კინოხელოვნება

კავკასიური ფილმების ფესტივალი

26 მარტი, 2012 • 1358
კავკასიური ფილმების ფესტივალი

დღეიდან თბილისში კავკასიური ფილმების ფესტივალი იწყება, რომლის ფარგლებშიც ნაჩვენები იქნება ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი, ასევე, ეთნიკურად აფხაზი და ოსი რეჟისორების მიერ სხვადასხვა დროს  გადაღებული  12 ფილმი.
ფესტივალი სამხრეთ კავკასიაში ბრიტანეთის საელჩოების ხელშეწყობით ტარდება. ჩვენებები კი თბილისში, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება.

ფესტივალთან დაკავშირებით დღეს  ბრიტანეთის საელჩოში ბრიტანეთის ელჩმა ჯუდით გოფმა და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა, ლაშა ბაქრაძემ  ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც პრესკონფერენციაზე ლაშა ბაქრაძემ თქვა: „საფესტივალო ფილმების მოპოვება არც ისე მარტივი იყო, კარგი ხარისხით რომ გვეშოვა და  საავტორო უფლებებზეც პრობლემა არ შეგვქმნოდა, თუმცა საბოლოოდ ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო პროგრამა გამოვიდა, რომელიც მოიცავს როგორც ძველ, ისე ახალ ფილმებს. ძირითადად ეს ისეთი ნამუშევრებია, რომელზეც არც თუ ისე ბევრ ადამიანს მიუწვდება ხელი, ფესტივალის გარეშე რომ ნახოს.“

საფესტივალო ფილმებზე ისაუბრა ბრიტანეთის ელჩმაც, რომელმაც თქვა, რომ „საფესტივალო პროგრამაში ჩასმული ძველი ფილმები ერთგვარად ნოსტალგიურია, ვინაიდან თანამედროვეობისგან განსხვავებულ სივრცეშია გადაღებული, როცა კავკასის მცხოვრებნი უფრო მჭიდრო კავშირში იყვნენ ერთმანეთთან და  ხშირად საერთო კულტურულ პროდუქციასაც ქმნიდნენ. ასე, მაგალითად, ფარაჯანოვის ერთ-ერთ ფილმში მთავარ როლს ეთნიკურად ოსი მსახიობი თამაშობს, დღეს კი, მათთან კულტურული კოლაბორაციის მაგივრად, კონფლიქტური სიტუაცია გვაქვს. თუმცა პროგრამა მოიცავს ბოლო პერიოდში გადაღებულ  ფილმებსაც, რომლებიც ერთგვარად იმედის მომცემია“.  
ერთ-ერთი ასეთი, ბოლო წლებში გადაღებული მნიშვნელოვანი სურათი, რომელიც ფესტივალზე იქნება ნაჩვენები, დოვერ კოსაშვილის „დაგვიანებული ქორწინებაა“.

ფილმი მოგვითხრობს 31 წლის ებრაელის, ჭკვიანი და ლამაზი ზაზას და მისი ოჯახის შესახებ, რომელსაც უკიდურესად მნიშვნელოვანი მისია აქვს დაკისრებული – ზაზასთვის კარგი ოჯახიდან გამოსული გოგოს პოვნა, ვინაიდან უკვე დადგა დრო, რომ ზაზამ ოჯახი შექმნას.

დოვერ კოსაშვილი თავადაც თბილისელი ებრაელია, რომლის ფილმებიც, სამწუხაროდ, საქართველოს გარეთ უფრო პოპულარულია, ვიდრე   საქართველოში.

ასევე საინტერესოა 2010 წლის ფილმი, „ძაღლების ისტორია“, რომელიც კონსტანტინოპოლის ქუჩების ბინადარი ძაღლების შესახებ გვიამბობს. ამ მუნჯი ფილმის რეჟისორი საფრანგეთში მცხოვრები და საკმაოდ პოპულარული სომეხი რეჟისორი სერჟ ავედიკიანია.

საფესტივალო პროგრამა მოიცავს 1986 წელს გადაღებულ ვიაჩესლავ აბლოთიას აფხაზურ ფილმს, „სუვენირს“ და მურატ ჯუოსიტის ოსურ ფილმს, „მთიელს“. აფხაზურ ფილმად შეგვიძლია  ჩავთვალოთ ასევე აფხაზი რეჟისორის, ადა კვირაიას ფილმი „ზიარება“, რომელიც  ახალ ათონზე ახალგაზრდა ბერების  ცხოვრებას ასახავს.

როგორც ლაშა ბაქრაძემ თქვა, “ეს ფილმები არაჩვეულებრივი საშუალებაა, ვნახოთ, რა ხდება იქ, სადაც ჩვენ გარკვეული მიზეზების გამო ხელი, თვალი და ყური არ მიგვიწვდება“.

მისივე თქმით, ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საზოგადოების ამ ფილმებით დაინტერესება და მსჯელობისა და დისკუსიის გამართვა მათში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, რის საშუალებასაც იძლევა როგორც ლიტერატურის მუზეუმის სივრცე, ასევე, საფესტივალო პროგრამა, რომელიც დღეში 2 ფილმის ჩვენებას ითვალისწინებს.

ფესტივალი დღეს სერგო ფარაჯანოვის ფილმით, „ბროწეულის ფერით“ გაიხსნება. გახსნის დღეს დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი, შემდეგ დღეებში ჩვენებებზე  დასწრება ნებისმიერ მსურველს სრულიად უფასოდ შეეძლება. ფესტივალი 31 მარტამდე გაგრძელდება. საფესტივალო ფილმების პროგრამის ნახვა შესაძლებელია როგორც ფესტივალის FACEBOOK- ის გვერდზე, ასევე დიდი ბრიტანეთის საელჩოს საიტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი