ხელოვნება

ვაკის პარკის კინომოძრაობის წევრებმა კინოცენტრს მოთხოვნები წერილობით გადასცეს

5 აგვისტო, 2016 • 2213
ვაკის პარკის კინომოძრაობის წევრებმა კინოცენტრს მოთხოვნები წერილობით გადასცეს

დღეს, 5 აგვისტოს, “ვაკის პარკის კინომოძრაობის” წევრები კინოცენტრის დირექტორ ზურაბ მაღალაშვილს შეხვდნენ და  თავიანთი მოთხოვები წერილობით გადასცეს.

ზურაბ მაღალაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ იგი გაეცნობა კინომოძრაობის მოთხოვნებს და სამშაბათს, ან ოთხშაბათს პასუხს გააცნობს.

“რა თქმა უნდა, ჩვენ გავაანალიზებთ მათ მიერ მოწოდებულ წინადადებებს, შევხვდებით სხვა ჯგუფებსაც, არსებობს სხვა მოსაზრებებიც და ვფიქრობ, სამშაბთს, ოთხშაბთს ვუპასუხებთ მათ წერილობით, თუ რა მიმართულებით გავაგრძელებთ მომავალში მუშაობას”, – განაცხადა ზურაბ მაღალაშვილმა.

კინომოძრაობის წევრმა, რეჟისორმა ვახტანგ ჯაჯანიძემ განაცხადა, რომ კინოცენტრს წარუდგინეს თავიანთი მოთხოვნები და მისცეს დრო წარმოდგენილი საკითხების განსახილევლად.

“წარვუდგინეთ შეთავაზებები ლოტოტრონის თუ სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე, მოვითხოვეთ მორატორიუმი ამასთან დაკავშირებით, დაველოდებით ოფიციალურ პასუხს. ჯგუფი აგრძელებს მუშაობას და ნებისმიერ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ ცვლილებებს”, – ამბობს ჯაჯანძე.

კინომოძრაობის წევრებმა წარდგენილ წერილში დააფიქსირეს თავიანთი მოთხოვნები და შეთავაზებები. კინომოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ მოთხოვნები არ გადაიხედება, ხოლო შეთავაზებებს ისინი განიხილავენ.

კინომოძრაობის მოთხოვნებს შორის არის: დაუყონებლივ გაუქმდეს ჟიურის წევრების შერჩევა ლოტოტრონის პრინციპით, მიმდინარე კონკურსებში მონაწილე პროექტების შეფასების თითოეულ ქვეპუნქტში ჟიურის წევრი ვალდებულია წარმოადგინოს არგუმენტირებული და დეტალური შეფასების განმარტება, ჟიურის წევრები ინდივიდუალურად გააკეთებენ საჯარო, ღია წერილობით დასკვნებს,  პროფესინალური არგუმენტაციით, კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ, ყველა კონკურსი გამოცხადდეს ფიქსირებულ, წინასწარ ცნობილი უცვლელი თარიღების მიხედვით.

შეთავაზებები კი ასეთია: გაიზარდოს ფილმების დაფინანსების ბიუჯეტი, ჩამოყალიბდეს  ჟიურის წევრის არჩევის კრიტერიუმები და ახალი წესით შეიქმნას კომპეტენტურ ჟიურისი წევრთა განახლებული სია/ბაზა, ჟიურის წევრობა უნდა გახდეს პრესტიჟული და მაღალანაზრაურებადი საქმიანობა, ერთი სახის კონკურსში ერთდაიგივე ჟიურის წევრის მონაწილეობა შეიზღუდოს ორი წლის ვადით, რათა შემდეგ წელს დაწუნებულ პროექტს მიეცეს შემდეგ წლებში შანსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი