ხელოვნება

თბილისის ოპერის მეგობართა საბჭო

19 დეკემბერი, 2011 • 1241
თბილისის ოპერის მეგობართა საბჭო

დღეს “თბილის მერიოტში” “თბილისის ოპერის მეგობართა საბჭოს” დაფუძნების ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. საბჭოს საპატიო თავმჯდომარედ თბილისის მერი გიგი უგულავა აირჩიეს.

“თბილისის ოპერის მეგობართა საბჭოში” აკუმულირებული თანხები საგანმანათლებლო პროექტებს, მუსიკოსების და  დასის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების საზღვარგარეთ სტაჟირებას, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე გამგზავრებას, საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობას, სხვადასხვა ქვეყნების საოპერო თეატრებთან ურთიერთობების დამყარებას და მუსიკალური საკრავების ტექნიკურ მომსახურებას მოხმარდება.

“არსებობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ფონდი, რომელიც ჯანსუღ კახიძის მიერ იყო ჩამოყალიბებული. ფონდი ჯანსუღ კახიძემ მაშინ ჩამოაყალიბა, როდესაც ოპერას ძალიან გაუჭირდა ეკონომიკურად. მე მინდოდა, ის ჩანაფიქრი, რომელიც მან დაიწყო, სიმბოლურად აღმედგინა”, – განაცხადა ოპერისა და ბალეტის თეატრის გენერალურმა დირექტორმა დავით საყვარელიძემ.

დავით საყვარელიძის თქმით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ფინანსური მდგომარეობა ბოლო წლების მანძილზე არ შეცვლილა, თეატრის დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან იგივეა, რაც წინა წლებში, თუმცა დამატებითი თანხების მოსაზიდად 2011 წლის მაისში საბჭო ოფიციალურად ჩამოყალიბდა:

“პირადად ბატონი ნიკა რურუას დამსახურებაა, რომ ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ჩვენი დაფინანსება სახემწიფოს მხრიდან არ შემცირებულა, თუმცა მთელს მსოფლიოში, ევროპასა თუ ამერიკაში, ყველა ცივილიზებულ თეატრს ჰყავს ასეთი მეგობართა წრე, რომელიც ზრუნავს, სახელმწიფოს მიერ გაღებულ ფულს უმატებს თანხებს და ჩვენც ჩამოვაყალიბეთ”, – აღნიშნა დავით საყვარელიძემ.

“საბჭოს წევრობა საპატიო მისიაა და, შესაბამისად, ასეთი პრივილეგია მხოლოდ რჩეულთა ხვედრი იქნება”, – ნათქვამია ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ დოკუმენტში. რჩეულთა შორის ერთ–ერთი მათგანი ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია, რომელიც, როგორც თავად აღნიშნავს, ბოლო სამი წლის განმავლობაში ბიზნესითაა დაკავებული:

“წელს, გაზაფხულზე, მოვიდა ჩემთან ბატონი დავით საყვარელიძე შემოთავაზებით, რომ ვიყო ერთ–ერთი სპონსორი. ნებისმიერ ბიზნესმენს, რომელსაც ექნება სურვილი, დაეხმაროს ოპერას, შეუძლია შემოგვიერთდეს. კონკრეტულად ვერ დავასახელებ, მაგრამ ჩემ მიერ გაღებული თანხა არ იქნება ცოტა. მე თანხების გადანაწილებაში ჩართული არ ვიქნები, თუმცა გარკვეული მონიტორინგი იქნება, ფონდს ეყოლება თავმჯდომარე, რომელიც საბჭოსთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებებს”

დავით კეზერაშვილის განცხადებით, ის თანხებს მოზიდვასთან ერთად პირადი ანგარიშიდანაც გაიღებს. მისი თქმით, ამ საკითხებზე რამდენიმე შეხვედრა გასული 8 თვის განმავლობაში უკვე შედგა.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას დავით საყვარელიძემ ყველა ის ორგანიზაცია, მედიასაშუალება თუ საელჩო ჩამოთვალა, რომლებმაც სხვადასხვა კუთხით ოპერას დახმარება გაუწიეს. თუმცა ვრცელ ჩამონათვალში “ქართუ ჯგუფი” არ ყოფილა. მოგვიანებით საუბრისას დავით საყვარელიძემ აღნიშნა, რომ “ქართუ ჯგუფის” საქმიანობა საბჭოს საქმიანობასთან არანაირ კავშირში არაა:

“ჩვენ ყოველდღიური თანამშრომლობა გვაქვს “ქართუსთან”, უბრალოდ ისინი ისეთ საქმიანობაში, რაც დღეს ხდება, მონაწილეობას არ იღებენ. რასაც აკეთებენ, არის ქველმოქმედება და არა სპონსორობა, ამიტომ არ ითხოვენ ჩვენი მხრიდან სამაგიეროს გადახდას, რეკლამის ან პრესაში გაშუქების სახით.”

“ქართუ ჯგუფმა” პრეზენტაციაზე მადლობა გიგი უგულავას მხრიდან დაიმსახურა:

“მე პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ნებისმიერი ფონდი არემონტებდეს ოპერას, ამ შემთხვევაში “ქართუს” ვგულისხმობ. ის, თუ რატომ არ არის შეხვედრაზე, იმიტომ, რომ მე აქ ერთადერთი პოლიტიკოსი ვარ, რადგან ვარ მერი და საერთაშორისო ტრადიციის თანახმად მერი არის საბჭოს თავმჯდომარე. პოლიტიკოსები არ აკეთებენ კონტრიბუციას, კონტრიბუციას აკეთებენ ბიზნესმენები. ვინც გადაწყვეტს, რომ პოლიტიკაში იყოს, შესაბამისად, ამ საქმეს, როგორც ბიზნესმენი, ვეღარ გააგრძელებს. სხვა მხრივ, მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ მადლობა გადავუხადო ნებისმიერ იმ ადამიანს, ვინც აფინანსებს სხვადასხვა ძეგლების რესტავრაციას, ამ შემთხვევაში ოპერას ვგულისხმობ”

გიგი უგულავამ ხაზი გაუსვა, რომ ეს განცხადება იქიდან გამომდინარე გააკეთა,  დარბაზში უხერხულობა რომ აღარ ყოფილიყო:

“მე ყველაფერი ვთქვი. დარჩენილია საქმე, რომელიც ბევრ სიკეთეს მოიტანს და კარგია, რომ ამ სიკეთის შექმნაში “ქართუს” ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა”, – განაცხადა თბილისის მერმა.

“ქართუ ჯგუფი”, რომლის დამფუძნებელიც ბიძინა ივანიშვილია, ოპერის შენობის რეაბილიტაციას 2009 წლიდან აფინანსებს. ამ წელს თეატრის თანამშრომელთა სოციალური დახმარებისთვის 625 400 ლარი გადაირიცხა, ხოლო 2010 წელს – 623 400 ლარი. იმავე წელს ივანიშვილმა თეატრის შენობის რეაბილიტაციისთვის 2 337 600 ლარი გაიღო.

როგორც თეატრის გენერალურმა დირექტორმა, დავით საყვარელიძემ განაცხადა, დაფინანსება არ შეწყვეტილა, სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და ოპერის შენობა 2013 წლისთვის გაიხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი