიც ყოველთვის ჩვენთან უნდა იყოს

9 აპრილი, 2012 • 1729
კინო, რომელიც ყოველთვის ჩვენთან უნდა იყოს

მეოთხე წელია ნიუ იორკი სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა (სსმპ) ფესტივალს მასპინძლობს, რომელსაც ერთი სიტყვით ასე უწოდებენ – ReelAbilities. ამ სიტყვის გადმოქართულება არც ისე იოლია. შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც „კინოფირის შესაძლებლობა“, ანდა „მოკლემეტრაჟიანი ფილმის შესაძლებლობა“.  

ეს ფესტივალი გახლავთ ამერიკის სსმპ–თა ცხოვრების, პრობლემებისა და ამ პრობლემების გადაწყვეტის აღმწერი ფილმების  ყველაზე დიდი ფესტივალი; ამ ადამიანებზე, ამ ადამიანების მონაწილეობით, სიყვარულზე, სიძულვილსა და თავისუფლებაზე. 

წელს მსოფლიოს დედაქალაქში შეზღუდული შესაძლებლობების თემაზე შექმნილი ფილმები ნიუ იორკის ხუთი რაიონის 23 კინოთეატრში აჩვენეს. ფესტივალის ორგანიზატორებმა კინოფესტივალის პროგრამები ბრაელის შრიფტით დაბეჭდეს, მხედველობადაქვეითებულთათვის სპეციალური სასმენი აპარატები დაამონტაჟეს, ფილმები კი ტიტრებით უზრუნველყვეს. ფესტივალის დირექტორმა ისააკ ზაბლოცკიმ აღნიშნა, რომ, როგორც წესი, კინოჩვენებაზე სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ახლავთ თან; 50 პროცენტზე მეტი კი სწორედ ის ადამიანები მოდიან, რომლებიც სსმპ–ის  კატეგორიაში არ თავსდებიანო. ზაბლოცკიმ თანამედროვე და ზოგადად კინოს იმ  მნიშვნელოვან პრობლემაზე ისაუბრა, რომელიც ამერიკული ფილმების ფორმატში სპეციალური საჭიროებების მქონეთა ნარატივის ჩართვას გულისხმობს. 

ReelAbilities–ს სხვა კინოფესტივალებმაც დაუჭირეს მხარი. მაგალითად, „ბოსტონის ებრაული ფილმების ფესტივალმა“, რომლის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ თემაზე სამხატვრო თუ დოკუმენტური ფილმების შექმნა უნდა გასცდეს ქვეყნის, რელიგიის, ეთნოსისა და რომელიმე კონკრეტული თემის საზღვრებს, რადგანაც სპეციალური საჭიროების მქონე პირების პრობლემები გლობალურია. ფაქტობრივად, ამგვარი სახის კინოფესტივალი არის არა მხოლოდ პერფორმანსი, არამედ ერთგვარი სასწავლო კურსიც დაუნის სინდრომის, ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დაავადებათა, აუტისტებისა და კიდურების ამპუტაციაგავლილი ადამიანების შესახებ. იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი, როგორ ნახულობენ ბედნიერების გზასა და ძალასაც, რათა ერთმანეთს დაეხმარონ…

ReelAbilities მთელი წლის განმავლობაში, ნიუ იორკის გარდა, ამერიკის სხვადასხვა მსხვილ ქალაქებში იმოგზაურებს, მაგალითად, ატლანტაში, ბოსტონში, ფილადელფიაში, ცინცინატში, რიჩმონდში. აპრილის ბოლოს ფესტივალს ჩიკაგო უმასპინძლებს. ნაჩვენები იქნება კანადელი მარს ევანსის ფილმი „თოვლის ნამცხვარი“, რომელიც მოგვითხრობს აუტისტი ქალისა და ოდესღაც პატიმრობაში მყოფი იმ მამაკაცის მეგობრობაზე, რომლის მანქანაშიც თოვლიან გზაზე ავარიის გამო ამ ქალის შვილი  დაიღუპება;

ბრიტანელი ილანა ტრაშტმენის ფილმი „ლოცვა ლიონთან ერთად“ ადრეულ ასაკში დაობლებულ დაუნისსინდრომიან ბავშვზეა, რომელიც მის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ახლომყოფთა დამოკიდებულებას გვიჩვენებს…

ამერიკელი კენ როზენტალის  ფილმი „ირიბი სილამაზე“ კი მხატვარ ჯეკს ეშლი მაკნამარაზეა, რომელიც ტრავმირებული ბავშვობიდან ფსიქიატრიული საავადმყოფოს პალატაში მოხვდა, თუმცა მოახლოებული „სიგიჟის“  შეტევა ხელოვნებისთვის,  შემოქმედებისთვისა და იმედისთვის „გამოიყენა“.

ამას წინათ  ReelAbilities–ს ნიუ იორკის „მოძრავის ხატის მუზეუმმაც“ უმასპინძლა. ფრანგულ, ამერიკულ და ისრაელის ფილმებთან ერთად აჩვენეს ირანელი რეჟისორის მორტეზა ფარშბაფის „დატირება“. ფილმი მოგვითხრობს თეირანისკენ მიმავალი სმენადაქვეითებული ცოლ–ქმრის ხიფათებით სავსე მოგზაურობაზე. მათ თან ნათესავი ბიჭუნა ახლავთ. მოგზაურობის დაწყებმადე კი მეუღლეებმა ბავშვს მისი მშობლების უბედური შემთხვევით დაღუპვის შესახებ უნდა აცნობონ. 

ReelAbilities არა მარტო პრიზირებული თუ სხვა ფილმების ჩვენებას, არამედ თეატრალურ, სამუსიკო, საცეკვაო დადგმებს, სადისკუსიო მაგიდებს აწყობს, რათა საზოგადოებამ სსმპ–ის პრობლემები უკეთ გაიგოს, გააცნობიეროს და გაიზიაროს. კინოფესტივალის მიზანია, დაეხმაროს იმ აქტივისტებს, რომლებიც თავიან ქალაქში ამგვარი კინოჩვენებისა და „სხვა“ ადამიანთა არსებობის შესახებ საზოგადოების სათანადოდ ინფორმირებულობის ღონისძიებების მოწყობას მოინდომებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი