ხელოვნება

გზა ფერეიდნიდან ვარკეთილის სახელოსნომდე

19 იანვარი, 2012 • 2567
გზა ფერეიდნიდან ვარკეთილის სახელოსნომდე

ალი ასლანიშვილი
ალი ასლანიშვილი

მხატვარი ალი ასლანიშვილი 15 წლის იყო, როცა ფერეიდანი დატოვა. დღეს ვარკეთილში, საცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულზე მოწყობილ სახელოსნოში საკუთარი ცხოვრება, განცდები და ემოციები ნახატებში გადააქვს.

“ჩემს ბავშობაში ირანში ერთგვარი თავშეყრის ადგილი ჰქონდათ უფროსებს – ყალას კარი, სადაც მნიშვნელოვან თემებზე საუბრობდნენ და დისკუსიებს მართავდნენ. მაშინ გავიგონე პირველად საქართველოს შესახებ, ვინ ვიყავით, საიდან მოვდიოდით, რა წარსული გვქონდა და რატომ არ ვცხოვრობდით  იმ ქვეყანაში. შემდეგ ჩემს ოცნებებსა და ფანტაზიებში წარმოვიდგინე ჩემი ნამდვილი სამშობლო. მეგონა, ყოფითი ცხოვრება მათზე არ ვრცელდებოდა, იმ შორეულ ქვეყანაში ზებუნებრივი ადამიანები ცხოვრობდნენ.”

ალის საქართველოში ზებუნებრივი ადამიანები არ დახვედრია, თუმცა დღემდე აკვირვებს, თუ როგორ განსხვავდება მამაკაცების დამოკიდებულება ქალების მიმართ სუფრაზე და რეალურ ცხოვრებაში.

ძირითადად, ხატავს პეიზაჟებს, თუმცა სახელოსნოს კედლები იმპრესიონისტული და აბსტრაქტული ნამუშევრებით არის სავსე.

თბილისსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში მისი პერსონალური გამოფენა ექვსჯერ მოეწყო.

მხატვრის თქმით, ხატვა მუდმივი ძიებაა, თუმცა მას ყველაზე წმინდა საქმედ მეფუტკრეობა და მევენახეობა მიაჩნია.

“ხშირად დავდივარ ალპურ ზონებსა და ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანები იშვიათად ხვდებიან, იქ სულ სხვა სამყაროა და ვცდილობ, ის განცდები ნახატებში ავსახო. როცა ცხოვრების რთული ეტაპები მაქვს, ყველაფერს თავს ვანებებ და სოფელში მივდივარ, იქ ყველაფერი ნამდვილი და ბუნებრივია.”

საქართველოში 1979 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და გურჯაანში დასახლდა.  იმ წელს საქართველოში, ასლანიშვილების ოჯახის გარდა, კიდევ ოცი ოჯახი გადმოსახლდა.

როგორც მხატვარი ამბობს, ირანში მცხოვრებმა ქართველმა ახალმა თაობამ,  ძველ თაობასთან შედარებით, ქართული უკეთესად იცის.

“ახალ თაობაში ქართულად ლაპარაკი, ასე ვთქვათ, მოდაშია შემოსული,  მათ ისწავლეს თანამედროვე სიტყვები და მოწონთ, როცა იმ ენაზე ლაპარაკობენ, რომელიც იქ არავის ესმის. მიუხედავად იმისა, რომ ირანში ყველაფერი ქართული აკრძალულია,  ისინი სატელიტური ანტენების მეშვეობით,  რომლებზეც ტენტები აქვთ გადაფარებული,  ფარულად ქართული არხების დაჭერასა და გადაცემების მოსმენას ცდილობენ.”

ქართველები ირანის ოთხ რაიონში– მაზადაბარში, შირაზში, ხორასანსა და ფერეიდანში– ცხოვრობენ. დღეს ქართული ენა მხოლოდ ფერეიდანშია შემორჩენილი.

ალი ასლანიშვილის თქმით, კონტაქტი ირანსა და საქართველოში გადმოსახლებულ ქართველებს შორის არასოდეს შეწყვეტილა, ისინი ნათესავებსა და მეგობრებთან ინტერენეტისა და ტელეფონის საშუალებით კონტაქტობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი