კინოხელოვნება

კინო ბათუმში

15 დეკემბერი, 2011 • 5995
კინო ბათუმში
პირველი კინოთეატრი ბათუმში გასული საუკუნის 10-იან წლებში გამოჩნდა, თუმცა პირველი კინოსურათი  კიდევ უფრო ადრე, 1907 წელს, აჩვენეს. წელს კი ბათუმის ყველაზე ძველი კინოთეატრი –  “აპოლო” ასი წლის გახდა. ძველ ბათუმში არსებულ კინოთეატრებსა და მათ შემდგომ ბედზე “ბათუმელებს”  ბათუმის ისტორიაზე მომზადებულ დოკუმენტურ გადაცემათა ციკლის –  “სახლი ბათუმში”–  სცენარის ავტორი და რეჟისორი, შოთა გუჯაბიძე ესაუბრა.

_ როდის გამოჩნდა ბათუმში პირველი კინოთეატრი?
_ პირველი კინოჩვენება ბათუმში 1907 წელს გაიმართა მაშინდელ დონდუკოვ-კორსაკოვის ქუჩაზე, კინოთეატრ „ილუზიონში”. როგორც ცნობილია, უჩვენებიათ სააგიტაციო ფილმი სოციალისტური იდეებით და  ამან, ცოტა არ იყოს, შეაშინა ხელისუფლება. კინემატოგრაფია ახალი ხილი იყო და მაშინ ხშირად ასოცირდებოდა ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებთან. ისტორიკოსი ოთარ გოგოლიშვილი მიამბობდა, რომ არსებობს ბათუმის ქალაქის თავის, ანდრონიკაშვილის მისამართით გაგზავნილი წერილები, სადაც მერს უხსნიან, რომ კინემატოგრაფია არ არის საშიში ხელისუფლებისთვის და კინოთეატრის გახსნის ნებართვას სთხოვენ.

„ილუზიონი” კი პირველი სტაციონარული კინოთეატრი არ ყოფილა. პირველ კინოთეატრად შეგვიძლია „აპოლო” მივიჩნიოთ, რომლის მფლობელის გვარი იყო ბროვალი.

კინოთეატრი აპოლო
კინოთეატრი აპოლო

1911 წლამდე „აპოლო“ არ ჩანს,  1911 წლის იანვარში მიხეილ გლაუდანის მიერ გადაღებულ ფოტოებზე კი ვხედავთ კინოთეატრ „აპოლოს” და კინოაფიშები ჩნდება ადგილობრივ პრესაშიც. ასე რომ,  წელს ასი წელი შესრულდა, რაც ბათუმს საკუთარი კინოთეატრი აქვს, საუკუნოვანი ისტორიით. ალბათ, არც ისე ბევრი კინოთეატრია მსოფლიოში, რომელსაც ასი წლის მანძილზე არ შეუცვლია დანიშნულება და აშენებიდან დღემდე კინოთეატრად დარჩა.

_  იყო თუ არა სხვა კინოთეატრები ბათუმში „აპოლოსა~ და “ილუზიონის” გარდა?
_ 1911-1921 წლებში ბათუმში შვიდი კინოთეატრი იყო. „აპოლო”, რომლის მფლობელი იყო ბროვალი, შემდგომში თანამფლობელი გახდა სხირტლაძე, „ილუზიონი”, „ლირა”, რომლის მფლობელები იყვნენ შვედი ძმები იაკობსონები, „პალასი”, „პიკალიდი” (შემდგომში „ოქტომბერი”), „ტრიუმფი” _ მაზნიაშვილისა და ახმეტელის ქუჩების კვეთაში, რომელიც გერმანელ ქალს, მარია იუნგს ეკუთვნოდა და „რელიგიონი“, რომელიც იდგა ახლანდელი დრამატული თეატრის წინ, სადაც დღეს ნეპტუნის ქანდაკება დგას. „რელიგიონს” ორი დარბაზი ჰქონდა, დახურული დ საზაფხულო, რომელიც 400-ზე მეტ მაყურებელს იტევდა.

ყველა კინოთეატრი თავისებურად ცდილობდა მაყურებლის მიზიდვას. მაგალითად, „ბათუმის გაზეთში” „აპოლოს” აფიშაზე ვკითხულობთ _ „საუკეთესო სათეატრო შენობა მთელს ბათუმში. მუდამ სუფთა და ახალი ჰაერი, რაც ყველაზე უფრო საყურადღებოა ჯანმრთელობისთვის.” გაზეთის ამავე გვერდზეა განთავსებული „რელიგიონის” სარეკლამო აფიშა, რომელიც იუწყება, რომ „რელიგიონი“ არის „საუკეთესო სათეატრო შენობა მთელს ბათუმში, ცეცხლის წაკიდებისაგან უზრუნველყოფილია” („ბათუმის გაზეთი“, 1911 წლის 3 აგვისტო #17)

ყველა კინოთეატრი კერძო საკუთრებას წარმოადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კინოთეატრებს მაყურებელი ჰყავდა, სხვაგვარად ვერ იარსებებდნენ.

_ რა სიხშირით იმართებოდა კინოსეანსები?
_ მაგალითად, „აპოლოში“ კინოს ყოველდღე აჩვენებდნენ, ამას აფიშებზეც ვკითხულობთ, სადაც წერია: „დღეს და ყოველდღე”. შესაძლოა, რომელიმე კინოთეატრში კვირაში ერთხელ იყო კინოსეანსი, მაგრამ შვიდი კინოთეატრი ქალაქში, რომლის მცხოვრებთა რაოდენობა 30-40 ათას ადამიანს არ აღემატებოდა, ცოტა არ არის.
-რა ფილმებს აჩვენებდნენ კინოთეატრებში?
-აფიშებიდან, ყველაზე მეტად რაც დამამახსოვრდა, ეს არის დავით სარაჯიშვილის დაკრძალვის ქრონიკა: „ელექტროთეატრი „აპოლო“ პარასკევიდან ახალი სურათების გარდა აჩვენებს შესანიშნავ და საუცხოვო სენსაციურ სურათს დაკრძალვა დიდებული საზოგადო მოღვაწისა და ქველმოქმედის, დავით სარაჯიშვილისა” –  წერია აფიშაზე. საკმაოდ ხშირად აჩვენებდნენ კინოთეატრებში დოკუმენტურ ქრონიკას.

ასევე, აფიშებიდან ვიცით, რომ „აპოლოში” აჩვენებდნენ მხატვრულ ფილმს, „მაცდური სინათლე” _ „ტრაგედია ხუთ ნაწილად. დაჩაგრული გული. განსაკუთრებული ანსამბლი. „მაცდური სინათლე ეს არის ნიშნები სინამდვილეში მთელი მისი ფსიქოლოგიური ანალიზით ადამიანის გრძნობათა და სულიერი განწყობილებათა წმინდა ნიუანსების განსახიერება. ცნობილი ტრაგიკის რუდოლფ შილდკრაუტის თამაშობა სტოვებს არაჩვეულებრივ შთაბეჭდილებას” (ამონარიდი აფიშიდან. სტილი დაცულია).

_ რა ბედი ეწია ამ კინოთეატრებს ბათუმის გასაბჭოების ანუ 1921 წლის შემდეგ?

_ გასაბჭოების შემდეგ კინოთეატრები დარჩა. მართალია, ისინი მფლობელებს ჩამოართვეს, მაგრამ ფუნქცია არ დაუკარგავთ. 30-იან წლებში წავიდა ახალი ტენდენცია, ძველი კინოთეატრები დარჩა, მაგრამ სახელები განაახლეს, „აპოლოს“ „ინტერნაციონალი“ ეწოდა, „პიკალიდს“ „ოქტომბერი“, გამოჩნდა კინო „კომკავშირელი“, „პიონერი“ და ასე შემდეგ.

კინოთეატრების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. საბჭოთა პერიოდში 22 კინოთეატრი არსებობდა ბათუმში, ყველა  კინოთეატრი არ ყოფილა, მაგრამ კინოთეატრის ფუნქცია პარალელურად ჰქონდათ შეთავსებული კლუბებს. მაგალითად, ოფიცერთა სახლში იყო კინოკლუბი, სადაც ფილმებს აჩვენებდნენ. ჩვენება ყოველდღე არ იმართებოდა, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც. მაგალითად, ე.წ. „მასწავლებელთა სახლში“, პატარა დარბაზში, კინო დაჭმუჭნულ ზეწარზე გადიოდა, მაგრამ გადიოდა „როკო და მისი ძმები“, ტარკოვსკის ფილმები, ალბათ, დასახიჩრებული ვერსია, მაგრამ კინემატოგრაფის სულს იგრძნობდი. დიდ დარბაზებში კი ძირითადად ინდური კინოს ბუმი იყო, ეს ძალიან შემოსავლიანი იყო და მაყურებელიც ჰყავდა.

– 90-აინ წლებში სად გაქრა ეს კინოთეატრები?
_ მერე კინოსთვის არავის ეცალა, არც კინოს გადასაღებად, არც საყიდლად და არც საჩვენებლად. კინოთეატრებში სახაშეები და ბორდელები გაიხსნა. ჯერ კიდევ საბჭოთა დროში გამოჩნდა ვიდეოსალონები, ავტობუსებში აჩვენებდნენ ფილმებს, ეს ერთგვარად შეიძლება კინემატოგრაფის შიმშილსაც უკლავდა ხალხს, მაგრამ ამან გამოიწვია ის, რომ ერთი თაობა მაინც მივიღეთ, რომელიც მოწყდა კინოს. ამჟამად ბათუმში მხოლოდ ერთი კინოთეატრია– „აპოლო”. კინოთეატრს ერთი ლირიკული ამბავიც უკავშირდება, რომელიც მოსკოვში მცხოვრებმა ბათუმელმა ფოტოკოლექციონერმა, მიხეილ ალშიბაიამ მიამბო: ბაბუამისი ყაზანის საიმპერატორო სასწავლებლის დასრულების შემდეგ კავკასიის ფრონტზე გაუწვევიათ და 1916 წელს პირველად ჩამოსულა ბათუმში. დღიურში პირველივე დღეს აღწერს, როგორ ჩამოვიდა ბათუმში რკინიგზით, სადგურში მეგობარი დახვედრია და საღამოს წასულან კინოთეატრის ბაღ-რესტორანში. ეს კინოთეატრი „აპოლო“ იყო, ფოიეში იყო რესტორანი, იდგა როიალი, რომელზეც ქალი უკრავდა და მღეროდა, ეს წინ უძღოდა კინოს ჩვენებას. მიხეილ ალშიბაიას ბაბუას გვერდით მაგიდაზე შეუნიშნავს კამპანია და „ერთი მზეთუნახავი” (ასე ჩაუწერია მას თავის დღიურში). ოფიციანტის ხელით გაუგზავნია წერილი ამ „მზეთუნახავისთვის” და ბათუმის ბულვარში სასეირნოდ მიუწვევია მეორე დღეს. ეს ქალბატონი გახდა შემდგომში მიხეილ ალშიბაიას ბებია. მიხეილის ბაბუა ბათუმში დარჩა და აქ ცხოვრობდა. ასე შეცვალა ბათუმის „აპოლომ” ერთი ადამიანის ბედი ქალაქში ჩამოსვლის პირველივე დღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი