აფიშახელოვნება

5 წლის შემდეგ Set Fest არსებობას წყვეტს – ბოლო ფესტივალი შემოდგომით გაიმართება

3 ივლისი, 2016 • 1812
5 წლის შემდეგ Set Fest არსებობას წყვეტს – ბოლო ფესტივალი შემოდგომით გაიმართება

8-9 ივლისს საიუბილეო, მაგრამ ბოლო Tbilisi Summer Set ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. Set Fest-ის ორგანიზებით ოქტომბერში გამომსამშვიდობებელი კონცერტი გაიმართება, რის შემდეგაც ფროდაქშენი არსებობას შეწყვეტს.

ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, წელს ფესტივალს ორი, პარალელურ რეჟიმში მომუშავე სცენა ექნება: შენობაში მდებარე სცენა ტექნომუსიკას დაეთმობა, ხოლო ღია ცის ქვეშ დადგმული – უფრო მეტად საცეკვაო და ექსპერიმენტულ მიმართულებაზე იქნება ორიენტირებული.

ფესტივალზე ჩამოვლენ ISHOME, ასევე შარშანდელი Summer Set-ის ჰედლაინერი KIASMOS. პოპულარული ჯგუფი KOLLEKTIV TURMSTRASSE, მელანქოლიური EDUARDO DE LA CALLE და ასევე Yoko – ჯამში, ორდღიანი ფესტივალი 30-მდე მუსიკოსს უმასპინძლებს.

Set Fest-ის დამაარსებლებმა ფესტივალის დახურვის გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზის გამო მიიღეს, მათ შორის არის ფინანსური პრობლემები და არათაბარი კონკურენტული გარემო.

“როდესაც ჩვენ ფესტივალის კეთება დავიწყეთ, მსგავსი მასშტაბის ღონისძიების ჩატარება წარმოუდგენლადაც კი ჟღერდა. უკვე დღეს ამ სფეროში უამრავი კონკურენტია, მათ შორის სახელმწიფოც. ჩვენ ძირითადად ბილეთის გაყიდვიდან შემოსულ მოგებაზე ვიყავით დამოკიდებული. ამდენი ღონისძიების ფონზე კი მსმენელის დაკარგვა უკვე ძალიან ადვილია”,-ამბობს ფესტივალის პიარმენეჯერი ნიკა დვალიძე.

ნიკა დვალიძის თქმით, სპონსორის პოვნის მიუხედავად, ფესტივალის გაგრძელებას აზრი ეკარგება. ორგანიზატორების გადაწყვტილებით, შემოდგომით გამართული ღონისძიებით ფესტივალი არსებობას შეწყვეტს, თუმცა იმედს იტოვენ, რომ დროთა განმავლობაში შეძლებენ, ბრენდი განახლებული სახით დააბრუნონ მუსიკალურ ბაზარზე. SET FEST 2012 წელს დაარსდა. ის ჯერ ბათუმში, ხოლო შემდეგ თბილისში იმართებოდა.

კულტურის სფეროში მომუშავე კერძო კომპანიები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს არაკონკურენტული გარემოს ხელშეყობაში მას შემდეგ ადანაშაულებენ, რაც სამინისტროს ინიციატივით ახალი სახელმწიფო პროექტი, Check in Georgia ამოქამედდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი